ინტერვიუ ბექა გოცირიძესთან.
”ოლიმპ”-ს ბენაშვილმა გაუტანა.
საქართველოში სეზონი სათასო მატჩებით განახლდა. მეოთხედფინალური ეტაპის მთავარი შეხვედრა კი უდავოდ რუსთავში იყო: ”ოლიმპი” - ”ზესტაფონი” (0-1). მატჩის ერთადერთი გოლი იმერელთა ფორვარდმა ბექა გოცირიძემ შეაგდო და მასთან საუბარიც სწორედ ამ მატჩით დავიწყეთ ...
- ძნელი თამაში რომ იქნებოდა, ისედაც ცხადი იყო. ”ოლიმპი” საკმაოდ ნორმალური გუნდია. ცუდმა მოედანმა თავისი გავლენა იქონია, მოძრაობა და ბურთის გორება ჭირდა. ეტყობა, ერთი გოლის თამაში იყო - ვინც გაიტანდა, ის მოიგებდა. საბედნიეროდ, ეს ჩვენ შევძელით.
- ეს ერთადერთი გოლი კი ალექსი ბენაშვილის პასით შეაგდე ...
- ფაქტობრივად, ბენაშვილის გოლად შეიძლება ჩაითვალოს. ისეთი პასი მომცა, არგატანა საცოდაობა იქნებოდა.
- როგორ ფიქრობ, ნახევარფინალი გარანტირებული გაქვთ?
- სტუმრად მოვიგეთ, თუმცა საპასუხო მატჩამდე გადაწყვეტილი არაფერია. რა თქმა უნდა, მომდევნო ეტაპზე გასვლის უკეთესი შანსი ჩვენ გვაქვს .
- მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე ”ზესტაფონი”-ს ხელმძღვანელობა საქართველოს თასზე და ჩემპიონატში თამაშს უარობდა ...
- სიმართლე გითხრათ, ამის თაობაზე ტელევიზორიდან გავიგე და გაკვირვებული დავრჩი. კლუბის ხელმძღვანელებს ამ თემაზე ჩვენთან არ უსაუბრიათ. მთავარია, ყველაფერი ცუდი უკან დარჩა და ”ზესტაფონი” ისევ არსებობს.
- საქართველოს ეროვნულ ნაკრებზეც გკითხავ; კლაუს ტოპმიოლერმა ლატვიის ნაკრებთან გიხმო და მცირე ხნითაც გათამაშა ...
- სასიამოვნოა, როცა ეროვნულ გუნდში გიძახებენ. რაც შეეხება შედეგს, რა თქმა უნდა, ლატვიასთან შინ 1-3 წაგება ძალიან ცუდია, მაგრამ... ფეხბურთია და ხდება...
|