ფერო ფედერაციას აღარ დააფინანსებს

ორი წელი და კიდევ რამდენიმე თვე გავიდა მას მერე, რაც სააქციო საზოგადოება "ფერო" ფეხბურთის ფედერაციის სპონსორი გახდა. მაშინ სფფ-ის პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია იყო და ის სპონსორთა რიცხვის გაზრდაზეც აქტიურად მუშაობდა.

სარწმუნო წყაროს ცნობით, თითქმის მიღწეული იყო შეთანხმება "ლუკოილთან" და ეს კომპანიაც "ყაზბეგსა" და "ფეროსთან" ერთად, ფეხბურთის ფედერაციის სპონსორი უნდა გამხდარიყო, მაგრამ მაშინ ჟორდანია დააკავეს და სიტყვიერი შეთანხმების საკონტრაქტო ფურცელაზე გადატანაც ვერ მოესწრო.

ისევ "ფეროს" დავუბრუნდეთ. 2005 წლის 7 აპრილს სფფ-ის ყოფილი თავკაცი მერაბ ჟორდანია მეორედ დააკავეს. ამ ამბიდან რამდენიმე დღეში კი, "ფერომ" უარი განაცხადა ფედერაციის დაფინანსებაზე.

11 ივნისის არჩევნების შემდეგ, ფედერაციის პრეზიდენტი ნოდარ ახალკაცი გახდა და "ფეროსთან" ურთიერთობებიც ჩვეულ კალაპოტში ჩადგა. ანდა, რატომ არ ჩადგებოდა, როცა ახალკაცის კანდიდატურა სფფ-ის არჩევნების პოსტზე ს.კ. "ზესტაფონმა" წარადგინა, რომლის მეპატრონე და დამფინანსებელიც სწორედ "ფეროა".

გუშინწინ, 19 სექეტმბერს, დიღმის ბაზაზე თბილისის "დინამოს" ხელმძღვანელთა მიერ მოწყობილ პრესკონფერენციაზე, პრესამ გაახმიანა კითხვა - რამდენად გამართლებულია, როცა ფედერაციის სპონსორი, უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე ერთ-ერთი კლუბის მეპატრონეაო...

გუშინ კი, "ბორჯომი"-"ზესტაფონის" მატჩის შემდეგ, ზესტაფონური კლუბის პრესატაშე სერგო ფუტკარაძემ შემდეგი ინფორმაცია გაგვაცნო:

"რთულია კომენტარის გაკეთება იმაზე, თითქოსდა "ზესტაფონს" ფედერაცია ეხმარება და სხვა კლუბს თუ კლუბებს ჩაგრავს, ძირავს და ა.შ. ეს შავი პიარ-კამპანიაა ჩვენი კლუბის წინააღმდეგ, რომელიც რევანშისტული ძალების მიერაა ინსპირირებული... ახლა რაც უნდა გამცნოთ, ეს არანაირად არ უკავშირდება ჩვენს კლუბს. უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ სააქციო საზოგადოება "ფეროს" გადაწყვეტილებით, "ფერო" ფედერაციას აღარ დააფინანსებს. ასეთია გადაწყვეტილება, რაც შეეხება კონტრაქტის გაწყვეტას, ეს მალე გახდება ცნობილი".

ბუნებრივია, ამის შემდეგ, ილია კოკაიასთან დაკავშირება და მისი კომენტარის მოპოვება გადავწყვიტეთ. კოკაიამ განგვიცხადა, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილება მიღებულია და მალე ყველაფერი დაწვრილებით იქნება ცნობილი.

www.internet.ge

 

   
FC ZESTAFONI © 2005