05.11.2007

 

”ზესტაფონი” თასის მეოთხედფინალშია .

 

2007 წლის 5 ნოემბერს გაიმართა დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული ”ყაზბეგი”-ს თასის გათამაშების ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ზუგდიდში ესტუმრა ადგილობრივ საფეხბურთო კლუბ ”მგლებ”-ს და დამარცხდა ანგარიშით 2-0 .

ზესტაფონელთა სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, ზუგდიდში გამართულ შეხვედრაში გუნდის შემადგენლობაში ”ზესტაფონი - 2”-ს მრავალმა ფეხბურთელმა იასპარეზა. მატჩი მასპინძელთათვის იღბლიანად დაიწყო , მათ უკვე მე-6-ე წუთზე მოახერხეს დაწინაურება - სტუმართა საჯარიმოში შექმნილი არეულობით კარგად ისარგებლა ზუგდიდელმა მაჭავარიანმა და თავისიანები დააწინაურა. პირველი ტაიმი პოზიციურ ბრძოლაში გაილია, ვერცერთმა გუნდმა ვერ შეძლო გადამწყვეტ ინიციატივას დაუფლებოდა.

მატჩის მეორე ნახევარში კი ზესტაფონელები გააქტიურდნენ - კარის აღების არაერთი შესაძლებლობის მიუხედავად, სტუმრებმა მასპინძელთა კარის აღება ვერ მოახერხეს, ხოლო შეხვედრის მიწურულს, 77-ე წუთზე ზუგდიდელებმა განახორციელეს სწრაფი კონტრშეტევა და ჭედიას ლამაზი თავურის შემდეგ ანგარიში უფრო სოლიდურიც გახადეს. მასპინძელთა დამსახურებული გამარჯვება - 2-0.

”მგლებ”-თან მარცხის მიუხედავად, საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონ”-მა, ზუგდიდელებთან ურთიერთშეხვედრებში დადებითი ბალანსის წყალობით (6-3; 0-2), ჯგუფური ტურნირის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, მოიპოვა დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული ”ყაზბეგი”-ს თასის გათამაშების 1/4 - ფინალური სტადიის საგზური.

 

05/11/2007- ”მგლები” (ზუგდიდი) - ”ზესტაფონი” 2-0

დაწვრილებით:

 

სკ. ”ზესტაფონი”-ს პრეს-სამსახური

   
FC ZESTAFONI © 2005