ინტერვიუ ზურაბ იონანიძესთან.
საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონ”-მა ზუგდიდში ”მგლებ”-თან მნიშვნელოვანი ორი ქულა გაკარგა და ჩემპიონობისათვის მებრძოლ კლუბებს რამდენიმე ქულით ჩამორჩა - ახლა იმერლები ”დინამო”-ს ოთხით, ”ვიტ-ჯორჯია”-ს კი ორი ქულით ჩამორჩებიან და ამასთანავე გაიუარესეს პირველობის შანსი.
ზურაბ იონანიძემ ”მესხეთ”-თან აქტივში ჰეთ-თრიკი ჩაიწერა, მაგრამ შაბათს თავისიანებს ვერაფრით დაეხმარა. გუშინ ფეხბურთელს დავუკავშირდით და ინტერვიუ ვთხოვეთ, საუბარი ”მგლებ”-თან მატჩით დავიწყეთ...
- მატჩი ჩვენი უპირატესობით მიმდინარეობდა, მეტოქეს პრაქტიკულად შანსიც არ ჰქონია. მასპინძლები ძალიან უხეშობდნენ, ვფიქრობ, მათი ერთ-ერთი ფეხბურთელი პირველ ტაიმშივე იყო გასაძევებელი, მაგრამ მსაჯი ინდობდა. არბიტრმა მასპინძელი ფეხბურთელი მეორე ტაიმის ბოლოში გააძევა.
”მგლებ”-თან კარის აღების რამდენიმე შესაძლებლობა გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. უნდა ითქვას, რომ მინდვრის საფარი ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო, რამაც ხელი შეგვიშალა გამარჯვებაში. ასეთ მინდვრებზე თამაში ჩვენს ჩემპიონატს დაღს ასვამს.
- ”მგლებ”-თან მნიშვნელოვანი ორი ქულა დაკარგეთ. ახლა ”დინამო”-ს ოთხით, ”ვიტ-ჯორჯია”-ს კი ორი ქულით ჩამორჩებით. ალბათ, გაგიჭირდებათ ჩემპიონობისათვის ბრძოლა ...
- საპანიკო არაფერია, შეიძლება ამ ჰანდიკაპის აღმოფხვრა. ჯერ თამაშები წინაა, როგორც ”დინამო”-მ, ასევე ”ვიტ-ჯორჯია”- მაც შეიძლება დაკარგონ ქულები, არა მგონია, უდანაკარგოდ ჩაამთავრონ ამ კლუბებმა ჩემპიონატი.
- ორი ტურის წინ ”მესხეთ”-თან ჰეთ-თრიკი შეასრულეთ ...
- ახლა არც ერთი გუნდის დამარცხებაა იოლი, ყველა გუნდი ბოლომდე იბრძვის, არა აქვს მნიშვნელობა, ცხრილის სათავეშია თუ აუტსაიდერთა შორისაა. სასიამოვნოა, რომ ”მესხეთ”-თან სამი გოლი გავიტანე, გუნდმა კი 4-1 მოიგო.
”მგლებ”-თან ახლა ქულები რომ წაგვართვა, უნდა გენახათ, მატჩის შემდეგ როგორ ზეიმობდნენ, ისეთი გახარებულები იყვნენ, რომ მათ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როგორც ჩანს, სოლიდურ პრემიებს შეჰპირდნენ ...
უახლოეს დღეებში ”მგლებ”-თან თამაშის გარჩევა გვექნება და საჭირო დასკვნებს გამოვიტანთ, რათა მომავალში ანალოგიური შეცდომები აღარ გავიმეოროთ.
- რამდენიმე დღეში თასის გათამაშების განმეორებითი მატჩი გელით. რუსთავის ”ოლიმპი” პირველ მატჩში მისსავე მოედანზე 1-0 დაამარცხეთ. შანსებს როგორ შეაფასებთ?
- ნახევარფინალში გასულები ვართ-მეთქი, ვერ ვიტყვი, რადგან წინ რთული მატჩი გველის, თუმცა, შემდეგ ეტაპზე გასასვლელად, ”ოლიმპ”-ზე მეტი შანსი გვაქვს. ”ოლიმპი” ძლიერი გუნდია, რუსთაველებმა თავიანთი სიძლიერე ”დინამო”-სთან მატჩშიც დაამტკიცეს, როდესაც ”ეროვნულზე” მასპინძლები დაამარცხეს. ქვემოქართლელები ყველაფერს გააკეთებენ, რომ მინიმალური სხვაობა აღმოფხვრან, მაგრამ ჩვენ საკუთარ სტადიონზე ვთამაშობთ და ვეცდებით მოპოვებული უპირატესობა შევინარჩუნოთ. ჩვენი მიზანი ჩემპიონობა და თასის აღებაა.
საკუთარ მოედანზე წარმატებულად ვასპარეზობთ, ძალიან გვეხმარებიან ჩვენი ერთგული გულშემატკივრები, რომლებიც ბოლომდე გვერდში გვიდგანან და მათ მხარდაჭერას მუდამ ვგრძნობთ. ვეცდებით, ”ოლიმპ”-თან მატჩში ლამაზი ფეხბურთი ვაჩვენოთ და ამით გავახაროთ ჩვენი ქომაგები.
|