16.04.2008

 

ინტერვიუ ედსონ ოლივეირა დოს სანტოსთან.

"ზესტაფონ"-ს ინტერნეტით ვქომაგობდი ...

 

საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატის 21-ე ტურში ”ზესტაფონ”-ში კვლავ გამოჩნდა ედსონ სანტოსი, რომელიც შარშან ივლისში ოჯახთან ერთად სკანდალურად აიბარგა საქართველოდან ... ზამთრის მოსამზადებელ პერიოდში ითქვა, რომ სანტოსი ”ზესტაფონ”-ს დაუბრუნდებოდა და ანტალიაშიც გაჰყვებოდა შეკრებაზე, მაგრამ მაშინ ასე არ მოხდა. ახლა კი ბრაზილიელი ზესტაფონშია და თემურ მახარაძემ ”ბორჯომი”-ს წინააღმდეგ თამაშის საშუალებაც მისცა.

გუშინ სანტოსს ზესტაფონში შევეხმიანეთ და ინტერვიუ ვთხოვეთ ...

 

- საქართველოდან ივლისში წახვედი. ეს თვეები უქმად იყავი თუ ვარჯიშობდი სადმე?

- სანტა-კატარინას გუნდში ვვარჯიშობდი. ეს გუნდი ბრაზილიის ჩემპიონატის მეორე ლიგაში გამოდის. რა თქმა უნდა, ფორმის შესანარჩუნებლად სათამაშო პრაქტიკაა საჭირო, თუმცა ამ ხნის განმავლობაში ვარჯიში არ დამიკლია.

- ”ზესტაფონი”-ს ამბებს იგებდი ?

- ინტერნეტით. კლუბის ვებ-გვერდზე შევდიოდი და ჩემს არყოფნაში გატანილი ყველა გოლი ნანახი მაქვს.

- აქ დაბრუნებულს გუნდში რამდენიმე ახალი ფეხბურთელი დაგხვდა. მათზე რას იტყვი?

- არ არის დიდი ხანი, რაც ერთად ვვარჯიშობთ, თუმცა პერსპექტიული ახალგაზრდები კი ჩანან.

- თემურ მახარაძემ ”ბორჯომ”-თან რამდენიმე წუთით გათამაშა და ხომ არ გაგიჭირდა?

- უკვე ორი ბურთით ვიგებდით და ამან ფსიქოლოგიური ტვირთი მომიხსნა. ახლა ჩემი მთავარი ამოცანა ძირითადში ადგილის დამკვიდრებაა.

- როგორ ფიქრობ, ”ზესტაფონ”-ს ჩემპიონობის შანსი დარჩა?

- თბილისის ”დინამო”-ს 6 ქულით ჩამოვრჩებით და ამის აღმოფხვრა რთული იქნება, მაგრამ ჩვენ ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ, ფეხბურთში ხომ ყველაფერი ხდება.

- ”დინამო”-სთან სათასო დაპირისპირებაზე რას იტყვი? პირველი შეხვედრა თბილისში 1-1 მორჩა ...

- ჩემი აზრით, 99 პროცენტით ფინალში ”ზესტაფონი”-ა.

- და ალბათ თასის აღებაზეც ფიქრობთ ...

- ჯერ ფინალში გავიდეთ და ამაზე მერე ვიტყვი.

- ”ზესტაფონ”-თან კონტრაქტი ოქტომბერში გიმთავრდება. რას აპირებ?

- ამაზე ჯერ არ მიფიქრია, ახლა მთლიანად ”ზესტაფონი”-ს მომდევნო თამაშებზე ვფიქრობ.

გაზეთი ”სარბიელი”

   
FC ZESTAFONI © 2005