ზეიმი ზესტაფონის ქუჩაზე
79- ე წუთზე კუთხურს აწვდის მასპინძელი თურმანიძე , დინამოელ მცველებს წამით უმეთვალყურეოდ რჩებათ მეკარის ბაქნის კუთხესთან მდგომი იონანიძე , იგი თავით ბურთს მარცხენა დაბალ კუთხეში აგზავნის და გამარჯვების მომტანი გოლი გააქვს . აზვირთებული ტრიბუნების სიხარული უსაზღვროა.
ზესტაფონი 1:0 დინამო
მატჩი ნახევარი საათის დაგვიანებით დაიწყო : მატჩის დელეგატმა პაატა ბურჯალიანმა და ინსპექტორმა შოთა ხინჩაგაშვილმა პრინციპულობა გამოიჩინეს და პოლიციელთა სიმცირის გამო მატჩის დაწყება არ ისურვეს . სტადიონი პირთამდე იყო ავსებული და რაიმე ექსცესი რომ მომხდარიყო , ხალხს ორიოდე პოლიციელი ნამდვილად ვერ შეაკავებდა . თუმცა მალე ეს პრობლემა მოიხსნა .
... მერვედფინალის გადადებულმა მატჩმა ზესტაფონში უდიდესი ინტერესი გამოიწვია და ტრიბუნები პირთამდე შეივსო . მასპინძლებს ბარიერის გადასალახავად 1:0 ყოფნიდა . ორივე გუნდის მწვრთნელმა ერთნაირ სქემას 3-5-2- ს მიმართა . მათი გათვლით , მატჩის სასწორი მობილურ ნახევარდაცვას უნდა გადაეწონა . მძიმე გრუნტზე თავიდან სტუმრები უკეთესად გამოიყურებოდნენ და ბურთსაც აკონტროლებდნენ . პირველი სახიფათო მომენტი მხოლოდ 24- ე წუთზე შეიქმნა , მაგრამ მელქაძის ძლიერ დარტყმას მეკარე მომზადებული დახვდა . მასპინძლები ზედმეტად ნერვიულობდნენ , რის გამოც თამაში ვერ დაალაგეს . ტაიმის ბოლოს დინამოს კვლავ ჰქონდა ეპიზოდი , თუმცა ბურთი სამიზნეს მიღმა აღმოჩნდა . ერთი სიტყვით , პირველი ტაიმი ვერაფერი სახეირო გამოდგა და ყველანი გაწბილებული დარჩა , განსაკუთრებით მასპინძელთა თამაშით .
თუმცა პირველ ნახევარში მოხდა ის , რამაც მატჩის ბედზე გავლენა იქონია : 41- ე წუთზე მახარაძემ მოედანზე ნუდნი შეიყვანა და ამ შეცვლამ ზესტაფონელთა თამაში სასიკეთოდ შემოატრიალა .
... 54- ე წუთზე დინამოელებმა ერთი მოძრაობით მეკარესთან პირისპირ გაიყვანეს მელქაძე , რომელსაც საჯარიმოს ზედ ხაზთან წამოეწია მასპინძელთა ცენტრალური მცველი ღონღაძე და ძირს დასცა . სახიფათო ჯარიმა ჯამარაულმა კედელშემოტარებით დაარტყა , მაგრამ მეკარემ მშვენიერი ნახტომით ვითარება განმუხტა . ამის შემდეგ მასპინძლები პატარა უკრაინელი ნახევარმცველის აქტიური თამაშით გამოფხიზლდნენ და კონტრთამაში გააჩაღეს . თავად განსაჯეთ : 75- ე წუთზე ჯარიმისას არეულობა შეიქმნა - სახიფათოდ ჯერ გოცირიძე ურტყამს , დამატებაზე იონანიძე ყველას ასწრებს და ისევ მეკარე ზოიძეა მოწოდების სიმაღლეზე . 78- ზე მასპინძლები კვლავ აქტიურობენ . ნუდნის ჩაწოდებული ბურთი ჭიჭვეიშვილმა მოიგერია , მაგრამ იგი უკნიდან მოხვდა რომეროს და ცხრიანისკენ გაფრინდა - ზოიძემ თავისიანები აშკარა ხიფათისგან იხსნა .
მასპინძელთა აქტიურობამ შედეგი მაინც გამოი
ღო . წუთის შემდეგ დინამოელთათვის ის საბედისწერო სათასო წუთი დადგა , რომელზედაც თავში ვწერდით . უკიდურესობაში გადავარდნილმა " დინამომ " ბოლო ათი წუთი საკმაოდ აქტიურად ჩაატარა , თუმცა მხოლოდ ერთ მომენტს გამორჩნენ . მეკარე გამოსვლაზე ბურთს ვერ დაეუფლა და იგი მელქაძეს მიუგორდა , მაგრამ თავდამსხმელმა მახვილი კუთხიდან კარს ააცილა . საბოლოოდ მასპინძლებმა შეძლეს კარის მშრალად შენახვა , რამაც მათ ნანატრი გამარჯვება არგუნა . შეუძლებელია იმ სიხარულის გადმოცემა , რაც ზესტაფონელთა ტრიბუნებზე სუფევდა - ეს თავად უნდა გენახათ . ზეიმმა სტადიონიდან ქუჩებში გადაინაცვლა , შემდეგ კი - ოჯახებში . პრესკონფერენციაზე მწვრთნელემა შემდეგი განაცხადეს .
გიორგი გეგუჩაძე , " დინამო ": " პირველი ტაიმი კარგად ვითამაშეთ , ბურთსაც ჩვენ ვაკონტროლებდით . მეორეშიც არ მიდიოდა საქმე ურიგოდ , თუცა გაშვებულმა გოლმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა . ნამდვილად არ ვგეგმავდით თასიდან გამოთიშვას , მაგრამ სამწუხაროდ , ასე მოხდა ".
თემურ მახარაძე : " მრისხანე მეტოქე გვყავდა . პირველი მატჩის შემდეგ სწორი დასკვნები გავაკეთეთ და თამაშის ჩარხის საჩვენოდ შემობრუნება შევძელით . უზომოდ გახარებულები ვართ . ბიჭებს ყველას მინდა მადლობა მოვუხადო თავდადებისთვის . ჩვენი ახალი გუნდისთვის " დინამოს " ბარიერის გადალახვა დიდ ფსიქოლოგიურ გამარჯვებას ნიშნავს , ვეცდებით თასისთვის და ჩემპიონატშიც თავდადებითა და დიდი პასუხისმგებლობით ვიბრძოლოთ ".
მატჩის შემდეგ
გიორგი ნემსაძე : მარცხს არ ვიმსახურებდით ...
- თბილისში ახლახან დავბრუნდით და ჯერ კიდევ შოკში ვარ . კიდევ ვერ აღვიქვი , თასს როგორ გამოვეთიშეთ ... დასანანია , ახლა მხოლოდ ჩემპიონობისთვის მოგვიწევს ბრძოლა და არავის არაფერს დავუთმობთ .
- უშუალოდ მატჩზე რას გვეტყოდი ?
- სხვათა შორის , არაერთი საგოლე მომენტი შევქმენით . ამ მხრივ აშკარად დავჯაბნეთ მეტოქე და მარცხს ნამდვილად არ ვიმსახურებდით . პირველ ტაიმში მასპინძლებს ბურთი არ მივაღებინეთ . ფაქტობრივად , " ზესტაფონს " საგოლე მომენტი არ ჰქონია . მეორე ტაიმის შუაწელს ცოტა მოვდუნდით , მაგრამ ზოიძემ იყოჩაღა . თუმცა მას არც მასპინძელთა მეკარე ქვაჩახია ჩამორჩა და ჯამარაულს მკვდარი ბურთი აუღო . თუმცა , მელქაძის მომენტზე სხვაგვარი რეაგირება რომ ყოფილიყო ...
- რას გულისხმობ ?
- მცველმა მელქაძე საჯარიმოს ხაზთან მოცელა . არბიტრმა თამაშის წესის დამრღვევს ყვითელი ბარათი კი უჩვენა , მაგრამ ვფიქრობ , მცველი გასაძევებელი იყო ...
- საერთოდ მსაჯობას როგორ შეაფასებდი ?
- ჩემი აზრით , ამ შეხვედრაში ზესტაფონელები კაცნაკლულად დარჩენას იმსახურებდნენ , თანაც არაერთხელ .
- მინდვრის საფარზე რას იტყოდი ?
- იდეალური ნამდვილად არ იყო . თუმცა , მართალი გითხრათ , უარესს ველოდი .
- მატჩის შემდეგ " დინამოს " ხელმძღვანელებმა რა გითხრეს ?
- ძალიან გულგატეხილები იყვნენ , მაგრამ არაფერი უთქვამთ . კიდევ ერთხელ ვიმეორებ , მიჭირს იმის დაჯერება , რომ თასის გათამაშებას გამოვეთიშეთ .
- " ზესტაფონზე " რა წარმოდგენა შეგექმნა ?
- მეტოქე ძალიან მომეწონა . ეს გუნდი საგრძნობლადაა გაძლიერებული .
- " დინამოში " არაერთი ცვლილება მოხდა და საბოლოოდ როგორი გუნდის კონტურები გამოიკვეთა ?
- სხვათა შორის , ძალიან კარგად ვითამაშეთ . მარცხს არ ვიმსახურებდით . ვთვლი , რომ ცვლილებების შემდეგ " დინამო " უკეთესი გუნდია .
ზურაბ იონანიძე : ახლა თასიც უნდა მოვიგოთ
- შეიძლება ითქვას , რომ თანაბარი თამაში იყო . მატჩის წინ თანაგუნდელებს ვეუბნებოდი , ამ შეხვედრაში ერთი გოლი ყველაფერს გადაწყვეტს - მეთქი . უზომოდ გახარებული ვარ , რომ ის ერთადერთი ბურთი ჩვენ გავიტანეთ . თავი ზღაპარში მგონია , თასის გათამაშებიდან " დინამოს " გაგდება პატარა საქმე ხომ არაა .
- იქნებ გოლის ეპიზოდი აღგვიწერო ...
- თურმანიძემ კუთხურიდან მოაწოდა და კარისკენ ისეთი დავარტყი , ზოიძეს შანსი არ დავუტოვე . თუმცა ისიც უნდა ვთქვა , რომ " დინამოს " მეკარემ მანამდე " მკვდარი ბურთი " ამიღო .
- " ზესტაფონის " ხელმძღვანელობამ რა გითხრათ ?
- ყველანი უზომოდ გახარებულები ვართ . სეზონი ასეთი წარმატებით განვაახლეთ და ამიერიდან თასზე ვართ აქცენტირებულნი . ეს ერთი გზა გვაქვს ევროტურნირთა საგზურის მოსაპოვებლად და უნდა გამოვიყენოთ .
- ე . ი . თასის დაუფლებას უმიზნებთ ?
- რატომაც არა . ეს ძალიან ძნელი იქნება , მაგრამ უნდა შევძლოთ .
- მეოთხედფინალში გასვლისთვის პრემიალურები გქონიათ დაწესებული .
- ჰო , სოლიდურ პრემიას დაგვპირდნენ ... ძალზე მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგეთ . თემურ მახარაძე მაგარი მწვრთნელია .
- ამ მნიშვნელოვან გოლს ვის უძღვნი ?
- დღეს შეყვარებულთა დღეა და ჩემი მეუღლის თამადობით , ყველა შეყვარებულს ვუძღვნი . |