04.12.2007

 

ინტერვიუ თემურ მახარაძესთან.

ჩვენ მეტი პოტენციალი გაგვაჩნია.

 

თემურ მახარაძე ოლიმპს უმიზნებს... როგორც იქნა, დიდი პოტენციალის გუნდმა ძალა მხოლოდ წლეულს გამოიჩინა და ჩემპიონატს ლიდერობს.

დარჩა პირველი წრის ფინალი - ”დინამო”- ”ზესტაფონი”. ჩვენ მეთორმეტე ტურის საუკეთესო მწვრთნელს, თემურ მახარაძეს ვესაუბრეთ. მისმა გუნდმა თბილისში ”ამერი”-ს დამარცხებით 6 დეკემბრის შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა შესძინა.

- ”დინამო”-მ და ”ზესტაფონ”-მა წლეულს დიდი ბრძოლა წამოიწყეთ. ”ამერ”-თან შეხვედრა ამ კუთხით უმნიშვნელოვანესი იყო. სხვა თუ არაფერი, თავად ”ამერია” თქვენი ერთ-ერთი სერიოზული მდევარი.

- მთავარია, რომ სამი ქულა მოვიპოვეთ. ”ამერი” სერიოზული მოწინააღმდეგეა. ის ლიდერთა ჯგუფშია და ეს მატჩი ძალიან ბევრს წყვეტდა და არა მარტო ჩვენთავის.

- ”ამერი”-სთვის ეს ნაკლები მნიშვნელობის თამაში არ იყო. შეიძლება ითქვას, რომ ის უკვე ჩემპიონობაზე ოცნებას დაემშვიდობა ?

- ვფიქრობ, ჩემპიონობისათვის ბრძოლას ერთი სოლიდური კონკურენტი მართლა გამოაკლდა. მიუხედავად იმისა, რომ წინ მეორე წრეა, ჩვენ და ”დინამო”-ს სხვა ლიდერები ამ ეტაპისთვის დიდი სხვაობით ჩამოგვრჩნენ.

- ”დინამო”-სთან შეხვედრა მოახლოვდა. პირველი წრის ჩემპიონობისთვის ფრეც გყოფნით ...

- ეს თემა დროებით დავხუროთ. თამაშამდე ამაზე საუბარი არ მსურს.

- თუმცა, ფაქტია, რომ მთელი პირველი წრე თქვენ და დუშან უჰრინი ერთმანეთთან დაპირისპირებისთვის ემზადებით ...

- ყველა შეხვედრა მნიშვნელოვანია, მაგრამ ”დინამო”-სთან მართლა განსაკუთრებულია. დღეს ცხრილის თავში ვართ, თუმცა მიმაჩნია, რომ ”ზესტაფონ”-ს გაცილებით მეტი პოტენციალი გააჩნია. მეორე წრეში კიდევ უფრო დიდი ბრძოლა იქნება და ჩვენც კიდევ უფრო გავძლიერდებით. ვფიქრობ, უფრო უკეთესი გუნდი გვეყოლება. თავად განსაჯეთ, ”ამერ”-თან შეხვედრის განაცხადში გვყავდა ექვსი ფეხბურთელი, რომლებსაც ზაფხულში ჩვენთან ერთად მოსამზადებელი ეტაპი არ გაუვლია - ორივე ჭელიძე, უჩა ლობჟანიძე, ბექა გოცირიძე, ჟონატასი და ახლახან ჩამოსული ბიტო’ო. მეორე წრისთვის ისინი გაცილებით უკეთ ათამაშდებიან და ესაა ჩვენი პოტენციალი.

- პოტენციალი უდავოდ გაგაჩნიათ. თუნდაც, თავდასხმაში, ხუთი ძლიერი ფეხბურთელი გყავთ - გოცირიძე, ჭელიძე, ფიფია, ჩხეტიანი, იონანიძე. თუმცა, ზოგიერთი ვერ თამაშობს და უკმაყოფილოც გეყოლებათ. როგორ აუხსნით უთამაშებელ ფეხბურთელს, რომ ეს საჭიროა, რომ მას ეს არ უნდა ეწყინოს ?

- ეს მართლაც ძნელი საკითხია, ასახსნელადაც რთულია. ჩვენ მაღალი კლასის ფეხბურთელები გვყავს და თითოეულს თამაში უნდა. ვცდილობ, ეს პრობლემა როტაციით გადვჭრა. თითქმის ყველა თამაშობს და რაც მთავარია, ”ზესტაფონ”-ს ყველა სჭირდება და სასარგებლოა.

გაზეთი ”ლელო” (04.12.2007)

   
FC ZESTAFONI © 2005