20.05.2008

 

თასის ფინალისტების კიდევ ერთი დაპირისპირება.

 

2008 წლის 20 მაისს გაიმართა საქართველოს მეცხრამეტე ეროვნული ჩემპიონატის ოცდამეექვსე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონ”-მა შინ უმასპინძლა თბილისის საფეხბურთო კლუბ ”ამერს”-ს და დაამარცხა მეტოქე ანგარიშით 3-1.

ერთი შეხედვით უმოტივაციო მეტოქეთა კიდევ ერთი შეხვედრა მოლოდინის საწინააღმდეგოდ ძალიან საინტერესო ბრძოლაში წარიმართა. მასპინძლებმა დაწინაურება უკვე მეცხრე წუთზე მოახერხეს - ნიკა გელაშვილის უზუსტესი გადაცემის შემდეგ ჟილვან გომეს ვიეირა ლადო ნადირაშვილთან პირისპირ დარჩა და მარგველები დააწინაურა.

ამის შემდეგ ტერიტორიულ უპირატესობას სტუმრები დაეუფლნენ და ტაიმის მიწურულს ანგარიშიც გაათანაბრეს. თუმცა, უნდა ითქვას, რომ გოლი არა ამერელთა აქტიურობას, არამედ ზესტაფონელთა უყურადღებობას მოჰყვა - 44-ე წუთზე გოლის ავტორმა ვიეირამ ”უზუსტესი პასით” საკუთარ გოლკიპერთან პირისპირ დატოვა ამერელი რევაზ გოცირიძე და 1-1 ...

მეორე ტაიმი ზესტაფონელთა უდიდესი უპირატესობით წარიმართა და ეს უპირატესობა ორ გატანილ გოლშიც აისახა - მე-60-ე წუთზე თავისიანები ნიკა გელაშვილმა დააწინაურა, ხოლო არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში შეხვედრას ლამაზი წერტილი ნიკა კვასხვაძემ დაუსვა - 3-1.

მარგველებმა სეზონი მაჟორულ ნოტაზე დაასრულეს - მათ აქტივში ეროვნული ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლები და დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის მფლობელთა ტიტულია !

 

20/05/2008- ”ზესტაფონი” - ”ამერი” (თბილისი) 3-1

დაწვრილებით:

 

სკ. ”ზესტაფონი”-ს პრეს-სამსახური

   
FC ZESTAFONI © 2005