24.11.2007

 

გამარჯვება აუტსაიდერთან შეხვედრაში.

 

2007 წლის 24 ნოემბერს გაიმართა საქართველოს მეცხრამეტე ეროვნული ჩემპიონატის მეთორმეტე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონ”-მა ზესტაფონის ცენტრალურ სტადიონზე უმასპინძლა ბათუმის საფეხბურთო კლუბ ”დინამო”-ს და დაამარცხა მეტოქე დიდი ანგარიშით 4-0.

ეროვნული ჩემპიონატის ლიდერისა და აუტსაიდერის შეხვედრა მოლოდინისამებრ მასპინძელთა სრული უპირატესობით წარიმართა. სამწუხაროდ, მატჩს მხოლოდ 1100-1200 მაყურებელი დაესწრო. ამის მიზეზი მედიის მთელ რიგ საშუალებებში გაცრცელებული ინფორმაციაა, რომლის თანახმად მატჩი არა შაბათს, არამედ კვირას, 25 ნოემბერს უნდა გამართულიყო.

უშუალოდ მატჩი კი მასპინძელთა სრული უპირატესობით წარიმართა - რამოდენიმე სახიფათო, თუმც უგოლოდ დასრულებული შეტევის შემდეგ, 20-ე წუთზე ზესტაფონელებმა ანგარიშის გახსნა მოახერხეს - გიორგი ხიდეშელის მიერ შეტევის მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი ზღვისპირელთა კარში გიორგი (”პაჭელო”) ჭელიძემ თავით გადაგზავნა. ზესტაფონელთა არაერთი მცდელობის მიუხედავად, პირველი ტაიმი მასპინძელთა მხოლოდ მინიმალური უპირატესობით, 1-0 დასრულდა.

მეორე ტაიმში კი ზესტაფონელებმა ტემპს უმატეს. ამან მარგველთა შეტევებს სიმწვავე შემატა და მატჩის საბოლოო შედეგზე იმოქმედა - 48-ე წუთზე ჟონატას ოლივეირა ტორესმა ანგარიში ორამდე გაზარდა, 65-ეზე გოგა ფიფიამ მასპინძელთა უპირატესობა სამბურთიანი გახადა, ხოლო 84-ე წუთზე შეხვედრას საბოლოო წერტილი უბერებელმა ზურაბ იონანიძემ დაუსვა - 4-0.

საინტერესოა ის გარემოებაც, რომ ზემოიმერლებმა კიდევ უფრო გააუმჯობებესეს ეროვნულ ჩემპიონატებში დაუმარცხებლად ასპარეზობის საკუთარივე სარეკორდო სერია, რომელიც ამ წუთისათვის 33 მატჩს შეადგენს. აქვე გეტყვით იმასაც, რომ ეროვნულ ჩემპიონატებში დაუმარცხებელი სერიის ზესტაფონელთა მიერ გაუმჯობესებული რეკორდი თბილისის ”დინამო”-ს ეკუთვნოდა. იგი შეადგენდა 23 მატჩიან სერიას და მიღწეულ იქნა თბილისელთა მიერ 1990 -1991 წლებში.

24/11/2007- ”ზესტაფონი”- “დინამო” (ბათუმი) 4-0

დაწვრილებით:

 

სკ. ”ზესტაფონი”-ს პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005