საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს მზადება.
საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი”-ს პირველი გუნდი შეუდგა სეზონის გადამწყვეტი მატჩებისათვის მზადების პროცესს. გუნდი მიმდინარე წლის 24 მარტს შეიკრიბა ზესტაფონში, სადაც მას კლუბის მესვეურთა მიერ მომზადებული ”სიურპრიზი” დახვდა ...
საინტერესო და სასიამოვნო სიახლეთა რიცხვს განეკუთვნება ის, რომ საერთო ჯგუფში ვარჯიშს შეუდგნენ ტრავმამოშუშებული შალვა ღონღაძე, სერიოზულ ტრავმას გადარჩენილი გუნდის ბომბარდირი ზურაბ იონანიძე (თბილისის ”ლოკომოტივ”-თან ამასწინანდელი მატჩის მსვლელობისას განცდილი უსიამოვნებები, საბედნიეროდ, მხოლოდ კუნთის დაჭიმვით შემოიფარგლა) და ნიკოლოზ გელაშვილი, რომელიც თურქული შეკრებისას მიღებული უმძიმესი ტრავმის შემდეგ, შეუდგა ვარჯიშებს ინდივიდუალური პროგრამით, რომელსაც ის გადის გამოცდილი სპეციალისტების მხრიდან მეთვალყურეობის პირობებში.
კლუბის ხელმძღვანელობის მიერ მომზადებულ სასიამოვნო ”სიურპრიზად” კი ახლადგახსნილი სატრენაჟორო დარბაზი იქცა, რომელშიც მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს შეეძლებათ იმ ამოცანების გადაჭრა, რომლებიც გუნდის ფუნქციონალურ მომზადებასთან არის დაკავშირებული. საინტერესოა, რომ დარბაზი ზესტაფონის ცენტრალური სტადიონის მთავარი ტრიბუნის ქვეშ არსებულ ძველ სპორტულ დარბაზში კეთილმოეწყო, იგი აღიჭურვა საგანგებოდ შეძენილი ტრენაჟორებით, რომლებიც თანამედროვე პროფესიული სპორტის მაღალ მოთხოვნებს სავსებით შეესაბამება. ახლადგახსნილი სატრენაჟორო დარბაზი, რომლის კედლებიც საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს სიმბოლიკითაა დამშვენებული, პირველი გუნდის გარდა, მოემსახურება ”ზესტაფონი-2”-ს და ჭაბუკთა ლიგაზე მოასპარეზე საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს გუნდებს.
|