”ბელეკ არკადიის” თასის სასტარტო შეხვედრა .
2008 წლის 1 თებერვალს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონ”-მა გამართა ”ბელეკ არკადიის” თასის გათამაშების ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩი. იმერელთა მეტოქე გახლდათ ყაზახეთის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი, ქალაქ ყარაგანდის საფეხბურთო კლუბი ”შახტიორი”.
ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: ჭანტურია, საჯაია, ონიანი, კესანი, თოდუა, ლობჟანიძე (ღონღაძე, 46), ხიდეშელი (ბენაშვილი, 46), ვიეირა, ფიფია (გოცირიძე, 46), ნ.კვასხვაძე (გელაშვილი , 56), იონანიძე (ბიტო’ო, 60).
ყარაგანდის ”შახტიორი” ყაზახეთის ერთ-ერთი ღირსეული და წარმატებული კოლექტივი გახლავთ. გუნდს ქართველი სპეციალისტი რევაზ ძოძუაშვილი წვრთნის. მთავარი მწვრთნელის გარდა, ჩრდილოყაზახური გუნდის ღირსებას ქართველი ფეხბურთელები - ლევან მელქაძე და ლაშა ნოზაძე იცავენ. საინტერესოა, რომ ზესტაფონელთა წინაღმდეგ ლაშა ნოზაძემ სასტარტო შემადგენლობაში იასპარეზა, ხოლო ლევან მელქაძე მინდორზე მეორე ტაიმში გამოჩნდა.
რაც შეეხება შეხვედრის მსვლელობას, მატჩი მეტად დაძაბული გამოდგა - ისევ, როგორც ”კრივბასი”-ს შემთხვევაში, საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონ”-ს მეტად ღირსეული მეტოქე ჰყავდა. შეხვედრის 15-ე წუთზე გოგა ფიფია ვალდებული იყო ანგარიში გაეხსნა, მან ფლანგიდან ჩაწოდებულ ბურთს თავი დაახვედრა, მაგრამ სულ ხუთიოდე მეტრიდან კარს ააცილა. შესვენებისას თემურ მახარაძემ შემადგენლობაში რამოდენომე ცვლილებას მიმართა, თუმც 58-ე წუთზე გაუთვალისწინებელი რამ მოხდა - პოლ კესანიმ უხეშობისთვის მეორე ყვითელი ბარათი დაიმსახურა და თავისიანები უმცირესობაში დატოვა. მარგველთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ აფრიკელი ლეგიონერის გაძევების შემდეგაც, პირველი ტაიმის მსგავსად, ისინი ინარჩუნებდნენ ტერიტორიულ უპირატესობას, მეტიც - ნიკა გელაშვილს მართებდა ზესტაფონელთა დაწინაურება, თუმც მისი დარტყმაც ოდნავ არაზუსტი გამოდგა. უნდა ითქვას ისიც, რომ ყაზახეთის ბრინჯაოსნებს რაიმე განსაკუთრებული ხიფათი ქართველთა კართან მატჩის მსვლელობისას არ შეუქმნიათ, მეტად საინტერესო მატჩი დასრულდა საბრძოლო შედეგით 0-0, რომელიც თემურ მახარაძემ და რევაზ ძოძუაშვილმა ერთმანეთს შეხვედრის დასრულებისთანავე მიულოცეს.
|
01/02/2008- ”ზესტაფონი” - ”შახტიორი” (ყარაგანდა, ყაზახეთი) 0-0 |
|
”არკადია ბელეკის” თასის გათამაშების შემდეგ შეხვედრას ს. კ. ”ზესტაფონი” გამართავს ზეგ, 3 თებერვალს. |