2008 წლის 23 თებერვალს სტარტი აიღო საქართველოს XIX-ე ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრემ. საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” 24 თებერვალს ესტუმრა ქვეყნის 2004 წლის ჩემპიონს, თბილისის საფეხბურთო კლუბ ”ვიტ-ჯორჯია”-ს .
მიმდინარე ჩემპიონატის ლიდერთა ჯგუფის წევრთა ურთიერთდაპირისპირება მეტად დაძაბული და საინტერესო გამოდგა. სტუმრებს მატჩის დებიუტში შეეძლოთ დაწინაურება, როდესაც ზურაბ იონანიძის შორიდან დარტყმული ვეტერინართა მეკარემ ხელში ვერ დაიჭირა, თუმცა მასპინძელთა კარის ბადე შეურხეველი დარჩა. პირველი ტაიმის ბოლო 15 წუთი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა - სწორედ დროის ამ მონაკვეთში ვიტელებმა ორი ბურთით დაამწუხრეს გრიგოლ ჭანტურია - 29-ე წუთზე გიგა ბეჭვაიამ ანგარიში გახსნა, ხოლო 41-ე ზე გიორგი მელქაძემ შორეული ლამაზი დარტყმით ანგარიში ორამდე გაზარდა.
მეორე ტაიმში ზესტაფონელებმა სცადეს შეხვედრის მიმდინარეობაში გარდატეხის შეტანა, თუმცა ერთადერთი, რასაც სტუმრებმა მიაღწიეს - კომპენსირებულ დროში ეტიენ ბიტო’ოს მიერ გატანილი პრესტიჟის გოლია. შედეგად, ''ვიტ-ჯორჯიის'' დამსახურებული გამარჯვება ანგარიშით 2 - 1 .