12.11.2007

 

ინტერვიუ თემურ მახარაძესთან.

მეორე წრეში კიდევ უფრო გავძლიერდებით .

 

თემურ მახარაძემ ქოქა ”ზესტაფონი”, ქოქა და მესამე სეზონში, როგორც იქნა, იმ კონდიციამდე მიიყვანა, რომ ჩემპიონობას შეეჭიდა. წლეულს ”ზესტაფონი” თბილისის ”დინამო”-სთან ერთად, ოქროს მედლების ყველაზე რეალური კანდიდატია. ამის ყველაფრის შემდეგ ძალზედ გულდასაწყვეტია სეზონის პრელუდია, როდესაც ”ზესტაფონი” ინტერტოტოზე თამაშს ყაზახურ ”ტობოლ”-თან მარცხით გამოეთიშა, მოულოდნელიც იყო. მაგალითად, თბილისის ”ამერი” პოლონეთის ვიცე-ჩემპიონ ”ბელხატოვ”-თან მარცხმა ლამის არია.

ოქტომბრის საუკეთესო მწვრთნელ თემურ მახარაძესთან საუბარი სწორედ ამ თემით დავიწყეთ.

- ყაზახებთან წაგება იმდენად გულდასაწყვეტი იყო, შეუძლებელია, ამას მოთამაშეები არ დაეთრგუნა. მოხდა პირიქით, ”ზესტაფონი” სწრაფად გამოფხიზლდა ...

- გავლენა იმ მატჩებმა ჩემზე მართლა მოახდინა, მაგრამ მხოლოდ დადებითი. ბიჭები უფრო ლაღად ათამაშდნენ. როდესაც კუსტანაიში 0-3 წავაგეთ, ყველას კითხვა გაგვიჩნდა, ნუთუ ”ტობოლი” ჩვენ ამდენად გვჯობდა? თბილისში გამოჩნდა, რომ ”ზესტაფონი” ნაღდად არ იყო სუსტი, ”ტობოლ”-ს სჯობდა. ჩვენ აეროპორტში დაგვაღალატეს და ამიტომ ვერ ვაჯობეთ მეტოქეს.

მერე და მერე ვიგებთ, რომ ამ გუნდმა, რომელიც ნაღდად არ გვჯობდა, ცნობილი ევროპული გუნდები, ”ლიბერეცი” და ”ო.ფ.ი.” გათამაშებიდან გამოაგდო. ბიჭები მიხვდნენ, რომ მათ ”ტობოლ”-ზე არანაკლები მეტოქეების დამარცხება შეეძლოთ და საკუთარი ძალების ირწმუნეს.

- თქვენი კოლეგებიდან წლევანდელ ჩემპიონატში ვის გამოარჩევდით ?

- რამაზ მუმლაძეს, რომელიც მშვენივრად მუშაობს. ”ვიტ-ჯორჯია” ძალიან კარგი გუნდია. დუშან უჰრინზე მისი შედეგები მეტყველებს. ანგარიშიდან არავინ ჩამოწეროს ”ამერი”, გიორგი ჩიხრაძე კარგი მწვრთნელია, რასაც დიდი ხანია ამტკიცებს.

- თქვენი აზრით, ”ზესტაფონი” წლეულს ჩემპიონობისათვის მზადაა ?

- როგორ გითხრათ, ალბათ, გარკვეულწილად მზად არ ვართ.

- რას გულისხმობთ ?

- ბაზა არ გვაქვს და ესაა პრობლემა. ამ კუთხით სერიოზული მუშაობა მიდის და მჯერა, მალე გუნდი გაცილებით მოღონიერდება. საკუთარი ბაზა ბევრს ნიშნავს, წმინდა სპორტული თვალსაზრისით კი, ყველა ხედავს, რომ არავისზე ნაკლები არ ვართ. მეორე წრიდან კიდევ უფრო გავძლიერდებით...

- ”ზესტაფონ”-ს ბოლო ორი სეზონია სულ რაღაც აკლდა ოქროს მედლებისა და თასის მოსაპოვებლად. თქვენი აზრით, რა აკლდა ?

- გუნდური გამოცდილება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ფეხბურთში შედეგზე ყველა წვრილმანი აისახება. მთავარია, რომ ჩვენმა ბიჭებმა საკუთარი ძალების ირწმუნეს, საქმე კარგად მიდის და იმედია, სეზონს ასევე კარგად ჩავამთავრებთ.

გაზეთი ”ლელო” (05.11.2007)

   
FC ZESTAFONI © 2005