”ზესტაფონი”-ს პირველი მედლები.
2008 წლის 18 აპრილს გაიმართა საქართველოს მეცხრამეტე ეროვნული ჩემპიონატის ოცდამეორე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონ”-მა შინ უმასპინძლა თბილისის საფეხბურთო კლუბ ”მერან”-ს და დაამარცხა მეტოქე დიდი ანგარიშით 6-1.
მატჩის მოგების შემთხვევაში, საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს ფეხბურთელები, XIX-ე ეროვნული ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურით ადრე, ინაღდებდნენ საქართველოს ჩემპიონატის მედლების ერთ-ერთ კომპლექტს. თუ რა ხარისხის იქნება ეს მედლები, ამ კითხვას 18 მაისამდე ღიად დარჩენა მოუწევს, თუმცა, მარგველთათვის დღეს უკვე შეიძლება მილოცვა იმისა, რომ პირველად კლუბის ისტორიაში ისინი ეროვნული ჩემპიონატის პრიზიორები არიან.
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, მოლოდინისამებრ, ის მასპინძელთა გრიგალისებური შეტევებით დაიწყო და 13-ე წუთისათვის ანგარიში უკვე 3-0 გახლდათ - ანგარიში 8-ე წუთზე ნიკა კვასხვაძემ თავური დარტყმით გახსნა, 12-ე წუთზე ბექა გოცირიძემ ორამდე გაზარდა მასპინძელთა უპირატესობა, მანვე, ზუსტად 1 წუთში დუბლიც გაიფორმა. ზესტაფონელთა ახალგაზრდა ფორვარდი ამაზე არ შეჩერდა და 34-ე წუთზე უმაღლეს ლიგაში გაფორმებული პირველი ხეთ-თრიკითაც დაიმშვენა ”მკერდი”.
მეორე ტაიმში მასპინძლებმა მიმართეს მთელ რიგ ცვლილებებს, თამაშის ტემპიც საკმაოდ დაეცა, თუმცა, ამის მიუხედავად, ზესტაფონის ცენტრალური სტადიონის ტრიბუნებზე შეკრებილმა მაყურებელმა მაინც მოახერხა სამი გოლის ხილვა - პოლ კესანიმ 51-ე წუთზე და ჟილვან ვიეირამ 54-ეზე ზესტაფონელთა უპირატესობა სტუმართათვის კატასტროფულს მიუახლოვეს. თუმცა, მატჩის დასკვნით ნაწილში ”მერანი”-ს ფეხბურთელებმა შეძლეს პრესტიჟის გოლით თავის გამოჩენა - ეს 82-ე წუთზე ზურა ტიელიძე მოახერხა. მასპინძელთა დამსახურებული გამარჯვება 6-1.
|
18/04/2008- ”ზესტაფონი” - ”მერანი” (თბილისი) 6-1 |
დაწვრილებით: |
|