29.05.2008

 

ინტერვიუ ედიკ საჯაიასთან.

ასეთი მინდვრები არსად მინახავს ...

 

საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში გამოსარჩევი ფეხბურთელები თითზე ჩამოსათვლელები არიან. ერთ-ერთი მათგანი ”ზესტაფონი”-ს მცველი ედიკ საჯაიაა, რომელიც ”სარბიელმა” ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა. საჯაიამ ”ზესტაფონ”-ში მეორე სეზონი მოილია, მანამდე სხვა ქართულ კლუბებშიც უთამაშია, თუმც, მის კარიერაში უცხოური კლუბებიც ყოფილა - მოსკოვის ”ტორპედო”, ტულის ”არსენალი”... საჯაიას გუშინ შევეხმიანეთ და ინტერვიუ ვთხოვეთ ...

 

- დიდი მადლობა ”სარბიელს”, ძალიან მესიამოვნა !

- როგორ შეაფასებდი განვლილ სეზონში საკუთარ თამაშს ?

- ჩემს თავზე ვერაფერს განსაკუთრებულს ვიტყვი. ვფიქრობ, ნორმალურად, საშუალო დონეზე ვითამაშე.

- გუნდის თამაშზე რას იტყვი ?

- გუნდის თამაშს დადებითად, უფრო დამაკმაყოფილებლად შევაფასებდი. საქართველოს თასის მოგებით უეფა-ს თასის საგზური მოვიპოვეთ, ჩემპიონატში მესამეზე გავედით, თუმც, ვფიქრობ, მეტიც შეგვეძლო.

- და რამ შეგიშალათ ხელი უკეთესი შედეგის მიღწევაში ?

- პირადად მე ”მთავარ დამნაშავედ” მაინც მინდვრის საფარს მივიჩნევ.

- ეგ დიდი პრობლემაა, მაგრამ თქვენი მეტოქეებიც ხომ იგივე სტადიონებზე თამაშობდნენ ?

- კი, მაგრამ გააჩნია, ვინ როგორ არის შეგუებული. ნორმალურ საფარზე არც ერთ ძლიერ მეტოქესთან არ წაგვიგია, ქულებიც სწორედ ისეთ საფარზე დავკარგეთ, სადაც თამაში შეუძლებელია, თანაც ისეთ გუნდებთან, რომელთანაც ქულები არ უნდა გაფლანგო. საქართველოში რომ მინდვრებია, ასეთი არსად მინახავს. ერთხელ დისკვალიფიკაციის გამო უმაღლესი ლიგის თამაში გამოვტოვე და ”ზესტაფონი-2”-ში ვითამაშე პირველ ლიგაში ... იქ ისეთი მინდვრებია, თამაში საერთოდ არ უნდა ტარდებოდეს...

- ჩემპიონატის დონეზე რას იტყვი, როგორ იყო უცხოეთში შენს წასვლამდე და ჩამოსვლის შემდეგ ?

- ჩემი აზრით, საქართველოში ჩემპიონატი მაშინ უფრო ძლიერი იყო.

- და რამ გამოიწვია დონის დაცემა ?

- ყველაფერმა. იგივე საფარის უვარგისობამ, მოუმზადებლობამ, პირობებმა ... ახალგაზრდა ფეხბურთელებს თვალი გაქცევაზე უჭირავთ, 25 წლის შემდეგ ვეტერანი ხარ და შენც გაქცევაზე ფიქრობ. ჩვენი ჩემპიონატი თანდათან ბავშვთა ფეხბურთს ემსგავსება. ფინანსურად უარესი მდგომარეობაა, ორი-სამი გუნდის გარდა, ყველას უჭირს. კლუბებს ბაზები არ აქვთ, ვარჯიშის შემდეგ პირდაპირ სახლში უწევთ წასვლა. ამიტომაც ყველა გაქცევაზეა. აქ ბავშვების ამარა ვრჩებით და ამიტომ გვაქვს ევროპაში ცუდი შედეგი - ბავშვები იქ კაცებს ეთამაშებიან და პირწმინდად აგებენ.

- როგორ ფიქრობ, საქართველოდან ფეხბურთელების გადინების საწინააღმდეგოდ რა უნდა გაკეთდეს ?

- სადღეისოდ ყველაფერი თავიდან გასაკეთებელია. ელემენტარული პირობები არ არის. ამის გამო მიდიან უცხოეთში და ვერც გაამტყუნებ.

- ისე საუბრობ, შენც წასვლაზე ხომ არ ფიქრობ ?

- ”ზესტაფონ”-თან კონტრქტი აგვისტომდე მაქვს. ამ დღეებში კლუბის პრეზიდენტს შევხდები და ჩვენს მომავალზე დაველაპარაკები. სავარაუდოდ, ”ზესტაფონ”-ში დავრჩები...

 

გაზეთი ”სარბიელი”

   
FC ZESTAFONI © 2005