ბორჯომი - ზესტაფონი 1-0
- მეექვსე ტურის ეს ცენტრალური შეხვედრა გასულ უქმეებზე უნდა გამართულიყო , მაგრამ იმის გამო გადაიდო , რომ " ზესტაფონის " ფეხბურთელები 19- წლამდელთა ნაკრების რიგებში , ტალინში , ევროპის ჩემპიონატის პირველ შესარჩევ ციკლში ასპარეზობდნენ და თბილისში გუშინწინ გამთენიისას , დაბრუნდნენ .
შეხვედრის მთავარი ინტრიგა ის გახლდათ , რომ ამ გუნდებს შორის 3- ქულიანი სხვაობა იყო , ეს მაშინ , როცა ზესტაფონელებს ბორჯომელებზე თამაშით ნაკლები ჰქონდათ ჩატარებული . ასე რომ , თუკი იმერლები მოიგებდნენ , გათამაშების ცხრილში მეშვიდე საფეხურიდან ზემოთ შეეძლოთ აღზევება , თანაც ერთი მატჩი მარაგში დარჩებოდათ .
სხვათა შორის , ისიც უნდა ითქვას , რომ ამ შეხვედრამდე , თბილისში ბევრი ამტკიცებდა , " ბორჯომს " " ზესტაფონი " იოლად მოუგებსო . თამაშის შემდეგ კი ამტკიცებდნენ , " ზესტაფონზე " იმხელა აჟიოტაჟი ატყდა , რომ დღეს უნდა წაეგოთ , მეორე წრეში ხომ 3 ქულა ჯიბეში აქვთო ... ძნელია ამ ვერსიათა დამტკიცება , მაგრამ როგორც ნათქვამია , ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება , რეალობას კი მომავალი დაგვანახვებს .
ერთი სიტყვით , მოარულ ხმებს მოვრჩეთ და მატჩზე გადავიდეთ . შეხვედრა მართლაც დაძაბული და საინტერესო გამოდგა . ისეთი , რომელზეც ვერავინ იტყოდა , ვინმე ვინმეს " თამაშს აძლევსო ". კარგი იყო ტემპიც , მობილიზებაც , კარში დარტყმებიც ... ზესტაფონელები მატჩის შემდეგ უკმაყოფილონი იყვნენ - ესაა , ფედერაცია " ზესტაფონს " ეხმარებაო ? მატჩის ბოლოს (88- ე წუთი ), ნუდნის წაქცევისთვის პენალტი გვეკუთვნოდა და არბიტრმა თვალები დახუჭაო ... ჩვენი მხრივ კი დავძენთ , რომ პრესლოჟიდან იმ მომენტის დანახვა ძნელი იყო , მთავარი ისაა , რა არის ასახული ვიდეოფირზე და მატჩის დელეგატის პატაკში ...
თამაში სწრაფ ტემპში დაიწყო და ასევე გაგრძელდა . მასპინძლებმა სტარტზევე იძალეს , მაგრამ სტუმრებიც არ იყვნენ გულხელდაკრეფილნი . ჯერ ქორიძემ ააცილა კარს , მერე გეწაძის დარტყმაც არაზუსტი გამოდგა . მალევე აფციაურის დარტყმულს გადაეფარა ქვაჩახია . მერე კი თურმანიძემ ააცილა მიზანს . საინტერესო მატჩით არსებული დაძაბულობა ( ტრიბუნებზე ორივე გუნდის ქომაგები სკანდინერბდნენ ) 28- ე წუთზე მინდორზე გამოჩენილმა ძაღლმა განმუხტა , რომელმაც მოედნის ერთი კიდიდან მეორემდე გაინავარდა ... ძაღლს " ბორჯომისთვის " კარგი ფეხი აღმოაჩნდა . აფციაურის მორიგი მცდელობა შედეგიანი აღმოჩნდა . თორნიკე ფლანგიდან შეიჭრა საჯარიმოში , მცველი ჩამოიშორა და 1:0. თორნიკე აფციაურმა კი გაიტანა , მაგრამ ეს უფრო ოსტატობის ნაყოფი იყო და არა იღბლისა .
გატანილი გოლით ბორჯომელები არ დაკმაყოფილდნენ . 35- ე წუთზე გეწაძემ , რომელიც ამ შეხვედრაში გამორჩეული გახლდათ , სოლორეიდით სამი მცველი ჩამოიშორა , მაგრამ ბოლოს კარში ვეღარ დაარტყა . მალევე , ისევ გეწაძემ , იგივე გაიმეორა , მაგრამ კვლავ უშედეგოდ .
მახარაძე მიხვდა , რომ " ახალი სისხლი " იყო საჭირო და ეს როლი კარგად შეასრულა სერგეი ნუდნიმ , რომელმაც სტუმრები გამოაცოცხლა . ტაიმის ბოლოს ბორჯომელებმა კიდევ ერთი გაისროლეს , გეწაძის დარტყმული ქვაჩახიამ აიღო .
ფრუიძის შეგირდებმა მეორე ნახევარიც აქტიურად დაიწყეს : საჯარიმოში მარჯვენა ფრთიდან შეჭრილმა გეწაძემ ქორიძე კარგად შენიშნა და უპასა კიდეც , მაგრამ წინა ტურის პოკეროსანი ამჯერად ბურთს ვერ მისწვდა .
მალე იმერლები გამოცოცხლდნენ , რაც შეცვლაზე შესული სევასტი თოდუას დამსახურებაცაა . სტუმართა მონდომებამ შედეგი გამოიღო , იმერელთა შეტევები უფრო მწვავე გახდა .
58- ე წუთზე ნუდნიმ ჩხეტიანი კარგ პოზიციაზე მოძებნა , მაგრამ კახამ დააყოვნა და მერე მცველებმა მამალაძის დახმარებით , განმუხტეს ვითარება .
თავის მხრივ , " ბორჯომსაც " არ დაუყრია ფარ - ხმალი მე -60 წუთზე გაბისკირიამ საფირმო საჯარიმოს შედეგად , ბურთით ხარიხა შეაზანზარა . მერე ქორიძემ ააცილა , გეწაძის დარტყმული კი ისევ ქვაჩახიამ აიღო . 64- ე წუთზე , ჩხეტიანის დარტყმულიც მოხვდა ხარიხას . სტუმართა თავკაცმა მეგოლე იონანიძეც შეუშვა მინდორზე , რითაც მეტოქეზე დაწოლა გააძლიერა , მაგრამ აფციაურის მიერ გატანილი გოლი ერთადერთი აღმოჩნდა ამ შეხვედრაში .
მატჩის შემდეგ
" თავიდანვე ვიცოდით , რომ რთული მატჩი გველოდა . ვიცოდით ისიც , რომ მეტოქის ფეხბურთელები ტალინიდან ამ ცოტა ხნის წინ დაბრუნდნენ და გვინდოდა , პირველ ტაიმშივე გადაგვეწყვიტა თამაშის ბედი . გოლი გავიტანეთ კიდეც , მეორე ტაიმში , შეცვლებით საკმაოდ გააქტიურდნენ სტუმრები , მაგრამ მაინც მოვიგეთ . ერთი სიტყვით , კმაყოფილი ვარ , რომ მოვიგეთ ", - მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა " ბორჯომის " მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ .
" ზესტაფონის " თავკაცმა თემურ მახარაძემ კი შემდეგი აღნიშნა - " მეტოქეს მეორე ტაიმში კი ვაჯობეთ , მაგრამ გოლი ვერ გავიტანეთ . ამ ბოლო ხანს , დიდი ისტერია ატყდა ჩვენი კლუბის მისამართით . ჩვენი ფეხბურთელები 19 წლამდელთა ნაკრებში იყვნენ გამოძახებული და ფედერაციას თამაშის გადადება ვთხოვეთ . 2 დღით გადაგვიწიეს თამაში და ესაა დახმარება ? ამით გვეხმარება ფედერაცია ? ილია კოკაია კარგის მეტს არაფერს აკეთებს ქართულ ფეხბურთში და ტალახი და ლაფი მას ბევრმა ესროლა . ქართულ ფეხბურთში ასეთ კაცებს უნდა გავუფრთხილდეთ , თორმ ხელს ჩაიქნევენ , წავლენ და უარეს დღეში ჩავარდება ფეხბურთი . " დინამომ " წააგო და რა შუაშია აქ " ზესტაფონი "? ჩვენ , " ზესტაფონს " გვინდა ჩემპიონობა ? არა , რა ჩემპიონობა გაახალგაზრდავება დავიწყეთ და მომავლის გუნდს ვაშენებთ . ძალიან ვთხოვთ ყველას , ჩვენი კლუბის წინააღმდეგ დაწყებული ეს აჟიოტაჟი შეწყდეს , თორემ , ამის გამო ფეხბურთელებიც ფსიქოლოგიურ წნეხში ექცევიან ..." |