ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩი .
2007 წლის 27 ნოემბერს გაიმართა დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული ”ყაზბეგი”-ს თასის გათამაშების ჯგუფური ეტაპის მეექვსე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონ”-მა შინ უმასპინძლა გორის საფეხბურთო კლუბ ”დილა”-ს და დაამარცხა იგი დიდი ანგარიშით 3-0 .
შეხვედრა ზესტაფონელთა აშკარა უპირატესობით დაიწყო, თუმც ანგარიშის გახსნა მასპინძლებმა მხოლოდ მე-33-ე წუთზე მოახერხეს - კახა ჩხეტიანის მარჯვენა ფლანგიდან ჩამოწედებულს ზურაბ იონანიძემ თავი დაუხვედრა და თავისიანები დააწინაურა.
ზესტაფონელები გოლის შემდეგაც ფლობდნენ ინიციატივას და პირველი ტაიმის ბოლო წუთზე მეორე გოლიც გაიტანეს. თავი ლამაზი დარტყმით გიორგი ხიდეშელმა გამოიჩინა.
მატჩის მეორე ნახევარი პირველის მსგავსი სცენარით წარიმართა, მასპინძლები ბევრს უტევდნენ, თუმცა გოლის გატანა მხოლოდ ერთხელ მოახერხეს - 85-ე წუთზე გიორგი ხიდეშელმა ”დუბლი”-ს გაფორმება შეძლო, შედეგად მარგველთა შთამბეჭდავი გამარჯვება 3-0.
ზესტაფონელებმა თასის გათამაშების ”დ” ჯგუფში პირველობა არავის დაუთმეს და თბილისის ”დინამო”-სთან, ”ამერ”-თან, ”ბორჯომ”-თან, გორის ”დილა”-სთან, რუსთავის ”ოლიმპ”-თან, ცხინვალის ”სპარტაკ”-თან და ჭიათურის ”მაღაროელ”-თან ერთად, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული ”ყაზბეგი”-ს თასის მიმდინარე გათამაშების მეოთხედფინალის საგზური გაიფორმეს.
|