ბექა გოცირიძის ჰეთ-თრიქი ახალგაზრდულ ნაკრებში.
2007 წლის 12 დეკემბერს საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ლუქსემბურგში ამხანაგურ მატჩში მასპინძელთა ახალგაზრდულ ნაკრებს 5:0 სძლია. სასიამოვნოა, რომ ქართველთა რიგებში ს. კ. ”ზესტაფონი”-ს ერთბაშად ხუთმა ფეხბურთელმა იასპარეზა, ხოლო ბექა გოცირიძემ მასპინძელთა კარი სამჯერ დალაშქრა...
... ლუქსემბურგში საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში მასპინძელთა ახალგაზრდულ ნაკრებს 5:0 სძლია. ჩვენმა გუნდმა ხორვატი მწვრთნელის პეტარ სეგრტის ხელმძღვანელობით გასვლით შეხვედრაში პირველად იმარჯვა. ლუქსემბურგში, სტადიონ ”გრენგენვალდზე” გამართული მატჩი ქართველი ახალგაზრდების სრული უპირატესობით წარიმართა და ლოგიკური ანგარიშითაც დასრულდა.
პირველი ნახევარი პეტარ სეგრტის გუნდმა ოთხბურთიანი უპირატესობით მოიგო! მე-20 წუთზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანმა გიორგი ნავალოვსკიმ ფლანგიდან ჩაჰკიდა ბურთი მეტოქის საჯარიმოში და მეკარისგან შორეულ ძელთან ეულად მყოფმა სანდრო კობახიძემ თავური დარტყმით ანგარიში გახსნა - 0:1.
30-ე წუთზე ბექა გოცირიძემ, შოთა გრიგალაშვილის შესანიშნავი პასის შემდეგ, სტუმართა უპირატესობა გააორმაგა - 0:2.
35-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა, კონკრეტულად კი მირზა ბჟალავამ და ბექა გოცირიძემ ულამაზესი კომბინაცია გაითამაშეს: გოცირიძემ მცველებს თავზე გადაუგდო ბურთი და ბჟალავა მეკარესთან პირისპირ დატოვა და მირზამაც კარიდან წინ გამოსულ მეკარეს ასევე თავზე გადაუგდო ბურთი და მესამე გოლი გაიტანა - 0:3.
42-ე წუთზე ბექა გოცირიძემ დუბლი შეასრულა, 87-ე წუთზე კი, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების დებიუტანტის ზაქარია ბელგარიშვილის პასის შემდეგ, ჰეთ-თრიქი მიითვალა - 0:5.
პირველ გოლამდე საქართველოს ნაკრებს სამი გოლის გატანა შეეძლო: ორჯერ ბექა გოცირიძემ, ერთხელ კი უჩა ლობჟანიძემ ვერ გამოიყენეს კარგი შანსები. დღევანდელ შეხვედრას საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცი კლაუს ტოპმიოლერი, საქართველოს 19-წლამდელთა გუნდის მთავარი მწვრთნელი ჰაინც ტოპმიოლერი და ეროვნული გუნდის ფეხბურთელი ზურაბ მენთეშაშვილიც დაესწრნენ.
დღეს საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ირაკლი შეყილაძემ, ზაქარია ბელგარიშვილმა და გიორგი ჩიხრაძემ პირველად ითამაშეს. ირაკლი შეყილაძე 1992 წელსაა დაბადებული და 17-წლამდელთა ნაკრების ფორვარდია.
”ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩემმა გუნდმა ასეთი ანგარიშით იმარჯვა. მსიამოვნებს, რომ გასვლით მატჩშიც მივაღწიეთ წარმატებას და ამავდროულად, ზედიზედ მეორე შეხვედრაში შევინახეთ კარი მშრალად. ხაზგასასმელია ისიც, რომ დღეს ახალგაზრდულ ნაკრებში სამმა დებიუტანტმა ითამაშა: ირაკლი შეყილაძემ პორტუგალიაში, 17-წლამდელთა ნაკრებში თამაშის დროს კარგად გამოავლინა შესაძლებლობები და ჩვენც შანსი მივეცით. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 17 ფეხბურთელი გვაკლდა, რომელიც ახალგაზრდული ნაკრების ბირთვში მოიაზრება, დღევანდელი გამარჯვება უდავოდ მისასალმებელი იქნება,” - განაცხადა პეტარ სეგრტმა.
ამხანაგური მატჩი. 12 დეკემბერი, 2007. ლუქსემბურგი, ”გრენგენვალდი”. 200
ლუქსემბურგი 0:5 საქართველო
გოლები: 0:1 ს.კობახიძე (20), 0:2 ბ.გოცირიძე (30), 0:3 მ.ბჟალავა (35), 0:4 ბ.გოცირიძე (42), 0:5 ბ.გოცირიძე (87)
საქართველო: რ.თევდორაძე (გ.ლორია 70), გ.თომაშვილი (ა.ბენაშვილი 55), ა.სანაია (გ.ჩიხრაძე 74), გ.ხიდეშელი (მ.დაუშვილი 70), გ.ნავალოვსკი (კაპ), უ.ლობჟანიძე, მ.ბჟალავა, ი.კლიმიაშვილი (ი.შეყილაძე 75), შ.გრიგალაშვილი, ბ.გოცირიძე, ს.კობახიძე (ზ.ბეგლარიშვილი 55)
მწვრთნელი: პ.სეგრტი (ხორვატია)
მსაჯი: ა.პირო (ბელგია) |