სიახლეები ”ზესტაფონი”-დან.
2008 წლის 11 ივნისს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონ”-მა, რომელიც უეფა-ს თასის გათამაშებაში დებიუტისათვის ემზადება, დაასრულა ევროტურნირისათვის მზადების პირველი, ბაკურიანული ეტაპი. მომზადების მეორე ეტაპი დაიწყება 14 ივნისს და გაიმართება დაბა ურეკში.
ამავე დროს, კლუბში მიმდინარეობს აქტიური მუშაობა გუნდის გასაძლიერებლად. საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონ”-მა გააფორმა სამწლიანი კონტრაქტები ორ კამერუნელ ფეხბურთელთან - 26 წლის მცველ ფრიდოლინ ბოიომოსთან და 23 -წლის თავდამსხმელ ერიკ რომეო ჩასემისთან, რომლებიც ბოლო 2 წლის მანძილზე ბოლნისის ”სიონი”-ს ღირსებას იცავდნენ.
ზესტაფონის ცენტრალურ სტადიონზე კი კვლავაც მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები, რომლებსაც, იმის მიუხედავად, რომ სტადიონი დღემდე კლუბის საკუთრება არაა, მთლიანად საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს ხელმძღვანელობა აფინანსებს. როგორც მოგეხსენებათ, ივნისის ბოლოს ზესტაფონში ელოდებიან უეფა-ს წარმომადგენლობით კომისიას, რომელმაც უნდა შეისწავლოს უეფა-ს ეგიდით გასამართი მატჩების ზესტაფონის არენაზე გამართვის შესაძლებლობა და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
სამუშაოები ძალიან სწრაფი ტემპით, სადღეღამისო რეჟიმში, მიმდინარეობს და მშენებელთა მტკიცებით - ზესტაფონის ცენტრალური სტადიონი სტუმრებს სრულ მზადყოფნაში დახვდება !
|