ფეხბურთი ზესტაფონშიც დაბრუნდა.
2008 წლის 1 მარტს დიდი ფეხბურთი ზესტაფონშიც დაბრუნდა. საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონ”-მა საქართველოს XIX-ე ეროვნული ჩემპიონატის მეთხუთმეტე ტურის მატჩში უმასპინძლა ახალციხის საფეხბურთო კლუბ ”მესხეთ”-ს .
წინა ტურში არადამაჯერებელი ასპარეზობისა და ”ვიტ-ჯორჯია”-სთან მარცხის შემდეგ მარგველ ფეხბურთელებს საკუთარი მაყურებლის წინაშე რეაბილიტაცია ესაჭიროებოდათ. მიმდინარე წლის სასტარტო საშინაო შეხვედრა პირველიდან უკანასკნელ წუთამდე ზესტაფონელთა უპირატესობით წარიმართა, თუმცა, ანგარიშის გახსნა იმერლებმა მხოლოდ პირველი ტაიმის მიწურულს (41 წუთი) მოახერხეს - მარჯვენა ფლანგიდან ნიკა კვასხვაძის უნაკლო ჩაწოდების შემდეგ სამცხელთა კარის ბადეში ბურთი თავით ეტიენ ბიტო’ომ გადაგზავნა.
მეორე ტაიმი კი ზესტაფონელთა უბერებელი თავდამსხმელის, ზურაბ იონანიძის ბენეფისად იქცა - ”იონამ”, რომელიც მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა, ბურთთან პირველივე შეხება (48 წუთი) გოლად აქცია. თუმცა, ”ეროვნული ფეხბურთის ლეგენდა” მიღწეულზე შეჩერებას არც კი ფიქრობდა. მას შემდეგ, რაც ახალციხელმა გურამ სამადაშვილმა ანგარიშში სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა, მატჩის გადარჩენის ყოველგვარი შანსი სამცხელებს სწორედ ზურაბ იონანიძემ მოუსპო - 56-ე წუთზე მან ორბურთიანი სტატუს-ქვო აღადგინა, ხოლო შეხვედრის უკანასკნელ წუთზე ანგარიში დიდამდე გაზარდა - 4-1.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ეროვნული ჩემპიონატების მთავარმეგოლემ საქართველოს ჩემპიონატებში შედეგიანობის აბსოლუტური რეკორდი 208 გოლამდე ასწია, ხოლო თავისი ზესტაფონური მონაგარი 40 ბურთამდე გაზარდა.
|
01/03/2008- ”ზესტაფონი” - ”მესხეთი” (ახალციხე) 4-1 |
დაწვრილებით: |
|