19.05.2008

 

ინტერვიუ როინ ონიანთან.

კაცი, რომელიც ”ეროვნულზე” გაფრინდა ...

 

როინ ონიანი საქართველოს თასის ფინალის ერთ--ერთი გმირია. მისთვის ეს მეოთხე თასი იყო, მაგრამ, ალბათ, წინა სამს მაინც არ ჰქონია ასეთი ხიბლი - ”ზესტაფონი”-სათვის ეს განსაკუთრებული გამარჯვება, განსაკუთრებული ტიტული იყო.

გაივლის წლები და ამ ბიჭებს ფეხბურთზე უსაზღვროდ შეყვარებულ ქალაქში კვლავ გამორჩეული სიყვარულით გაიხსენებენ.

- მართალია, თასის ფინალის შემდეგ 2 დღე გავიდა, მაგრამ ახლაც უზომოდ ბედნიერი ვარ, მართლა მაგარი გრძნობაა თასის მოგება. თასი ადრეც მომიგია, მაგრამ ეს მაინც სულ სხვაა.

- რატომ ?

- ჯერ ერთი, ჩვენ დიდხანს მივდიოდით ამ ტიტულისაკენ. მეორეც, გულშემატკივრების ფაქტორი გაითვალისწინეთ. მართლაც ბრწყინვალედ გვიქომაგეს. მათ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. ადრე, როცა თბილისის ”ლოკომოტივში” ვიყავი, სწორედ ”ზესტაფონ”-ს მოვუგეთ თასი. მაშინაც მაგრად იბრძოლეს. აი, შარშან კი ”ამერთან” მართლა არ გვქონდა წასაგები თამაში. ბოლოს და ბოლოს ფორტუნამ ჩვენსკენაც გამოიხედა.

- ლადო ნადირაშვილის კარში გატანილ გოლს როგორ იხსენებ ?

- ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ ვიგრძენი, საჯარიმოში აუცილებლად უნდა ჩაწოდებულიყო ბურთი. სწრაფად გავიქეცი მეტოქის კარისკენ, დროულად შევირბინე და ძალიან მაღლა ავხტი. გავიფიქრე, ეგ არის, გავიტანე-მეთქი და მართლაც გოლი გავიდა. რა ვიცი, მე მგონი, ლამაზი გოლი გამოვიდა.

- გულწრელად გვითხარი, ასე მაღლა როდესმე თუ ამხტარხარ ?

- არ მახსოვს, ალბათ, როდესმე ავმხტარვარ, მაგრამ ასეთ პრინციპულ თამაშში ნამდვილად არა. ისე ავფრინდი, რომ ბადეში შევვარდი. ალბათ, იმასაც გამართლება უნდა, რომ ზუსტად დახვდე ბურთს. მოკლედ, საგოლე სიტუაცია იყო და გამოვიყენე.

- გამარჯვებაში დარწმუნებული იყავი ?

- სიმართლე გითხრათ, ეჭვი არ მეპარებოდა, რომ თასი ჩვენ დაგვრჩებოდა. არ შეიძლება, ამხელა შრომა წყალში ჩაიყაროს. მით უმეტეს, რომ ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად მივდიოდით ამ გამარჯვებისკენ.

ახლა გეტყვით იმას, რაც არავისთან მითქვამს: თამაშამდე ერთი კვირით ადრე ჩვენს მეორე მწვრთნელს ვუთხარი, აუცილებლად მოვიგებთ და ერთ გოლს გავიტან-მეთქი. თან ისიც დავუმატე- რას იკისრებ, ასე რომ მოხდეს-მეთქი. იმან, ოღონდ შენ გოლი შეაგდე და დანარჩენი მე ვიცოდეო. მოკლედ, გოლი გავიტანე და უბედნიერესი ადამიანი ვარ ახლა. მთავარია, მიღწეულზე არ შევჩერდეთ.

- ”ამერმა” რა შთაბეჭდილება დაგიტოვა ?

- ძალიან მაღალი კლასის გუნდია. ერთი საგოლე მომენტი ჰქონდათ და ისიც გამოიყენეს. ეს, ალბათ, გუნდის კლასზეც მეტყველებს. ვინც თასის ფინალი ნახა, ალბათ, დამეთანხმება, რომ ”ზესტაფონ”-ს უპირატესობა ჰქონდა, უნდა მოგვეგო და მოვიგეთ კიდეც.

- გუნდი უეფას თასზე იასპარეზებს. რას შეგიძლია დაჰპირდე ქომაგს ?

- გულშემატკივარი ჩვენი ძალაა. თასის ფინალზე მართლაც მაქსიმუმი გააკეთეს. კარგად მესმის, რომ ევროთასზე ასპარეზობა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. გააჩნია, როგორი იქნება ჩვენთვის კენჭისყრა, ვინ შეგვხდება, მაგრამ ფაქტია, რომ უბრძოლველად არავის არაფერს დავუთმობთ. თანაც ყველას კარგად გვახსოვს ”ტობოლის” მაგალითი. ყაზახეთში თამაშამდე ორი საათით ადრე ჩავფრინდით... განმეორებით მატჩში ვაჩვენეთ ჩვენი ძალა, მაგრამ წარმატებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. წლეულს შედეგი უნდა გამოვასწოროთ.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საშინაო შეხვედრები ზესტაფონში ჩავატაროთ. ხომ შეიძლება, ეს მოხერხდეს? ჩვენი კლუბის პრეზიდენტს ყველა გვერდით უნდა დაუდგეს, რომ სტადიონის საკითხი ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდეს. ”ზესტაფონი” ზესტაფონში ბევრად უფრო ძლიერია.

ფოტო საიტიდან www.sportandyouth.ge

გაზეთი ”ოლიმპი”

   
FC ZESTAFONI © 2005