06.12.2007

 

სამწლიანი სერიის დასასრული.

 

2007 წლის 6 დეკემბერს გაიმართა საქართველოს მეცხრამეტე ეროვნული ჩემპიონატის მეთერტმეტე (გადადებული) ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” თბილისში ესტუმრა ადგილობრივ საფეხბურთო კლუბ ”დინამო”-ს და დამარცხდა ანგარიშით 0-2.

საქართველოს XIX-ე ეროვნული ჩემპიონატის ლიდერთა მატჩი ძალიან საინტერესოდ წარიმართა. მატჩის დებიუტში მოპოვებული ტერიტორიული უპირატესობის მიუხედავად, სტუმრები მე-18-ე წუთზე მდევრის როლში აღმოჩნდნენ - დავით დიღმელაშვილის უძლიერესი შორეული დარტყმის შემდეგ მარგველთა გოლკიპერი გრიგოლ ჭანტურია უძლური აღმოჩნდა.

სტუმრებს შეეძლოთ ანგარიშის გათანაბრება მას შემდეგ, რაც ბექა გოცირიძე აღმოჩნდა დინამოელთა მეკერესთან პირისპირ, მაგრამ სტუმართა ახალგაზრდა ფორვარდმა ვერ შეძლო მახვილი კუთხიდან ბურთის კარში გადაგზავნა.

მთელი მეორე ტაიმის მანძილზე იმერლები ცდილობდნენ მასპინძელთა კართან ხიფათის შექმნას, ხოლო მასპინძლებმა თამაში კონტრიერიშებზე ააგეს. მატჩის 62-ე წუთი დინამოელთათვის იღბლიანი გამოდგა - ერთ-ერთი კონტრშეტევისას მიხეილ ხუციშვილმა ისარგებლა ზესტაფონელთა მცველების შეუთანხმებელი მოქმედებით და ოსტატური დარტყმით ანგარიში ორამდე გაზარდა.

მატჩის დასკვნით ნაწილში ორივე გუნდს შეეძლო ანგარიშში კორექტივების შეტანა, თუმცა იგი უცვლელი - 2-0 დარჩა.

უნდა ითქვას, რომ ეს იმერელთა პირველი მარცხია თბილისის ”დინამო”-სთან შეხვედრებში 2004 წლის 9 დეკემბრის შემდეგ.

ასევე საინტერესოა ისიც , რომ ზესტაფონელთა მიერ დამყარებული ეროვნული ჩემპიონატების ყველა დროის სარეკორდო წაუგებელი სერია, რომელიც 2006 წლის 27 აგვისტოს ”ვიტ-ჯორჯია”-სთან გასვლით შეხვედრაში განცდილი მარცხის შემდეგ დაიწყო (სერიის ხანგრძლივობამ 1 წელი, 3 თვე და 10 დღე შეადგინა), 34 მატჩიან ნიშნულზე შეჩერდა.

 

06/12/2007- ”დინამო” (თბილისი)- ”ზესტაფონი” 2-0

დაწვრილებით:

 

სკ. ”ზესტაფონი”-ს პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005