23.05.2008

 

სად ითამაშებენ იმერლები უეფა-ს თასზე ?

 

მოგეხსენებათ, ”ზესტაფონ”-მა საქართველოს თასი მოიპოვა და უეფა-ს თასზეც ითამაშებს. იმერლებს უეფა-ს მოთხოვნების სტადიონი არ გააჩნიათ და თბილისურ ”მიხეილ მესხზე” აქვთ შეტანილი განაცხადი, თუმც, როგორც გუშინ კლუბის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა გვითხრა, შესაძლოა, ”ზესტაფონ”-მა შინ ითამაშოს ...

”მოსკოვში ჩემპიონთა ლიგის ფინალს დაესწრნენ კლუბის პრეზიდენტი ბატონი ილია კოკაია და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბატონი ნოდარ ახალკაცი. ისინი შეხვნენ უეფა-ს ლიცენზირებისა და უსაფრთხოების კომიტეტის წევრ ტიერი ფავრეს და ესაუბრნენ ზესტაფონში არსებულ საფეხბურთო ბუმზე. ბატონმა ნოდარ ახალკაცმა თხოვნით მიმართა მას, რათა გამონაკლისი დაუშვან და მისცენ შინ თამაშის უფლება საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონ”-ს იმ შემთხვევაში, თუ სტადიონი გარემონტდება. უეფას წარმომადგენელს უთქვამს რომ, შესაძლოა, ასეთი რამ მოხერხდეს...

შაბათს ზესტაფონში ჩამოდის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საკლუბო ლიცენზირების კომიტეტის ხელმძღვანელი ბაქარ ჟორდანია, რომელიც მდგომარეობას ადგილზე შეისწავლის და უეფა-ს შეატყობინებს. ამის შემდეგ უეფა ივნისის ბოლოს თავის წარმომადგენელს გამოაგზავნის და საბოლოო გადაწყვეტილებაც მაშინ გაცხადდება. მთელი ქალაქი მზადაა იმუშაოს, ოღონდ ”ზესტაფონ”-მა შინ ითამაშოს” - გვითხრეს საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს პრეს-სამსახურში.

სტადიონი კლუბს არ ეკუთვნის, თუმც, როგორც შევიტყვეთ, ეს დღეების ამბავია და სარემონტო სამუშაოებიც მალე დაიწყება ...

გაზეთი ”სარბიელი”

   
FC ZESTAFONI © 2005