საქართველოს დავით ყიფიანის თასის ყაზბეგის გათამაშების ფინალში, “ზესტაფონმა” “ამერი” 2:1 დაამარცხა და ზედიზედ მე-4 ცდიდან, თასის მფლობელი გახდა. 2005 წლის ფინალში, ზესტაფონელები თბილისის “ლოკომოტივთან” 0:2, მერე კი ორჯერ ზედიზედ, ჯერ თერთმეტმეტრიანის სერიებში, მერე კი 0:1 “ამერთან” დამარცხდნენ და ახლა რევანში იმდენად სწყუროდათ, რომ თითქმის მთელი შეხვედრის მანძილზე დომინირებდნენ და გამარჯვებაც დამსახურებულად მოიპოვეს, რის შედეგადაც მინიმუმ ერთი წლით, ახალი თასის მფლობელები გახდნენ.
“ბორის პაიჭაძის” სტადიონზე შეკრებილი 20 000 მაყურებლიდან, დაახლოებით 3/4 “ზესტაფონს” გულშემატკივრობდა და იმერელმა ფეხბურთელებმაც შეხვედრა აქტიურად დაიწყეს. მათ მე-2 წუთზევე შეეძლოთ ანგარიშის გახსნა, თუმცა ნიკა კვასხვაძის მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდებულს, ბექა გოცირიძე ვარდნაში ვერ შეწვდა, ვიეირას უხეიროდ დარტყმული კი კარს გადასცდა. პირველმა ტაიმმა, პრაქტიკულად “ამერელთა” ნახევარზე ჩაიარა, მაგრამ საგოლე დარტყმამდე საქმე არ მიდიოდა.
ვერ ვიტყვით, რომ ამაში წვლილი “ამერის” ფეხბურთელებს მიუძღვოდათ, რადგანაც მათი დაცვა და მეკარე, არადამაჯერებლად თამაშობდა. ერთი-ორჯერ, ნადირაშვილი ისე არადამაჯერებლად გამოვიდა კარიდან, რომ ზესტაფონელ ფეხბურთელებს მეტი სიჩაუქე რომ გამოეჩინათ, გოლი პირველ ტაიმშივე გავიდოდა, თუმცა “ამერელთა” მეკარის შეცდომით, “ზესტაფონმა” 2-ჯერ მაინც იხეირა, ოღონდ მე-2 ტაიმში.
ასეთ სიტუაციაში გიორგი ჩიხრაძე ვა-ბანკზე წავიდა და 2 წუთის წინ შეცვლაზე შესულ ალავიძეს, ტატანაშვილიც მიაშველა. ამან თბილისელთა თამაში აშკარად გამოაცოცხლა და მიუხედავად “ზესტაფონის” მწვავე კონტრშეტევებისა, უპირატესობას უკვე “ამერის” ფეხბურთელები დაეუფლნენ. 76-ე წუთზე ონიანს მათი მონდომების ჩაცხრობა შეეძლო, მაგრამ მისი ცხრიანში დარტყმულის მოგერიება “ამერის” მოკარემ ნახტომში მოახერხა...
ამასობაში 89-ე წუთი დადგა და შეხვედრის ბოლო წუთებმა ინტრიგა შეინარჩუნა. შეცვლაზე შესულმა ალავიძემ, მარცხენა ფლანგიდან ბურთი საჯარიმოში მყოფ, ასევე შეცვლაზე შესულ ტატანაშვილს თავზე დაასვა და მანაც როინ კვასხვაძეს აუღებელი დაურტყა. თბილისელებმა გასათანაბრებლად კი გაიბრძოლეს, მაგრამ მეტი ვეღარ მოახერხეს, თუმცა მათ რომ თავიანთი ბედი თავიდანვე შეტევაში ეძიათ, ახლა შესაძლოა თასის სამგზის მფლობელები ყოფილიყვნენ.
გამარჯვებულ “ზესტაფონს” მედლები და თასი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ნოდარ ახალკაცმა და სფფ-ს ვიცე პრეზიდენტმა და პროფესიული ფეხბურთის ლიგის პრეზიდენტმა დიმიტრი რამიშვილმა გადასცეს. მერე იყო თასით ხელში, ტრადიციული წრე, სურათები გამარჯვებულის ბანერთან, ფეირვერკები და გამარჯვებულთა მწვრთნელ მახარაძის ჰაერში შეთამაშება, თუმცა ბოლო აგდებისას ის ხელში ვერ შეიმაგრეს და ეს ფინალი მას ამ მხრივაც დაამახსოვრდება.