17.11.2007

 

ინტერვიუ გიორგი ჭელიძესთან .

ჭელიძეს ბილიალეტდინოვი გაუხარდა.

 

ბოლო წლებია, ”ზესტაფონი” ჩემპიონობის თუ თასის ფავორიტად ითვლება, თუმც მუდამ რაღაც აკლდება ხოლმმე მიზნის მისაღწევად. იმერლებმა ეს სეზონიც ჩვეული რიხით დაიწყეს, პირველ ტურში ”ვიტ-ჯორჯია”-სთან საშინაო ფრის შემდეგ ზედიდედ 9 თამაში მოიგეს და ჩემპიონატს ერთპიროვნულად ლიდერობენ. იმერელთა ამ წარმატებაში გიორგი ჭელიძის დამსახურებაცაა. ”პაჭელო” ზესტაფონელებმა მოსკოვის ”ლოკომოტივი”-დან ინათხოვრეს და 6 გოლით გუნდის მთავარმეგოლე ხომ არის, სამ დინამოელთან - ხუციშვილთან, აკირემისთან და სპასოევიჩთან ერთად, ჩემპიონატის ბომბარდირთა ჭიდილსაც თავში უდგას. თუმც... მისი ”ზესტაფონ”-ში განათხოვრების ვადა 2007 წლის ბოლომდეა, მერე კი ”ლოკომოტივ”-ს უნდა დაუბრუნდეს, სადაც სასიამოვნო ამბავი ელის - რკინიგზელთა მწვრთნელად რინატ ბილიალეტდინოვი დაინიშნა, რომელიც ”ლოკომოტივი”-ს დუბლებში მუშაობდა და ჭელიძე მის ფავორიტად ითვლებოდა. გიორგისთან საუბარი სწორედ ამ თემით დავიწყეთ...

- გეცოდინება, ვინ დაინიშნა ”ლოკომოტივი”-ს მწვრთნელად ...

- ახალი მწვრთნელი ? არ ვიცი ...

- რინატ ბილიალეტდინოვი.

- ძალიან კარგია... კარგი პიროვნებაა. ”ლოკომოტივი”-ს დუბლებში მისი დაჟინებული მოთხოვნით აღმოვჩნდი. მას დიდი წვლილი მიუძღვნის ჩემს წინსვლაში.

- ”ზესტაფონ”-თან იჯარის ვადა წლის ბოლოს გეწურება, რუსეთში წასვლას როდისთვის გეგმავ ?

- იგივე რომ არ დამემართოს, რაც ზაფხულში, უკვე დავიწყე ვიზაზე ზრუნვა, რაც სავარაუდოდ, ახალ წლამდე არ უნდა გაიწელოს. ”ლოკომოტივ”-საც შეკრებაზე შევუერთდები ახალი წლიდან.

- ”ზესტაფონ”-ს შენი დატოვების სურვილი არ გამოუთქვამს ?

- ”ზესტაფონი” ძალიან დამეხმარა. მე კიდევ, რაც შემეძლო, ის გავაკეთე გუნდისთვის. ჯერჯერობით დარჩენაზე არანაირი წინადადება არ ყოფილა, თუმცა მთავარი სიტყვა ხომ ”ლოკომოტივი”-საა.

- როგორ ფიქრობ, შენი წასვლით ”ზესტაფონი” მნიშვნელოვნად დასუსტდება ?

- არანაირად. ”ზესტაფონ”- ში სერიოზული კონკურენციაა და სრულფასოვანი შემცვლელები მოიძებნებიან. თუ ახლა ზურაბ იონანიძეს ნაკლები დრო ეძლევა სათამაშოდ, მერე მეტი მიეცემა. იონა მაღალი კლასის ფეხბურთელია და მის გვერდით თამაშმა თუ ვარჯიშმა ძალიან ბევრი მასწავლა.

- რა შანსები აქვს ამ სეზონში ”ზესტაფონ”-ს და რას გეგმავს კლუბის ხელმძღვანელობა ?

- ხელმძღვანელობა ყოველთვის მაქსიმუმს ითხოვს და ”ზესტაფონ”-ს ახლა მშვენიერი შანსი აქვს, მათ სურვილი აუსრულოს - ჩემპიონატიც მოიგოს და თასიც.

- კონკურენტები ვინ იქნებიან ?

- თუ ჩემპიონატში ამ დროისთვის ჩვენ და ”დინამო” ცოტა წინ ვართ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ დანარჩენებს სძინავთ. ყველა მატჩი სრული მობილიზაციით უნდა ვითამაშოთ, განსაკუთრებით თასზე, რადგან იქ აუტსაიდერსაც შეუძლია ერთი მატჩის მოგება.

- საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში კი აღარ გეძახიან ...

- რა ვქნა?! ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია. როგორც საჭიროდ ჩათვლიან, ისე მოიქცევიან ...

გაზეთი ”სარბიელი”
   
FC ZESTAFONI © 2005