01.12.2007

 

გამარჯვება თასის მფლობელთან გასვლით შეხვედრაში.

 

2007 წლის 1 დეკემბერს გაიმართა საქართველოს მეცხრამეტე ეროვნული ჩემპიონატის მეცამეტე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” თბილისში ესტუმრა ეროვნული თასის მოქმედ მფლობელ საფეხბურთო კლუბ ”ამერ”-ს და დაამარცხა იგი ანგარიშით 2-1.

მატჩი სტუმართათვის მძიმედ დაიწყო, უკვე 5-ე წუთზე გიორგი დავითნიძემ მასპინძლები დააწინაურა. მიუხედავად ასეთი დასაწყისისა, მარგველები გონს მალევე მოვიდნენ და 10-ე წუთზე ანგარიში ისევ საყაიმო გახდა - ”ამერი”-ს საჯარიმოში გიორგი ჭელიძის წაქცევისათვის დანიშნული 11-მეტრიანი გოლად მეორე გიორგი ჭელიძემ (”პაჭელომ”) აქცია.

მეორე ტაიმის საწყისი წუთები სტუმართა ინიციატივით წარიმართა და 61-ე წუთზე ჟონატას ოლივეირა ტორესი ზესტაფონელ ფეხბურთელებს აწინაურებს - 1-2. დაწინაურების შემდეგ სტუმრები აქცენტს საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე აკეთებენ, ხოლო მასპინძლები ცდილობენ შეხვედრაში გარდატეხის შეტანას. ანგარიშის სათავისოდ შეცვლის შესაძლებლობა ჰქონდათ ორივე გუნდის წარმომადგენლებს, თუმცა, საბოლოოდ, ანგარიში უცვლელი დარჩა.

შედეგად, საქართველოს ეროვნული პირველობის პირველი წრის დასკვნითი ტურის წინ ზესტაფონელები ინარჩუნებენ ერთპიროვნული ლიდერის პოზიციას, ხოლო ეროვნული ჩემპიონატების ყველა დროის სარეკორდო წაუგებელი სერია უკვე 34 შეხვედრას ითვლის.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

01/12/2007- ”ამერი” (თბილისი)- ”ზესტაფონი” 1-2

დაწვრილებით:

 

სკ. ”ზესტაფონი”-ს პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005