06.11.2007

 

ინტერვიუ ეროვნული ჩემპიონატის ოქტომბრის თვის საუკეთესო მოთამაშე კახა ჩხეტიანთან.

მიკვირს, რომ მცველი საუკეთესოდ დამასახელეს .

 

დღეს საქართველოში რამდენიმე საინტერესო გუნდია, მაგრამ თბილისის ”დინამო”-ს , ”ამერ”-სა და ”ზესტაფონ”-ს მაინც გამოარჩევენ - უპირველესად კლასის გამო.

ოქტომბრის საუკეთესო მოთამაშე, ”ზესტაფონი”-ს მცველი და კაპიტანი კახა ჩხეტიანი კლასით გამორჩეული მოთამაშეა. ყველა შეხვედრას ერთ დონეზე ვერავინ ვერასდროს ჩაატარებს. ბუნებრივია, ჩვენი დღევანდელი რესპონდენტიც ასე იქნებოდა, მაგრამ მის ჩაგდებულ შეხვედრას ვერ გაიხსენებთ. თუკი დღეს იმერული კლუბი ლიდერებშია, ეს კახა ჩხეტიანის კარგი თამაშის დამსახურებაცაა. წლეულს მან განსაკუთრებით გამოიჩინა თავი და მიმდინარე სეზონში ყველა მოთამაშეზე მეტჯერ, ხუთჯერ დასახელდა ტურის თერთმეტ საუკეთესო მოთამაშეს შორის.

- კახა, უპირველესად, გილოცავ თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებას!

- მე დამასახელეთ?

- დიახ, გაზეთი არ წაგიკითხავს?

- სიმართლე გითხრათ, ბოლო დღეებში არ წამიკითხავს. დიდი მადლობა ასეთი აღიარებისთვის. ეს ნებისმიერი მოთამაშისთვის სასიამოვნო იქნებოდა.

- გეტყობა, გაკვირვებული დარჩი...

- რაღა დაგიმალოთ და ასეა. საქართველოში მცველმა რომ იფრინოს, საუკეთესოდ შეიძლება მაინც არ აღიარონ (საინტერესოა, რომ გაზეთი ”ლელოს” მტკიცებით, ეს პირველი შემთხვევაა დამოუკიდელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, როდესაც თვის საუკეთესო ფეხბურთელად მცველი სახელდება - სკ. ”ზესტაფონი”-ს პრეს-სამსახური).

- შენთან ერთად, ოქტომბრის ფეხბურთელად რუსთავის ”ოლიმპი”-ს თავდამსხმელი რეზო ჯიქია დასახელდა. მას როგორ დაახასიათებ?

- ძალიან კარგი თავდამსხმელია. სწრაფია, ტექნიკურია და რაც მთავარია, ბურთები გააქვს. მე მას ჩვენი ჩემპიონატის ერთ-ერთ გამორჩეულ ფეხბურთელად მივიჩნევ... მოედანზე ბევრს მოძრაობს, კარგად იხსნება და მჯერა, კიდევ უკეთეს ფეხბურთს აჩვენებს. მას პატარა გამოცდილება სჭირდება და იმხელა პოტენციალი გააჩნია, დარწმუნებული ვარ, საქართველოზე გაცილებით ძლიერ ლიგაში ითამაშებს.

- წლევანდელი სეზონი შენთვის წარმატებულია. ეტყობა, მეორე სუნთქვა გაგეხსნა .

- ეს ყველაფერი ”ზესტაფონი”-ს კარგი თამაშიდან გამომდინარეობს. გუნდმა სეზონი ძალიან კარგად დაიწყო. ასე რომ არ ყოფილიყო, მეც ვერ გამოვჩნდებოდი. შედეგებში ყველაფერი აისახა, ჩემი თამაშიც და ჩემი თანაგუნდელებისაც.

- გუნდიდან ვის გამოარჩევდი?

- ძალიან მიჭირს, რადგან ყველა თავის საქმეს კარგად ართმევს თავს. მაგალითად, ჭანტურიას, რომელიც კარში საიმედოა, ”პაჭელოს”, რომელიც გოლს გოლზე იტანს. იონანიძეზე კი მე რა გითხრათ, სტატისტიკას გადახედეთ - შეცვლაზე თამაშობს და სამი თამაში მოგვაგებინა. მას არ შეუძლია მომენტის გაფუჭება.

- მთლიანად ჩემპიონატში ვინ მოგეწონა?

ბორჯომელი შოთა გრიგალაშვილი. ძალიან კარგი სეზონი აქვს რეზო ჯიქიას. კარგად თამაშობს ჩემი ძმა, ზვიადი. მაგრამ დედმაშვილობის გამო არ დავასახელე, მართლა კარგად ათამაშდა.

- ჩემპიონატში ერთმანეთს თქვენ და ”დინამო” ეცილებით. შენი აზრით, სხვა რომელიმე გუნდს ამ ბრძოლაში ჩართვის ძალა გააჩნია?

- ძალიან მომწონს ”ამერი”, მაგრამ იმხელა უპირატესობა გვაქვს ჩვენ და ”დინამო”-ს, ძალიან უნდა მოვინდომოთ, ეს უპირატესობა ქარს რომ გავატანოთ და ”ამერ”-ს დაწევის საშუალება მივცეთ.

გაზეთი ”ლელო”

   
FC ZESTAFONI © 2005