21.11.2007

 

U21. ევრო 2009.
საქართველო 2:0 რუსეთი.

 

ბექა გოცირიძე ზეიმობს რუსთა კარში გატანილ მეორე გოლს. (ფოტო საიტიდან www.gff.ge)

გუშინ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის 2009 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩში რუს თანატოლებს დაუპირისპირდა და დაამარცხა ისინი ანგარიშით 2-0. საინტერესოა, რომ რუსეთის გუნდთან შეხვედრაში ნაკრების ღირსებას საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს 3 ფეხბურთელი - უჩა ლობჟანიძე, გიორგი ხიდეშელი და ბექა გოცირიძე იცავდნენ...

აქვე გთავაზობთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეს-ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას :

” ... საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის 2009 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში რუსეთის ნაკრებს 2:0 სძლია. რუსეთის ნაკრები ამ საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველად სწორედ თბილისში დამარცხდა და პირველი გოლებიც სწორედ დღეს გაუშვა.

 საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ძლიერად ითამაშა, მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნა და რამდენიმე ხელსაყრელი მომენტიდან ორი გამოიყენა.

 37-ე წუთზე ქართველმა ფეხბურთელებმა სტანდარტული მდგომარეობა გაითამაშეს, რუსეთის ნაკრების საჯარიმოში ჩაკიდებული ბურთი კი რევაზ ბარაბაძემ თავური დარტყმით გადაგზავნა სოსლან ჯანაევის კარში - 1:0.

 82-ე წუთზე საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა რუსეთის გუნდი შესანიშნავად გათამაშებული კონტრშეტევით დაამწუხრა: ბექა გოცირიძემ უძლიერესი დარტყმით გააორმაგა მასპინძელთა უპირატესობა - 2:0.

 მომდევნო შესარჩევ შეხვედრას საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ისევ რუსეთთან ჩაატარებს, თუმცა 2008 წლის 5 სექტემბერს სტუმრად, 10 სექტემბერს კი ჩვენი ფეხბურთელები პოლონელებს უმასპინძლებენ და მიმდინარე საკვალიფიკაციო ტურნირსაც დაასრულებენ.

ევროპის 2009 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი. 20 ნოემბერი, 2007. თბილისი, ”მიხეილ მესხი”. 1.000

საქართველო 2:0 რუსეთი

გოლები: 1:0 რ.ბარაბაძე (37), 2:0 ბ.გოცირიძე (82)

საქართველო: რ.თევდორაძე, გ.თომაშვილი, მ.ღვინიანიძე (კაპ), გ.ხიდეშელი, გ.ნავალოვსკი, უ.ლობჟანიძე, მ.ბჟალავა, ი.კლიმიაშვილი (დ.თარგამაძე 90), რ.ბარაბაძე (გ.ელბაქიძე 83), ს.კობახიძე, ბ.გოცირიძე (ვ.დვალიშვილი 88)

მწვრთნელი: პეტარ სეგრტი (ხორვატია)... ”

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს პრეს-სამსახური

   
FC ZESTAFONI © 2005