ინტერვიუ ბექა გოცირიძესთან.
როგორც იქნა !
”ზესტაფონი” მეშვიდე კლუბია, რომელიც საქართველოს თასის მფლობელი გახდა. ოთხი წელი ცდილობდნენ იმერლები საწადელის მიღწევას და ეს 16 მაისს აისრულეს. ზესტაფონელთა გუნდში ერთ-ერთი გამორჩეული იყო თავდამსხმელი ბექა გოცირიძე, რომლის გატანილი გოლიც გადამწყვეტი აღმოჩნდა...
- ეს ”ზესტაფონი”-სთვის პირველი ტიტულია. როგორი იყო თქვენი პირველი რეაქცია ?
- ძალიან დიდი ემოცია იყო. მეოთხედ ვიყავით ფინალში და, როგორც იქნა, გავიმარჯვეთ. ჩვენი გულშემატკივარი უზომოდ გავახარეთ.
- გამარჯვება როგორ აღნიშნეთ ?
- მატჩის შემდეგ ბანკეტი გვქონდა და რესტორანში ცოტა მოვილხინეთ.
- თამაშზე რას იტყვი ?
- ცოტა ჩაკეტილი თამაში იყო, როგორც ფინალებს სჩვევია. ”ამერმაც” კარგად ითამაშა, ღირსეული მეტოქეა. ცოტა გაგვიმართლა კიდეც, მაგრამ, ვფიქრობ, დამსახურებულად გავიმარჯვეთ. ამდენი წაგებული ფინალის შემდეგ, ალბათ, გვექუთვნოდა კიდეც.
- ორივე გუნდიდან ვის გამოარჩევ ?
- ”ამერიდან” ყველამ კარგად ითამაშა, თუმც დიმიტრი ტატანაშვილის გამოსვლის შემდეგ მეტად აგრესიულები გახდნენ. დიმამ გოლიც ლამაზი გაგვიტანა. ჩვენგანაც მიჭირს ვინმეს გამორჩევა, ყველამ თავი დადო მოედანზე, მაგრამ როინ ონიანს მაინც გამოვყოფდი - მართლა გვიკაპიტნა. ონიანის გოლის შემდეგ უფრო გავიხსენით და თავისუფლად ავთამაშდით.
- შენს გოლზე რას იტყვი? არანაკლებ მნიშვნელოვანი გამოდგა ...
- პირადად ჩემთვის პირველი ფინალი იყო და მიხარია, რომ გატანა შევძელი. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, გოლი გამარჯვების იყო და ეს კიდევ უფრო მახარებს.
- საქართველოს თასის მოგებასთან ერთად უეფას თასზე თამაშის უფლებაც მოიპოვეთ ...
- ჩემპიონატში ერთი ტურია დარჩენილი, მერე, ალბათ, ცოტა ხნით დავისვენებთ და უეფას თასისთვის მზადებას სამ კვირაში დავიწყებთ. ვფიქრობ, ”ზესტაფონ”-ს შესწევს იმის ძალა, რომ ორი ეტაპი მაინც გავიაროთ, თუმცა, შევეცდებით მეტიც გავაკეთოთ და არა მარტო ზესტაფონი, არამედ მთელი საქართველო გავახაროთ .
ფოტო საიტიდან www.sportandyouth.ge |