ინტერვიუ გოგი ფიფიასთან.
”ზესტაფონი” საჩემპიონო გუნდია.
საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” მთელი პირველი წრის მანძილზე პირველ ადგილზე იმყოფებოდა, მაგრამ წააგო თბილისის ”დინამო”-სთან და ახლა მეორე ადგილზე გადაბარგდა, არადა, ამ გუნდმა ისეთი თამაში აჩვენა, პირველობას ალალად იმსახურებდა. ”დინამო”-სთან მატჩი ცოტა ადრე უნდა გამართულიყო, მაგრამ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო დეკემბრისთვის გადაიტანეს. ამან კი იმერლებს სერიოზული პრობლემები შეუქმნა. მათ ჯერ თბილისის ”ამერ”-თან მოუწიათ თამაში, რამდენიმე დღეში კი ”დინამო”-სთან ...
როგორც არასდროს, ისეა ახლოს ჩემპიონის ტიტულთან ”ზესტაფონი” და ამაში გვეთანხმება გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფორვარდი გოგი ფიფია:
- გოგი, რა ხდება ”ზესტაფონ”-ში ?
- ამჟამად დასვენებაა გამოცხადებული .
-”დინამო”-სთან თამაშის მერე ?
- დიახ .
- როდის შეიკრიბებით ?
- 20 დეკემბრისთვის შევიკრიბებით და ახალი წლისთვის ისევ დავისვენებთ .
- შეკრება ექნება გუნდს ?
- აუცილებლად. ჯერ ბაკურიანში წავალთ, მერე კი უცხოეთში გავემგზავრებით .
- გუნდს ჩინებული სტარტი ჰქონდა, კარგა ხანი წაგებული არ ჰქონდა და ერთმა წაგებამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ამაზე გული არ გწყდებათ ?
- როგორ არ მწყდება გული. მაგრამ რას ვიზამთ? უნდა დაველოდოთ მეორე წრეს და სწორედ მაშინ უნდა დავამტკიცოთ, რომ ჩემპიონობის ღირსნი ვართ .
- პირველ წრეს როგორ შეაფასებდით ?
- თუ არ ჩავთლით თბილისის ”დინამო”-სთან შეხვედრას, ყველაფერი ძალიან კარგად იყო. ”ზესტაფონი” ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ პირველი იყოს. გუნდმა მთელი პირველი წრე კარგად ჩაატარა, მაგრამ თბილისის ”დინამო”-სთან წავაგეთ. ამ გუნდს, ეტყობა, მოგება უფრო ძალიან უნდოდა და ეს სურვილი აისრულეს კიდევაც. მაგრამ ჯერ მხოლოდ გზის ნახევარია გავლილი და მთელი მეორე წრე წინ გვაქვს. საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ, მეორე წრეში ”დინამო” ჩამოვა ზესტაფონში და იქ ბევრი რამ გადაწყდება.
- სხვა გუნდებზე რას იტყვით ?
- ”ვიტ-ჯორჯია” საკმაოდ ახლოსაა ჩვენთან და ნამდვილად არაა ჩამოსაწერი . ამ გუნდთან სტუმრად გვიწევს თამაში. ვეცდებით, რომ მაქსიმუმი გავიღოთ მეორე წრეში და ქულები არ დავკარგოთ .
- ”დინამო”-სგან განსხვავებით, ”ზესტაფონ”-ს პირველი წრის ბოლოს არცთუ კარგი კალენდარი ჰქონდა. ჯერ ”ამერი” სტუმრად, მერე ”დინამო”-სტან თამაში და ისიც სტუმრად. ეტყობა, ამანაც იმოქმედა ?
- ”ამერ”-თან გუნდმა საკმაოდ მძიმე ბრძოლაში გაიმარჯვა. ეტყობა, ძალების აღდგენა ვერ მოვახერხეთ .
- ახლა ”დინამო”-ს თამაშზე რას იტყვი ?
- თავიდან სათადარიგოთა სკამზე ვიჯექი. ”დინამო”-მ საკმაოდ კარგად ითამაშა.
- დამსახურებულად მოიგო ?
- ფაქტია .
- პირველი გოლის დროს, ისეთი შტაბეჭდილება შემექმნა, რომ მეკარეს შეეძლო მისი მოგერიება, დიღმელაშვილმა საკმაოდ შორიდან დაარტყა და ჭანტურიამ მხოლოდ თვალი გააყოლა ...
- ბურთი კარისკენ საკმაოდ უცნაური ტრაექტორიით წავიდა. გვეგონა, რომ ბურთი გადადიოდა, მაგრამ ცხრიანში შევარდა. რატომღაც მგონია, რომ ამ დარტყმულის მოგერიება ძალიან რთული იყო ...
- რა იყო ამ მარცხის მიზეზი? გადაღლილობა ?
- დიახ, როცა პირველ ადგილზე ხარ, ფსიქოლოგიურად უფრო გიჭირს. პირველი ადგილი უნდა შეინარჩუნო, შენთან ყველა გაათმაგებული ენერგიით თამაშობს და ცდილობ, ფეხი არ დაგიცდეს. ამ ყველაფერმა თავისებური გავლენა იქონია გუნდზე .
- მაგრამ ბრძოლა წინაა ...
- რა თქმა უნდა! მეორე წრეში უფრო დაძაბული თამაშები იქნება, ადვილად არავინ არაფერს დათმობს. შევეცდებით, ქულები საერთოდ არ დავკარგოთ. მანამდე ნაყოფიერ შეკრებას გავივლით და იმედი მაქვს, რომ სეზონს პირველ ადგილზე დავასრულებთ .
- გუნდის მიზანი ჩემპიონობაა ?
- არამარტო ჩემპიონობა, თასის აღებაც.
- ორ ფრონტზე ბრძოლა არ გაჭირდება ?
- გუნდი თასის მეოთხედფინალშია გასული და არც ისე შორსაა მიზანთან.
- რუსთავის ”ოლიმპი” წელს არც ისე წარმატებულად ასპარეზობს ჩემპიონატში და ალბათ, უეფას თასის საგზურის მოპოვებას თასის გათამაშებიდან შეეცდება ...
- ”ოლიმპ”-თან ნამდვილად რთული ბრძოლა მოგვიწევს, მაგრამ ”ზესტაფონი” შეეცდება თავისი კოზირების გამოყენებას. დღეს ”ზესტაფონი” საკმაოდ ძლიერი, შეთამაშებული გუნდია და ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია .
- და ის, რომ გუნდს პირველი შეხვედრა სტუმრად უწევს, კარგია თუ ცუდი ?
- ალბათ, უფრო კარგი, ვინაიდან მეორე შეხვედრა შინ გვექნება და ზუსტად გვეცოდინება, თუ რა შედეგი დაგვჭირდება. მოგების იმედი მაქვს, მაგრამ უბრძოლველად არაფერი გამოვა .
- ბოლო ტურებში მინდორზე საკმაოდ იშვიათად გამოდიოდით. რა იყო ამის მიზეზი ?
- ყველაფერი რიგზეა, მე რა უნდა გითხრათ? ამ კითხვას მწვრთნელს უსვამენ ხოლმე. ჩემი გადასაწყვეტი არაა, თუ ვინ უნდა დაიწყოს თამაში .
- კონკურენცია დიდია ?
- საკმაოდ დიდია. გუნდში ბევრი ფეხბურთელია, თანაც მაღალკვალიფიციური და მწვრთნელთათვისაც რთულია მათგან რომელიმეს შერჩევა. მაგრამ ყველას თანაბრად უწევს თამაში. მთავარია, გუნდმა წარმატებას მიაღწიოს ...
- თუ ”ზესტაფონი” ჩემპიონი გახდება, ბევრ ფეხბურთელს უცხოეთში წასვლის შანსი მიეცემა. უცხოეთში წასვლის დრო ხომ არ მოვიდა ?
- დრო ნამდვილად არის, მაგრამ ახლა ყველაფერი ჩვენს ხელთაა. გუნდი ან ჩემპიონთა ლიგაზე გავა ან უეფას თასზე, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე რომ უფრო მეტი აგენტი დადის, ამაში დამეთანხმებით.
- გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს უეფამ ”ტობოლი”-სა და ”ზესტაფონი”-ს შეხვედრის გამოძიება დაიწყო. მაშინ ”ზესტაფონ”-მა 0-3 წააგო. რა ხდება ?
- საეჭვო ნამდვილად არაფერი მომხდარა, მაგრამ საეჭვო ალბათ ის მოეჩვენათ, რომ გუნდი ყაზახეთში თამაშის დღეს ჩავიდა, თამაშამდე რამოდენიმე საათით ადრე. არადა, იცით, რომ აქედან ვერ გავფრინდით, პრობლემები შეგვექმნა. პირველი ტაიმი გავძელით, მეორე ნახევარში კი უკვე დაღლილობამ იჩინა თავი. მერე საშინაო შეხვედრაში დავამტკიცეთ, რომ მათზე ძლიერები ვიყავით .
- სად შეხვდებით ახალ წელს ?
- იმედია, სახლებში შევხვდებით.
- განსხვავებულს დალევთ ?
- დალევა გამორიცხულია. ტკბილეულით აღვნიშნავთ. |