08.03.2008

 

სტუმრობა სამეგრელოს დედაქალაქში.

 

2008 წლის 8 მარტს გაიმართა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეთექვსმეტე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ზუგდიდში ესტუმრა ადგილობრივ საფეხბურთო კლუბ ”მგლებ”-ს.

შეხვედრა, რომელიც ”გულია თუთბერიძის” სტადიონის ფეხბურთისათვის შეუფერებელ მინდორზე გაიმართა, სტუმართა საგრძნობი უპირატესობით წარიმართა. ჟილვან ვიეირასა და ნიკა კვასხვაძეს პირველივე ტაიმში მართებდათ თავისიანების დაწინაურება, თუმცა მათ დარტყმებს სიზუსტე დააკლდა. მეტად უცნაური იყო ის გარემოება, რომ მინდვრის (რომელზეც ისედაც შეუძლებელი იყო გადაცემის გაკეთება და კომბინაციური თამაში) იმ ნახევარზე, რომელზეც პირველ ტაიმში ზესტაფონელების კარი იყო განლაგებული, მეორეში კი მასპინძლებს უნდა დაეკავებიათ, შესვენებისას 30-35 ნორჩმა ფეხბურთელმა გააჩაღა ბურთაობა, რის შედეგადაც ისედაც უვარგის მდგომარეობაში მყოფ მინდორზე, საერთოდ შეუძლებელი გახდა ბურთის გორება.

მეორე ტაიმში ზესტაფონელებმა სცადეს შეხვედრის მიმდინარეობაში გარდატეხის შეტანა და გამარჯვების გოლის გატანა, თუმცა ყველა მათი მცდელობა უნაყოფო გამოდგა. მასპინძლები კი დიდხანს ისე ზეიმობდნენ ფავორიტთან მიღწეულ ფრეს, ფეხბურთში გაუთვითცნობიერებული მაყურებელი იფიქრებდა - ამ გუნდმა ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მოიპოვაო ...

 

08/03/2008- ”მგლები” (ზუგდიდი) - ”ზესტაფონი” 0-0

დაწვრილებით:

 

სკ. ”ზესტაფონი”-ს პრეს-სამსახური

   
FC ZESTAFONI © 2005