09.06.2008

 

ინტერვიუ ილია კოკაიასთან

გასაქცევად გამზადებული ფეხბურთელი არ გვჭირდება ...

 

ოთხწლიანი იმედებისა და იმედგაცრუებების შემდეგ, იმერულმა კლუბმა ტიტული მოიპოვა და საქართველოს თასს დაეუფლა... საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს პრეზიდენტი ილია კოკაია წარმატებით უზომოდ ბედნიერია და განვითარების გეგმებს ადგენს.

 

- როგორც იქნა, საქართველოს თასს დაეუფლეთ და თქვენთან ერთად ზესტაფონელებმაც ამოისუნთქეს. განცდა მშვენიერია, მომავალი როგორია ?

- მომავალი გაცილებით რთულია. მიღწეული უნდა შევინარჩუნოთ და გაცილებით მეტისთვისაც ბრძოლა გვევალება. მთავარი საქართველოს თასის ან ჩემპიონობის მოპოვებაც არაა. ამას წარმატებად არავინ ჩაგვითვლის. მიზანი ევროტურნირებზე წარმატებით გამოსვლაა და მე მხოლოდ ერთი ან ორი წრის გასვლას არ ვგულისხმობ.

- მთავარი მართლა არ არის ევროსაგზურის მოპოვება. მთავარია, ტურნირში ქვეყანას როგორ წარმოადგენთ. გულახდილად გვითხარით, დღევანდელი ”ზესტაფონი”-თ ამის იმედი გაქვთ ?

- ამ გუნდით სერიოზული წარმატების მიღწევა ძნელი იქნება. ჯერ ერთი, ჩვენ ევროტურნირებზე მონაწილეობის გუნდური გამოცდილება არ გაგვაჩნია. ვითამაშეთ ”ტობოლ”-თან და შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ მცირედი გამოცდილება შევიძინეთ. შარშანდელი ინტერტოტო მხოლოდ ამით იყო პოზიტიური მოვლენა. თუმცა, უეფა-ს თასზე სულ სხვა დონის მეტოქეები გვეყოლება, სულ სხვა დატვირთვები, სიჩქარეები და სირთულეებია. ამას კი შესაბამისი მომზადებაც სჭირდება. ჩვენ საკუთარ შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ. საუბედოროდ, მაგალითი არ გვყავს.

ძველ ”დინამოს” არ ვგულისხმობ. დღევანდელი ქართული კლუბებიდან წარმატებული გამოსვლით, ჩვენდა სამწუხაროდ, თავს ვერავინ მოიწონებს. მხოლოდ ორჯერ იყო, როდესაც ისევ თბილისის ”დინამომ” მოახერხა უეფა-ს თასზე რამდენიმე ეტაპის გავლა, ოთხი წლის წინათ კი, ჯგუფურ ტურნირზე მოხვედრა.

- ”ტობოლ”-თან გამოვარდნის ერთ-ერთი მიზეზი მატჩის თბილისში ჩატარებაც ხომ არ იყო? სულ სხვა განცდაა, როდესაც მშობლიური სტადიონის გადაჭედილი ტრიბუნები გგულშემატკივრობენ. რამდენად რეალურია, უეფა-ს თასის პირველ მატჩამდე ზესტაფონის სტადიონმა მკაცრი მოთხოვნები დააკმაყოფილოს ?

- ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ პრობლემები დროულად მოვაგვაროთ. მუშაობა უკვე დაწყებულია. სტადიონის რეკონსტრუქცია ორ ეტაპად წარიმართება. პირველ ეტაპზე შევეცდებით, უეფა-ს მინიმალური მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ და წლევანდელ ტურნირს სახლში ვუმასპინძლოთ. მეორე ეტაპზე კი გენერალური რეკონსტრუქცია დავგეგმეთ. ეს აუცილებლად მოხდება, რადგან ზესტაფონში ევროპული დონის სტადიონი გვქონდეს. ამის გარდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.

- ამჟამად, რა ცვლილებებია შემადგენლობაში მოსალოდნელი ?

- ”ზესტაფონ”-ს ჰაერივით სჭირდება გაძლიერება, ახალი მოთამაშეების დამატება და ამ კუთხით ვმუშაობთ. თემურ მახარაძემ უკვე დაიწყო ამ თვალსაზრისით მუშაობა, ვფიქრობ, სერიოზული დანაკლისი არ იქნება. რამდენიმე მოთამაშეს კონტრაქტი დაუმთავრდა და მახარაძის გადასაწყვეტია, რომლის დატოვება უღირს და რომლის არა.

- როგორც ვიცით, კონტრაქტები ედიკ საჯაიასა და შალვა ღონღაძეს უმთავრდებათ ?

- ღონღაძეს კონტრაქტი ჯერ არ დასრულებია და რჩება. საჯაიას კი დაუმთავრდება ორ თვეში. მან უნდა გადაწყვიტოს, უღირს თუ არა დარჩენა. საერთოდ, ჩვენი პრინციპია - თუკი გრძელვადიანი კონტრაქტი არ აქვს მოთამაშეს, მისი დატოვება არ გვიღირს.

- როგორ გადაწყდა გოგი ფიფიას საკითხი ...

- მისი გადასაწყვეტი იყო, დარჩებოდა თუ არა. ”ზესტაფონ”-მა თავიდანვე განსაზღვრა საკადრო პოლიტიკა. ჩემოდანზე დამჯდარ მოთამაშეებს ვერ ავიტანთ.

- სამწუხაროდ, დღეს ყველა ამბიციური ფეხბურთელი საქართველოში ჩემოდანზე ზის.

- სამუშაოა ეს ყველაფერი. თუკი ფეხბურთელებს ამ აზროვნებას არ შევუცვლით, არაფერი გვეშველება. მათ თავად არ უნდა აწყობდეთ არასტაბილურობა, მუდმივად სხვაგან საქმეს გულს ვერ დაუდებენ. რაც შეეხება ფიფიას, დაელოდოს კონტრაქტის დასრულებას და წავიდეს ან გადაიხადოს კონტრაქტის საფასური და დავემშვიდობებით. სხვათაშორის, გასაოცარია - უცხოელები ”ზესტაფონ”-ში უფრო გულით თამაშობენ და ვარჯიშობენ, ვიდრე ბევრი ქართველი. ეს ეტყობათ კიდეც.

- ”ზესტაფონი”-ს ბაზის მშენებლობას როდის იწყებთ ?

- მთავარია, მიწის საკითხი გადაწყდეს და მშენებლობას ეგრევე დავიწყებთ.

 

გაზეთი ”ლელო”

   
FC ZESTAFONI © 2005