05.06.2008

 

მზადება და მშენებლობა.

 

როგორც მოგეხსენებათ, საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” მიმდინარე წლის ივლისში უეფა-ს თასის გათამაშებაში მონაწილეობისათვის ემზადება. 5 ივნისს საფეხბურთო კლუბის ”ზესტაფონი”-ს პირველმა გუნდმა დაიწყო ევროდებიუტისათვის მზადება.

საზაფხულო ბატალიებისათვის ეროვნული თასის მფლობელთა საუკეთესოდ მომზადებისათვის, გუნდის ხელმძღვანელობას დაგეგმილი აქვს სამი მოსამზადებელი ეტაპის გამართვა. მომზადების პირველი ეტაპი, რომელიც დაბა ბაკურიანში დღეიდან მიმდინარეობს, მიზნად ისახავს საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს ფეხბურთელთა სამედიცინო შემოწმებას და მათ ფუნქციონალურ კონდიციებზე მუშაობას.

მომზადების მეორე ეტაპის გამართვა დაგეგმილია დაბა ურეკში, ხოლო ამის შემდეგ საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” მომზადების მესამე ეტაპის გასავლელად გაემგზავრება თურქეთის რესპუბლიკაში.

ამასობაში კი ზესტაფონის ცენტრალურ სტადიონზე გაჩაღებულია სარემონტო სამუშაოები, რომლებიც მიზნად ისახავენ არენის უეფა-ს მკაცრ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანას. როგორც მოგეხსენებათ, ივნისის ბოლოს ზესტაფონში ელიან უეფა-ს მაღალ კომისიას, რომელმაც საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს ზემო იმერეთში უეფა-ს მატჩის გამართვა-არგამართვის საკითხი. მშენებლების წინაშე დასმულია ურთულესი ამოცანა - ერთ თვეზე ნაკლებ ვადაში ზესტაფონის ცენტრალური სტადიონის ტრიბუნებზე უნდა დამონტაჟდეს 4 000 -მდე ინდივიდუალური სკამი, უნდა გარემონტდეს აბანო-გასახდელები და მთლიანად სტადიონის სპორტული კომპლექსი, უნდა გაკეთდეს მაღალი დონის სამუშაო დარბაზი მედიის მუშაკთათვის, სტადიონი უნდა აღიჭურვოს ინტერნეტთან დასაკავშირებელი და სხვა სახის კომუნიკაციებით და ა.შ.

ზესტაფონში იმედოვნებენ, რომ, მიუხედავად დასახული ამოცანის სირთულისა, მაინც მოახერხებენ საჭირო სამუშაოების დათქმულ ვადაში დასრულებას ...

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005