27.05.2008

 

ინტერვიუ თემურ მახარაძესთან.

ჩემპიონობისთვის მზად არ ვიყავით...

 

ოთხი სეზონი და თასის ოთხი ფინალი დასჭირდა ”ზესტაფონ”-ს პირველი ქართული ტიტულის მოსაპოვებლად. 16 მაისს, საქართველოს თასის ფინალში გამარჯვებით იმერულმა გუნდმა ბოლო წლების უსიამოვნო ტრადიცია დაარღვია და მეოთხე ცდაზე სანუკვარ ჯილდოს დაეუფლა. გარდა ამისა, ”ზესტაფონ”-მა ჩემპიონატშიც ადრინდელზე უკეთესი შედეგი აჩვენა - მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა. ზესტაფონელები განვლილი სეზონით კმაყოფილი არიან, გუნდმა, როგორც იქნა, მოჯადოებული წრე გაარღვია და უეფა-ს თასის საგზური პირველად მოიპოვა. განვლილი სეზონისა და სამომავლო გეგმების შესახებ ”ზესტაფონი”-ს მთავარ მწვრთნელს თემურ მახარაძეს ვესაუბრეთ.

- ბატონო თემურ, პირველ რიგში თასის მოპოვებას გილოცავთ! ამ ტიტულისათვის ოთხი წელი იბრძოდით და წარმომიდგენია, რამოდენა სიხარული მოგანიჭათ ამ გამარჯვებამ .

- მართლაც დიდი სიხარულია, როცა შენი ქვეყნის თასის მფლობელი ხდები. ფინალში ოთხჯერ ვითამაშეთ, მაგრამ წინა სამში არ გაგვიმართლა. ახლა იღბალი ჩვენს მხარეს იყო, თანაც კარგად ვითამაშეთ და თასს ღირსეულად დავეუფლეთ. ფეხბურთელებით დაწყებული, გულშემატკივრებით დასრულებული, ყველას მადლობას ვუხდი, ვინც ”ზესტაფონი”-ს წარმატებაში მცირეოდენი წვლილი მაინც შეიტანა.

- ბუნებრივია, განვლილი სეზონით კმაყოფილი ინებით თუ უფრო მეტსაც ელოდით ?

- ეს სეზონი ჩვენთვის ძალიან რთული და საინტერესო იყო. ჩემპიონატის პირველ ტურებში ცხრილის სათავეში მოვექეცით, პირველი წრე მეორე ადგილზე დავამთავრეთ და ჩემპიონობის კარგი შანსიც გვქონდა. მეორე წრეშიც ბოლომდე ვიბრძოლეთ, მაგრამ, როგორც ჩანს, ჯერ მზად არ ვიყავით ჩემპიონობისათვის. მიუხედავად ამისა, გუნდის ასპარეზობით კმაყოფილი ვარ, საქართველოს თასს დავეუფლეთ და უეფა-ს თასის საგზური მოვიპოვეთ, რაც მოტივაციას კიდევ უფრო გვმატებს. თუ ”ზესტაფონი”-ს წინა წლების შედეგებს გადახედავთ, ნახავთ, რომ ყოველ წელს ვაუმჯობესებთ შედეგს... მთავარია, გუნდი სწორ გზას ადგას და დიდი მუშაობა მიდის იმისთვის, რომ ”ზესტაფონ”-მა პროგრესი კვლავ განაგრძოს .

- ზემოთ თქვით, ჩემპიონობისთვის ჯერ მზად არ ვიყავითო. რა იყო ხელისშემშლელი ფაქტორები ?

- პირველ რიგში ის, რომ ჩვენ არ გვაქვს ნორმალური მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რომელიც გუნდის წარმატებისთვის მნიშვნელოვანია. თბილისის ”დინამო”-ს ეს პრობლემა არ აწუხებს და ამ გუნდის გაჩემპიონებაში ამ ფაქტორს უმნიშვნელო როლი არ შეუსრულებია. პრობლემები შეგვექმნა მეორე წრის დაწყებამდე, როცა გუნდი ერთდროულად ექვსმა წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა და ფაქტობტივად, ახალი გუნდის გაკეთება მოგვიხდა. გუნდის ჩამოყალიბება კი ასე ადვილი არ არის და ამან შედეგზეც იმოქმედა ...

- რომელიმე ფეხბურთელს ხომ არ გამოარჩევდით, რომელსაც ”ზესტაფონი”-ს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა ?

- ვინმეს ცალკე გამოყოფა უსამართლობა იქნება. ჩვენ პირველ რიგში გუნდური სულისკვეთებით მივაღწიეთ წარმატებას. ”ზესტაფონი” არის გამოცდილი ფეხბურთელების, საშუალო ასაკისა და ახალგაზრდების კარგი ნაზავი. გუნდის წარმატებაში ყველამ თავისი წვლილი შეიტანა.

- ვინ მიგაჩნიათ ”ზესტაფონ”-ში ყველაზე პროგრესირებად ფეხბურთელად ?

- ახლგაზრდებმა ძალიან გამახარეს, მნიშვნელოვნად მოუმატა მეკარე როინ კვასხვაძემ, ძლიერად ათამაშდა მისი ძმა ნიკა ... არ მინდა, რომ ვინმე გამომრჩეს, ყველა ფეხბურთელით კმაყოფილი ვარ .

- ლეგიონერებზე რას იტყვით ?

- უცხოელებმა დიდი დახმარება გაგვიწიეს. სანტოსის თავს გადამხდარი ავბედითი ამბის შემდეგ ფსიქოლოგიურ სტრესში იყვნენ, მაგრამ გუნდი არ დაუღალატებიათ, ნამდვილად კარგი სეზონი ჩაატარეს. ვიეირამ ბომბარდირის ნიჭიც გამოავლინა და ჩემპიონატში 12 გოლიც გაიტანა...

- ”ზესტაფონი” უეფა-ს თასზე გავიდა და, ალბათ, ევროტურნირებამდე გუნდის გაძლიერებაზეც იფიქრებთ. რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ ”ზესტაფონ”-ში ?

- გაძლიერება აუცილებლად დაგვჭირდება, ამისთვის ახალი სისხლია საჭირო. ”ზესტაფონი” რომ კიდევ უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს, ალბათ, ყველა პოზიციაზე დავიმატებთ თითო ფეხბურთელს. გვინდა უეფა-ს თასზე კარგად თამაშით გულშემატკივარი გავახაროთ...

(იბეჭდება შემოკლებებით)

გაზეთი ”ლელო”

   
FC ZESTAFONI © 2005