28.02.2008

 

ინტერვიუ ილია კოკაიასთან.

 

 

საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” და ამ ორი კვირის წინ დაწერილი განცხადება, ჩემპიონატსა და თასის გათამაშებაში მონაწიოლებას უფულობის გამო აღარ ვაპირებთო ... ”ზესტაფონი” და მისი ფეხბურთელები, რომლებიც კლუბიდან წასვლას ითხოვენ და ამბობენ, პრეზიდენტი ამ საკითხზე არც კი გველაპარაკებაო ... ”ზესტაფონი” და, ზოგადად, ქართული ფეხბურთისთვის სასარგებლო ის საქმეები, რომლებიც ამ კლუბის პრეზიდენტმა ილია კოკაიამ წამოიწყო, მაგრამ გარკვეული პრობლემების გამო შუა გზაში გაჩერებულა ... მოკლედ ზესტაფონელთა პრეზიდენტთან სასაუბრო დაგროვდა და გუშინ ამ კონკრეტული საკითხების გარდა, სხვა საინტერესოზეც ვთქვით. მაგალითად, ის, რომ კოკაია მსოფლიო გრანდის, იტალიური ”მილანის” საწვრთნელი ბაზის ანალოგიურის გაკეთებას ”ზესტაფონი”-სთვის აპირებს. თუმცა, ეს ინტერვიუ, ცხადია, ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული ამბით დავიწყეთ...

 

- ამას წინათ ”ზესტაფონ”-მა ჩემპიონატსა და თასის გათამაშებაში მონაწიოლებაზე უარი თქვა. მიზეზად უფულობა ითქვა, თუმცა ორიოდ დღეში ეს პრობლემა მოგვარდა. რა მოხდა? ბევრი ამბობს, რომ თქვენი ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზი სხვა რამ იყო და არა უფულობა ...

- ჩვენს ოფიციალურ განცხადებაში ეწერა, რის გამოც ვფიქრობდით ჩემპიონატის დატოვებას. მე და ჩემი ბიზნესპარტნიორები დავსხედით, ვილაპარაკეთ და იმ დასკვნამდე მივედით, რომ დროზე გავცლოდით შექმნილ ვითარებას. ჩვენ ჩვენი გათვლები, გეგმები, ნაირ-ნაირი პროექტები გვაქვს, საქმეში ფულს ვდებთ, მაგრამ ვეღარ დავინახეთ ის გზა, რომელიც, ზოგადად, ქართული ფეხბურთისთვის წარმატების მომტანი იქნებოდა. ჩვენი ფეხბურთის განვითარებისთვის რაც იყო ნათქვამი, არ ან ვერ სრულდებოდა... ორი დღის განმავლობაში ინტენსიური მოლაპარაკებები გვქონდა ფედერაციისა და პროფლიგის ხელმძღვანელობასთან და საერთო ენა გამოვნახეთ. ”ზესტაფონი” ჩემპიონატში მონაწილეობას აგრძელებს, თუმც ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემები მოხსნილია. ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამაზე ვლაპარაკობ, რომელიც უკვე დამტკიცებულია, თუმცა ჯერ რეალურად არ ამოქმედებულა. ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის კარგი იქნება, თუ გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებებიც მოხდება. არ შეიძლება, რომ საფეხბურთო კლუბის პატრონი ორმაგად იბეგრებოდეს. ინვესტორი თვითონ უნდა იყოს დაინტერესებული, ფეხბურთში ფული დააბანდოს. არის ინფრასტრუქტურული საკითხები, ქვეყნიდან ფეხბურთელთა ქაოტური მიგრაციის საქმეც გამოსასწორებელია... მოკლედ, პერსპექტივა ვერ დავინახეთ დ ამიტომაც ვთქვით უარი ჩემპიონატში მონაწილეობაზე, მაგრამ მოგვიანებით ფედერაციის, პროფლიგის და სხვა კლუბების ხელმძღვანელებთან საუბარმა დამარწმუნა, რომ ხსენებული პრობლემები მოგვარდება და ფეხბურთის განვითარების პროგრამაც სასურველ შედეგებამდე მიგვიყვანს.

- პროგრამის ამოქმედება შეჩერებული რატომ არის?

- არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით. იმედი კი მაქვს, რომ მალე ამოქმედდება.

- ისევ თქვენს უარს მივუბრუნდეთ. ისიც ითქვა, რომ ”ზესტაფონ”-მა ამგვარი გადაწყვეტილება გიორგი განუგრავას ტრანსფერის გამო მიიღოო ...

- არა, განუგრავა აქ არაფერ შუაშია და ჩვენ ფეხბურთელთან არანაირი პრეტენზია არ გვაქვს. ჩვენ პრეტენზია გვაქვს არალიცენზირებულ აგენტებთან, მათთან, ფეხბურთელებს ფიფა-უეფას წეს-კანონის დაუმორჩილებლად კლუბიდან კლუბში რომ დაატარებენ. ეს ხალხი უნდა ჩამოშორდეს ქართულ ფეხბურთს. თავად განუგრავასთან კი, ვიმეორებ, არანაირი პრეტენზია არ გვაქვს. სხვა საქმეა, რომ ”ბოლესლავ”-ზე გაცილებით სახელოვან კლუბში შეეძლო კარიერის გაგრძელება, რისი პოტენციალიც ამ ფეხბურთელს აქვს.

- გოგი ფიფიასა და გიორგი ჭელიძის ”ზესტაფონი”-დან შესაძლო წასვლა-გაშვებაზე რას იტყოდით?

- წავიდნენ, ჩვენ არც ერთ ფეხბურთელს პრობლემას არ ვუქმნით, ოღონდ წავიდნენ ისე, როგორც ამას კონტრაქტის პირობები ითვალისწინებს. ჩვენ მაღალი დონის კლუბის გაკეთება გვსურს და ასეთი პოლიტიკა გვაქვს: არ გვჭირდება ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც ჩემოდანი ჩალაგებული აქვთ და თვალი გაქცევაზე უჭირავთ. კი ბატონო, ფიფასა და უეფას წეს-კანონებით გადაიხადონ საკომპენსაციო თანხა. არის მეორე ვარიანტიც- დაელოდონ კონტრაქტის ამოწურვას და მესამეც - იჯარა. ოღონდ, რა ვადითაც იჯარით სხვა კლუბში ითამაშებენ, ის პერიოდი ”ზესტაფონ”-თან მოქმედ კონტრაქტს დაემატება. იყო აგერ ფიფია ”დნიპრო”-ში, მაგრამ რატომ არ დაიტოვეს?! ”დნიპრო”-ს პატრონი ჩემი ბიზნესპარტნიორია, ხოლო მწვრთნელმა ოლეგ პროტასოვმა თავად მითხრა, ამ ბიჭს ყველაფერი აქვს დიდი ფეხბურთის სათამაშოდ, მაგრამ შრომისმოყვარე არ არის და ასეთი ფეხბურთელი არ მჭირდებაო. ”დნიპრო”-მ აიყვანა სანდრო კობახიძე, რის სანცვლოდაც ”დინამო”-მ სოლიდური თანხა მიიღო, მაგრამ არ აიყვანა ფიფია. რატომ? - უკვე გითხარით. სხვათაშორის, აგენტების გამო კობახიძის ტრანსფერის ჩაშლის პირას იყო...

- არალიცენზირებულ აგენტებზე როცა საუბრობთ, იქნებ გვითხრათ, ვის გულისხმობთ? ვინ წაიყვანა, მაგალითად განუგრავა ”ბოლესლავ”-ში?

- განუგრავას ბედით გაიოზ დარსაძე ჟონგლიორობდა. ის, თავის დროზე, გავაფრთხილე კიდეც, რომ ამის უფლება არ აქვს. ფეხბურთელს გუნდიდან გუნდში გადასვლას ვერავინ დაუშლის, ის კი, ვინც მას გზას ურევს, ფეხბურთს უნდა ჩამოშორდეს. ჩვენ ყველას პრობლემას შევუქმნით, ვინც ფეხბურთელთა შეცდომაში შეყვანასა და გუნდიდან გუნდში ბნელი გზებით წაყვანას შეეცდება...

- კარგით, სატრანსფერო ამბებზე მომავალში, ალბათ, კიდევ ვისაუბრებთ. ახლა ”ზესტაფონი”-ს საკლუბი ინფრასტრუქტურაზე გვითხარით. როგორც ვიცით, საწრთნელი ბაზის შენება ჯერ კიდევ არ დაგიწყიათ ...

- ბევრჯერ მითქვამს, რომ ჩვენ, რაც ჩაფიქრებული გვაქვს და რაც კლუბის განვითარების გენერალურ გეგმაში წერია, ყველაფერს გავაკეთებთ. სტადიონსაც უფრო გავაკოხტავებთ და სხვა საქმეებსაც მოვაგვარებთ, მაგრამ, ზოგადად, ქართული ფეხბურთისთვის ეს არაფერი იქნება, თუ სახელმწიფოს ხელშეწყობა არ გვექნება, თუ ინვესტორი არ დაინტერესდება, თუ ფეხბურთის განვითარების პროგრამა არ ამოქმედდება. აგერ, მაგალითად, რაღაც ბიუროკრატიული ბარიერების გამო, ოთხი თვეა, ვერ გაკეთდა ის საბუთები, რის შემდეგაც მიწის ნაკვეთის შესაძენად ტენდერი უნდა ჩატარდეს. ჩვენ გვსურს ნაკვეთის შესყიდვა და იქ თანამედროვე საწვრთნელი ბაზის აშენება. სხვათაშორის, ამასწინათ კახა კალაძის დახმარებით, ”მილანი”-ს ბაზა დავათვალიერე და გადავწყვიტე, რომ ზუსტად ისეთივე გავაკეთოთ ”ზესტაფონი”-სთვის . სხვაობა მხოლოდ სავარჯიშო მოედნების რაოდენობა იქნება, მილანელოს ბაზაზე 9 მოედანია, ჩვენ 5 გვექნება. სხვა მხრივ კი, ”ზესტაფონი”-ც ”მილანი”-ს დარი ბაზით იამაყებს, ოღონდ... გავიმეორებ, რომ ხელშეწყობა გვჭირდება და ძალიან დიდი იმედი მაქვს, სახელმწიფო პროგრამაც მალე რეალურად იმოქმედებს ჩვენი ფეხბურთის განვითარებაზე.

- როდის დაიწყებთ მშენებლობას?

- მეორე დღესვე, როგორც კი მიწის ნაკვეთი ჩვენი იქნება. მთავარია, სახელმწიფოსაგან ხელშეწყობა იყოს, ინვესტორები პირობებით დავაინტერესოთ და საკლუბო ინფრასტრუქტურა თავისთავად განვითარდება, საქმის კეთების მეტი ხალისი იქნება და აღარც ფეხბურთელებს ექნებათ თვალი გაქცევაზე.

- წმინდა სპორტულ მხარეზე რას იტყვით? ”ზესტაფონ”-ს ჩემპიონობის კარგი შანსი აქვს ...

- შანსი კი გვაქვს, მაგრამ, მერე რა ?! ვითამაშოთ ევროტურნირებზე და მერე იქ შარშანდელივით შევრცხვეთ?! მირჩევნია, გუნდი კარგად მოემზადოს, ფეხბურთელებმა ოსტატობა აიმაღლონ, ჩამოყალიბდნენ და ევროპაში ანგარიშგასაწევი გუნდი მივიღოთ. აღარც ის მინდა, სანახევროდ მომზადებული ან სულაც მოუმზადებელი ფეხბურთელი მოვიდეს და კონტრაქტის დარღვევა მთხოვოს. მოემზადონ, ჯერ აქ გაიზარდნენ და მერე ხომ თავადაც და ქართული გუნდებიც მაღალ დონეზე ითამაშებენ. მსურს, რომ ”ზესტაფონ”-მა საკუთარი და ქვეყნის სახელი ევროპაში ღირსეულად წარმოაჩინოს და არა ისე, როგორც ”ტობოლ”-თან შეხვედრისას. ჩვენ შორსმიმავალი გეგმები გვაქვს და ამის ერთ-ერთი დასტური ისიც არის, რომ მწვრთნელ თემურ მახარაძეს 5-წლიანი კონტრაქტი გავუფორმეთ. მას საშუალება მივეცით, თავისი ცოდნა და ნიჭი ბოლომდე გამოავლინოს და გუნდი ისე მოამზადოს, ევროპაში თამაშის არ შეგრცხვეს.

- ამას წინათ გოჩა ჯამარაულმა, მიხეილ ყაველაშვილმა და ლევან ყიფიანმა მოძრაობა ”ჩვენი ფეხბურთი” რომ დააარსეს, ამის თაობაზე რას იტყვით?

- პრობლემას ვერ ვხედავ ამ გაერთიანების შექმნაში, მთავარია, რა შეიცვლება და მომავალში რა იქნება. მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული, რა გვინდა და რატომ... გავიმეორებ, სასურველია, რომ შეიცვალოს საკანონმდებლო ბაზა, ინვესტორებს დაინტერესება ჰქონდეთ, ამოქმედდეს ფეხბურთის განვითარების პროგრამა... ისე კი, როცა ასეთი გაერთიანება თუ მოძრაობა იქმნება, აჯობებდა, მათ ჩვენთვისაც ეკითხათ აზრი, იქნებ რას ვეუბნებოდით, იქნებ ამ დიალოგში რაიმე უკეთესი, ყველასათვის სასარგებლო რამ მოვიფიქროთ... ჩვენი კარი ღიაა და ქართული ფეხბურთის განვითარებაზე დიალოგს წინ რა უდგას... ჩვენ ვართ ქართულ ფეხბურთში და ვფიქრობ, ჩვენი მოსაზრებებიც საინტერესო უნდა იყოს. აბა, სეირის ყურება სასიამოვნო სულაც არ არის...

 

გაზეთი ”სარბიელი”
   
FC ZESTAFONI © 2005