03.04.2008

 

გააკეთეთ მოედნები და ნახავთ!

ზესტაფონში ბედნიერი ვარ ...

 

საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში ბევრი ლეგიონერი არ არის, თუმცა რამდენიმე მათგანი კარგი თამაშით ხიბლს მატებს ჩვენს ჩემპიონატს. საქართველოში ყველაზე მეტი უცხოელი ”ზესტაფონ”-სა და თბილისის ”დინამო”-ში ირიცხება. ბოლო მატჩებია, იმერელთა გუნდის მარცხენა ნახევარმცველი, ბრაზილიელი ჟილვან ვიეირა უდავოდ გამორჩეულია. ამას ისიც მოწმობს, რომ ბოლო სამ მატჩში ვიეირამ მეტოქეთა კარი ექვსჯერ დალაშქრა, რაც ნახევარმცველისათვის ძალიან კარგი შედეგია.

ბრაზილიელს გუშინ შევეხმიანეთ და ინტერვიუ ვთხოვეთ ...

- წელიწადნახევარია, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში თამაშობ, თუმცა, აქამდე ასეთი ეფექტური არ იყავი - ბოლო მატჩებში აიწყვიტე და გოლი გოლზე გაგაქვს. ეს შენი ფორმის პიკია?

- მართლაც კარგად მიმდის თამაში და მიხარია, რომ ბევრი გოლი გავიტანე. სულაც არ ვფიქრობ, რომ ეს არის ჩემი ფორმის პიკი - მეტის გაკეთებაც შემიძლია.

- როგორ შეაფასებ ჩვენი ჩემპიონატის დონეს?

- აქ ძალიან ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი თამაშობს. ყველაზე დიდი პრობლემა კი კარგი მინდვრების არქონაა, რაც ფეხბურთელთა ზრდას ძალიან აფერხებს. გაკეთდეს ნორმალური მოედნები და ნახავთ, როგორ აიწევს ჩემპიონატის დონე.

- ბევრი თვლის, რომ ამ სეზონში ”ზესტაფონ”-ს ჩემპიონობა გაუჭირდება - ლიდერს უკვე ექვსი ქულით ჩამორჩებით და შენი აზრით, პირველობის შანსი კიდევ დაგრჩათ?

- ჩემპიონატის დასრულებამდე ჯერ საკმაოდ დროა და ვფიქრობ, რომ დაკარგული ჯერ არაფერი გვაქვს და ჩემპიონობისთვის უნდა ვიბრძოლოთ. ნუ გამორიცხავთ, რომ ”ვიტ-ჯორჯია”-მ და ”დინამო”-მ ქულები კიდევ დაკარგონ, ჩვენ კი ჩვენი მატჩები აუცილებლად უნდა მოვიგოთ და ...

- ”დინამო”-სთან მოახლოებულ სათასო დაპირისპირებაზე რას იტყვი?

- თბილისელებს მართლა კარგი გუნდი ჰყავთ, თუმცა ”ზესტაფონ”-ს შესწევს მათი დამარცხების ძალა. გპირდებით, რომ დიდიე ოვონოსაც გავუტან და საერთოდაც, თასს ამჯერად ”ზესტაფონი” აიღებს.

- მეორე წელია, საქართველოში ცხოვრობთ და საინტერესოა, არ უჭირს ბრაზილიელ კაცს აქ ცხოვრება?

- რა თქმა უნდა, სამშობლო მენატრება, თუმცა ქართველებმა თავი ძალიან შემაყვარეს. ზესტაფონში ყველა მიცნობს და დიდ პატივისცემასაც გამოხატავენ. მეც ვცდილობ, იგივე სითბოთი ვუპასუხო. ზესტაფონში თავს ბედნიერად ვგრძნობ.

 

გაზეთი ”სარბიელი”

   
FC ZESTAFONI © 2005