2008 წლის 17 თებერვალს გაიმართა დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული ”ყაზბეგი”-ს თასის გათამაშების პირველი მეოთხედფინალური მატჩები. საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” რუსთავში ესტუმრა ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს, საფეხბურთო კლუბ ”ოლიმპ”-ს .
მატჩის საწყისი წუთები ზესტაფონელთა აშკარა უპირატესობით წარიმართა, სტუმართა დაწინაურება ალექსი ბენაშვილსა და ეტიენ ბიტო’ო -ს მართებდათ, თუმცა რუსთაველთა გოლკიპერი მირზა მერლანი ორივეჯერ ადგილზე დახვდა ბურთს. ზესტაფონელთა ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობა აშკარა მთელი პირველი ტაიმის მანძილზე გახლდათ, თუმცა ტაიმი უგოლოთ - 0-0 დასრულდა.
მეორე ტაიმში მასპინძლები შეეცადნენ თამაშის მიმდინარეობაში გარდატეხა შეეტანათ, თუმცა მათ მარგველთა რამოდენიმე სახიფათო კონტრიერიში გამოეპარათ. გამარჯვების გოლი კი ზესტაფონელებმა მატჩის მიწურულს გაიტანეს- ალექსი ბენაშვილმა მეკარესთან პირისპირ ბექა გოცირიძე გაიყვანა და სტუმართა ახალგაზრდა ფორვარდმა ზუსტი დარტყმით მასპინძელთა კარის ბადე შეარხია. შედეგად, ზესტაფონელი ფეხბურთელების დამსახურებული გამარჯვება ანგარიშით 1-0.