თურქულ შეკრებაზე იმერელთა პირველი გამარჯვება .
2008 წლის 30 იანვარს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონ”-მა გამართა თურქული შეკრების მორიგი ამხანაგური მატჩი. ამჯერად ზესტაფონელთა მეტოქე გახლდათ უკრაინის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის წარმომადგენელი საფეხბურთო კლუბი ”კრივბასი” ქალაქ კრივოი როგიდან.
ზესტაფონელებმა შემადგენლობა ასე გამოიყურებოდა: ჭანტურია (რ.კვასხვაძე, 46), ბახტურიძე (დაუშვილი, 46), თოდუა (ლობჟანიძე, 46), საჯაია, ხიდეშელი (ღონღაძე, 46), ონიანი (გორგიაშვილი, 65), ჭელიძე (ბენაშვილი, 46), კესანი (ნ.კვასხვაძე, 46), ვიეირა (ხუმარაშვილი, 46), იონანიძე (გოცირიძე, 46(გავაშელაშვილი, 75)), ფიფია (გელაშვილი , 46(საცერაძე, 75)).
კრივოი როგის ”კრივბასი” უკრაინის ერთ-ერთი ღირსეული და დიდი ტრადიციების მქონე წარმომადგენელი გახლავთ. გუნდს, წარსულში ცნობილი ფეხბურთელი, დნეპროპეტროვსკის ”დნეპრი”-ს შემადგენლობაში საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, ოლეგ ტარანი წვრთნის. ”კრივბასი” უკრაინის მიმდინარე ჩემპიონატში, პირველი წრის შემდეგ, მერვე ადგილზეა, თუმცა ამას სულაც არ შეუშლია უკრაინელთათვის ”ზესტაფონ”-თან მატჩამდე პოლონეთის მოქმედი ჩემპიონის, ქალაქ ლიუბინის საფეხბურთო კლუბ ”ზაგლემბე”-ს დამარცხებაში (2-1).
ქართულ-უკრაინული დაპირისპირება კი ძალიან საინტერესო გამოდგა - ეს ნამდვილად ღირსეულ მოწინააღმდეგეთა შეხვედრა იყო, ორივე გუნდი მინდორზე მეტად ორგანიზებულად გამოიყურებოდა. შეხვედრის ბედი კი შეუდარებელი ზურაბ იონანიძის ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, ”იონამ” 22-ე წუთზე ზესტაფონელთა სწრაფი კონტრშეტევა ლამაზი დარტყმით დააგვირგვინა. გოლის შემდეგაც მეტოქენი ჰქმნიდნენ ხიფათს ერთურთის კართან: უკრაინელებსაც ჰქონდათ ანგარიშის გათანაბრების შესაძლობლობები, ქართველებსაც - ანგარიშის გაზრდისა, თუმცა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატების მთავარმეგოლის წარმატება ამ მატჩში ერთადერთი აღმოჩნდა, მარგველთა გამარჯვება ღირსეულ მეტოქესთან შეხვედრაში - 1-0.
|
30/01/2008- ”ზესტაფონი” - ”კრივბასი” (უკრაინა) 1-0 |
|
რაც შეეხება ”ბელეკ არკადიის” თასის გათამაშებას, რომელიც სტარტს ხვალ იღებს, ორგანიზატორებმა კიდევ ერთი ”სიურპრიზი” შესთავაზეს ტურნირის მონაწილეებს - ჯგუფების შემადგენლობა კიდევ ერთხელ გადახალისდა. ამის შედეგად, ჩვენი მეტოქე ხვალ გასამართ სასტარტო შეხვედრაში რევაზ ძოძუაშვილის ყარაგანდის ”შახტიორი” იქნება.
|