2008 წლის 21 მარტს გაიმართა საქართველოს მეცხრამეტე ეროვნული ჩემპიონატის მეთვრამეტე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონ”-მა შინ უმასპინძლა გორის საფეხბურთო კლუბ ”დილა”-ს და დაამარცხა მეტოქე დიდი ანგარიშით 5-0...
წინა ტურში არადამაჯერებელი ასპარეზობისა და ”ლოკომოტივ”-თან ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ, ზესტაფონელ ფეხბურთელებს საკუთარი მაყურებლის წინაშე რეაბილიტაცია ესაჭიროებოდათ. უმაღლესი ლიგის აუტსაიდერთან შეხვედრა პირველიდან უკანასკნელ წუთამდე ზესტაფონელთა უპირატესობით წარიმართა, თუმცა, ანგარიშის გახსნა იმერლებმა მხოლოდ პირველი ტაიმის მიწურულს (35 წუთი) მოახერხეს - მარჯვენა ფლანგიდან ნიკა კვასხვაძის უნაკლო ჩაწოდების შემდეგ ქართლელთა კარის ბადეში ბურთი ჟილვან გომეს ვიეირამ გადაგზავნა.
არადა, მარგველებს დაწინაურება მანამდეც შეეძლოთ - საქმე იმაშია, რომ ზესტაფონელებმა 10-ე და 25-ე წუთებზე ვერ შეძლეს 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმების რეალიზება. პირველ შემთხვევაში ბექა გოცირიძემ ვერ მოახერხა უმაღლესი საფეხბურთო სასჯელის გოლად ქცევა, მეორეში კი ედიკ საჯაიამ ვერ იმარჯვა. თუმცა, უნდა აღინიშნოს გორელ გოლკიპერთა ავთანდილ ცერცვაძისა და ცერცვაძის გაძევების შემდეგ მინდორზე გამოჩენილი ბესიკ კეჩხუაშვილის ბრწყინვალე რეაქცია.
დაწინაურების შემდეგ მასპინძლები ფსიქოლოგიური წნეხისაგან განთავისუფლდნენ და გორელთა კარში მეორე გოლმაც არ დააყოვნა - 37-ე წუთზე კვლავ ჟილვან ვიეირა აღმოჩნდა დროულად ბურთთან და ანგარიში ორამდე გაზარდა. შესვენების შემდეგ თამაშის განახლებისთანავე დუბლით ნიკა კვასხვაძე გამოირჩა - 48-ე და 49-ე წუთებზე მან ორჯერ იხეირა მას შემდეგ, რაც ორივე შემთხვევაში გორელთა მეკარესთან პირისპირ რჩებოდა ბექა გოცირიძის ბრწყინვალე გადაცემების შემდეგ. გორელთა რბევა კი ისევ ჟილვან გომეს ვიეირამ დაასრულა. ბრაზილიელმა თავისი პირველი ზესტაფონური ჰეთ-თრიკი გორელებთან შეხვედრის 67-ე წუთისთვის გაიფორმა. ზესტაფონელთა შთამბეჭდავი გამარჯვება 5-0.