ს.კ. ”ზესტაფონი” სეზონის განახლებისათვის ემზადება.
საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” განაგრძობს საქართველოს XIX-ე ეროვნული ჩემპიონატისა და დავით ყიფიანის სახელობის ”ყაზბეგი”-ს თასის გათამაშების გადამწყვეტი, საგაზაფხულო ნაწილისათვის მზადებას.
როგორც მოგეხსენებათ, სეზონის საგაზაფხულო ნაწილისათვის ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერის საუკეთესოდ მომზადებისათვის გუნდის ხელმძღვანელობას დაგეგმილი აქვს სამი მოსამზადებელი ეტაპის ჩატარება. მომზადების პირველი ეტაპი, რომელიც დასრულდა გასული წლის 30 დეკემბერს, მიზნად ისახავდა საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს ფეხბურთელთა სამედიცინო შემოწმებას და მათ ფუნქციონალურ კონდიციებზე მუშაობას.
2008 წლის 5-11 იანვარს გუნდი კვლავ იმყოფებოდა დაბა ბაკურიანში, სადაც გაიარა მომზადების მეორე ეტაპის ფარგლებში გათვალისწინებული შეკრება. ძველით ახალი წლის შემდეგ კი საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” შეიკრიბება თბილისში, სადაც გააგრძელებს მზადებას 23 იანვრამდე. ამის შემდეგ კი გუნდი გაემგზავრება თურქეთის რესპუბლიკის საკურორტო ქალაქ ანტალიაში, სადაც გაიმართება სეზონის განახლებისათვის მზადების დასკვნითი, მესამე ნაწილი.
გუნდთან ერთად იმყოფება კამერუნელი თავდამსხმელი ერიკ-რომეო ჩასემი, რომელიც აქამდე ბოლნისის ”სიონ”-ში ასპარეზობდა.
კლუბებს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება აფრიკელი ფეხბურთელის იმერულ კლუბში გადასვლასთან დაკავშირებით.