15.11.2007

 

ზესტაფონელი ბრაზილიელები ჩემპიონობას გეგმავენ.

 

ჟონატას ოლივეირა ტორესი (დგას) და ჟილვან გომეს ვიეირა.

ტიტული არაოფიციალურია, თუმცა, საქართველოს ჩემპიონატების ისტორია და სტატისტიკა იმაზე მიუთითებს, რომ, როგორც წესი, გუნდი, რომელიც პირველ წრეს სატურნირო ცხრილის პირველ საფეხურზე ასრულებს, საბოლოოდ ხდება კიდეც ჩემპიონი.

საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" სეზონის დაწყებამდე ითვლებოდა ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად (თბილისის "დინამოსთან" ერთად) და ამ მოსაზრებას ამართლებს კიდეც. ამ გუნდმა მხოლოდ პირველ ტურში "წაიფორხილა" - თბილისის "ვიტ ჯორჯიასთან" საშინაო შეხვედრა ფრედ, 1:1 დაასრულა. აი, მას შემდეგ კი ზედიზედ 9 ტურის განმავლობაში ქულა რაა, ისიც კი არ დაუკარგია. თემურ მახარაძის შეგირდებმა ერთიმეორეს მიყოლებით მოიგეს ცხრა თამაში და დამსახურებულად იკავებენ სატურნირო ცხრილის პირველ საფეხურს. ამ წარმატებას სამი ახსნა აქვს - პირველი და მთავარი გუნდის მეპატრონე ილია კოკაიაა, რომელიც არც ფიზიკურ ენერგიას იშურებს და არც ფინანსებს იმისთვის, რომ საქართველოში შექმნას ევროპული საზომებით კონკურენტუნარიანი გუნდი. წარმატების მეორე მიზეზი მთავარი მწვრთნელია. თემურ მახარაძეს ქართული საფეხბურთო სამყაროსთვის ზედმეტი წარდგენა არ სჭირდება და მის პროფესიონალიზმზე ის წარმატებები მიუთითებს, როემლიც მახარაძეს არაერთ ქართულ კლუბში მუშაობისას მუდამ თან სდევს. წარმატებას კიდევ ერთი და არანაკლებ მნიშვნელოვანი მიზეზი აქვს - სწორი სელექცია, მათ შორის, უცხოეთიდან მოწვეული ფეხბურთელების თვალსაზირსითაც. ამჟამად "ზესტაფონში" ხუთი უცხოელი ირიცხება. სამ ბრაზილიელს - ჟილვან გომეს ვიეირას, ჟონათას ტორესს და ედსონ სანტოსს ორი გაბონელი ფეხბურთელი - პოლ კესანი და ეტიენ ბიტოო წელს შეემატნენ. ვიეირა და ჟონათასი, რომლებთან ინტერვიუსაც ქვემოთ გთავაზობთ, უკვე ჩამოყალიბდნენ "ზესტაფონის" ლიდერებად და მათი კარგი თამაში საკმაოწილად განაპირობებს გუნდის წარმატებებს. ასევე ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად ითვლებოდა ედსონ სანტოსიც, თუმცა იგი ამჟამად ოჯახური მდგომარეობის გამო ბრაზილიაში იმყოფება და, სავარაუდოდ, იანვრიდან შეუერთდება გუნდს. შეგახსენებთ, რომ იმ დროს, როცა "ზესტაფონი" წინასასეზონო შეკრებაზე ანტალიაში იმყოფებოდა, ზესტაფონში მყოფ სანტოსის მეუღლეს სახლში მოძალადეები შეუვარდნენ. ამ ძალზე უსიამოვნო ფაქტის გამო კლუბმა სანტოსს შვებულება მისცა და ბრაზილიაში გამგზავრების ნება დართო.

- როგორ შეეგუეთ საქართველოს ჩემპიონატს და "ზესტაფონს"?

ჟილვან ვიეირა: - უკვე მეორე სეზონია, რაც "ზესტაფონში" ვთამაშობ და შეგუება ნამდვილად არ გამჭირვებია. კლუბში ძალზე მეგობრული ატმოსფეროა და მწვრთნელიც პროფესიონალი გვყავს, რომელიც ყველა სათამაშო თუ ცხოვრებისეულ სიტუაციაში გვერდში გვიდგას და გვეხმარება. ქართულ ფეხბურთთან პირველი შეხება "ზესტაფონთან" დაკავშირებით არ მქონია. თავიდან თბილისის "დინამოში" გავდიოდი სინჯებს და ამ კლუბმა ჩემს სამსახურზე უარი თქვა. დღეს ნამდვილად არ ვნანობ ამას და დიდი იმედი მაქვს, რომ "ზესტაფონთან" ერთად ჩემპიონობის მოპოვებას შევძლებ.

მთავარი პრობლემა, რომელიც საქართველოში დამხვდა, მინდვრებია. სულ ორი-სამი სტადიონია, რომელთა გაზონზეც ფეხბურთის თამაში და ბურთის გაგორება შეიძლება. ისეთ გუნდებს, რომლებიც ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობენ - იქნება ეს "ზესტაფონი", თბილისის "დინამო", "ამერი" თუ სხვა, ეს პრობლემა ძალზე უშლის ხელს.

ჟონათას ტორესი: ალბათ არ გეწყინებათ, თუ გეტყვით, რომ გაცილებით მაღალ დონეზე თამაშის ამბიციები მაქვს და მინდა, რომ "ზესტაფონი" ჩემთვის უფრო მაღალი რანგის ჩემპიონატსა და კლუბში გადასვლამდე შუალედურ რგოლად იქცეს. ამისთვის კი აუცილებელია, რომ ჩემპიონები გავხდეთ და ჩემპიონთა ლიგაზე ვითამაშოთ, სადაც ჩემი შესაძლებლობების წარმოჩენას შევძლებ. იმედი მაქვს, რომ "ზესტაფონთან" ერთად ამ მიზნის მიღწევას შევძლებ. ვეთანხმები ვიეირას, რომ საქართველოში საშინელი მინდვრები გაქვთ. ეს ფეხბურთის განვითარებას ძალიან უშლის ხელს. მით უმეტეს, რომ ქართველები ძალზე ტექნიკურები ხართ და ამას კომპლიმენტის გამო ნამდვილად არ ვამბობ. მე იტალიასა და ესპანეთშიც მითამაშია და ვიტყვი, რომ ქართველი ფეხბურთელები ტექნიკური არსენალით ამ ქვეყნების წარმომადგენლებს სჯობნიან და ბრაზილიელებს უფრო ჰგვანან. თუმცა, ამ უპირატესობის გამოყენება და დემონსტრირება საქართველოს სტადიონების დიდ ნაწილზე, უვარგისი გაზონების გამო შეუძლებელია.

- როგორ მიგიღეს ზესტაფონელმა გულშემატკივრებმა?

ჟილვან ვიეირა: - "ზესტაფონს" ფანტასტიკური და ფეხბურთის მცოდნე გულშემატკივრები ჰყავს. ამას არ ვიგონებ: როცა მოედნის შუა ნაწილში გაკეთებულ სწორ პასზე ტაშს დაგიკრავენ, ნიშნავს, რომ გულშემატკივარი ფეხბურთის ყველა ნიუანსში კარგად ერკვევა. საშინაო თამაშებზე სტადიონი მუდამ ივსება, გასვლით შეხვედრებზე კი ქომაგები ავტობუსებით დაგვდევენ და მხარს გვიჭერენ. ეს წარმატება, რომელსაც მიმდინარე სეზონში ვაღწევთ, მეტწილად მათი დამსახურებაცაა. მოხარული ვარ, რომ ზესტაფონის ფანებში სიმპათიით ვსარგებლობ და ძალზე კარგი თვალით მიყურებენ. ამ ფაქტორს დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ჩვენი გულშემატკივრებისთვის ვთამაშობთ და ყოველთვის ვცდილობ, რომ ერთგულ გულშემატკივრებს იმედები არ გავუცრუო.

ჟონათას ტორესი: - მე საქართველოში ოჯახთან ერთად ვარ ჩამოსული - მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი მახლავს. ჩემთვის ყველაზე მთავარი მათი კარგადყოფნაა. ამიტომ, ედსონზე არანაკლებ შევშფოთდი იმის გამო, რაც სანტოსის მეუღლეს გადახდა თავს. თავიდან მეც წასვლა დავაპირე, თუმცა, მერე დავინახე, თუ როგორ შეწუხდა მთელი ზესტაფონი ერთი არაკაცის ამ უგუნური საქციელის გამო. "ზესტაფონელებისთვის" ყველაზე დიდი გასართობი ფეხბურთია და როცა საშინაო მატჩი გვაქვს, ეს ქალაქში მთავარი მოვლენაა. გულშემატკივრები ძალზე ერთგულები არიან, თუმცა, ამასთან ერთად, ძალზე მომთხოვნებიც. მოედანზე რაც არ უნდა ხდებოდეს, გულშემატკივრები მუდამ მხარს გვიჭერენ.

- საქართველოში ჩამოსვლისას რა პრობლემების გადალახვა მოგიწიათ?

ჟილვან ვიეირა: - მთავარი პრობლემა ენობრივი ბარიერი იყო. მართალია, ეს პრობლემა ვარჯიშის დროს ან თამაშისას ნაკლებად მაწუხებს, რადგან საფეხბურთო ენა უნივერსალურია. პირად ცხოვრებაში თავიდან ძალზე გამიჭირდა, თუმცა ცოტ-ცოტა ქართული ვისწავლე და საყოფაცხოვრებო დონეზე ურთიერთობა აღარ მიჭირს.

ჟონათას ტორესი: - ენის არცოდნა მეც დღემდე ძალზე მიშლის ხელს. ვიეირა უკვე მეორე წელია, რაც საქართველოში იმყოფება და რაღაც დონეზე ქართულის სწავლაც მოასწრო. მე ჯერ ბევრი მიკლია. კიდევ ერთი პრობლემა ჩემთვის ცივი ჰავაა. ბრაზილიაში 20 გრადუსზე ქვემოთ ტემპერატურა არ ჩამოდის, საქართველოში ზამთარში ძალზე ცივა, თუმცა ამას თანდათან ვეგუები.

- რომელი გუნდები მიგაჩნიათ კონკურენტებად?

ჟილვან ვიეირა: - წინა სეზონში უფრო მაღალი კონკურენცია იყო. "ოლიმპი", "ამერი", "ვიტ ჯორჯია", თბილისის "დინამო" და ჩვენ დაახლოებით თანაბარ დონეზე ვთამაშობდით. წელს ვითარება შეიცვალა და ჩემპიონობისთვის მხოლოდ ორი გუნდი იბრძვის. ვფიქრობ, ეს უფრო ჩვენი და "დინამოს" გაძლიერებით იხსნება, ვიდრე სხვა კონკურენტების დასუსტებით.

ჟონათას ტორესი: - წელს ჩემპიონები ან ჩვენ გავხდებით, ან თბილისის "დინამო". რაც შეეხება "ამერს", "ვიტ ჯორჯიას", "ოლიმპს" და სხვა გუნდებს, ჩემი აზრით, ამ სეზონში საჩემპიონო ბატალიებში მათ მხოლოდ მეორეხარისხოვანი როლი შეიძლება ითამაშონ. ვგულისხმობ იმას, რაც ორი ტურის წინ "ვიტ ჯორჯიამ" გააკეთა: ამ გუნდმა "დინამო" დაამარცხა და ჩვენ ამით "დინამოს" გადასწრებაში დაგვეხმარა.

- რას იტყვით "დინამოსთან" მომავალ მატჩზე?

ჟილვან ვიეირა: - გასულ სეზონში "დინამოს" წინააღმდეგ ერთხელ ვითამაშე და ვადასტურებ, რომ ძალიან კარგი გუნდია. წინასწარ რაიმეს პროგნოზირება შეუძლებელია. მიუხედავად იმისა, რომ მატჩი "დინამოს" მოედანზე გაიმართება, ჩვენ მოედანზე ქულის მოსაპოვებლად ნამდვილად არ გავალთ. ვიბრძოლებთ გამარჯვებაზე და რა მოხდება, ვნახოთ.

ჟონათას ტორესი: - ამ თამაშისთვის მთელი სეზონი ვემზადებით. ეს ეგრეთ წოდებული "ექვსქულიანი თამაშია", თუმცა მარტო ქულებში ნამდვილად არ არის საქმე. ყველაზე მთავარი ფსიქოლოგიური მომენტია. თუ ამ თამაშში წარმატებით გამოვალთ, საკუთარ ძალებში საბოლოოდ დავრწმუნდებით და მერე მიზნის მიღწევაში ვეღარაფერი შეგვიშლის ხელს.

გაზეთი ”24 საათი ” (12.11.2007)

   
FC ZESTAFONI © 2005