ზესტაფონი - დინამო ( თბ ) 1:0. ზესტაფონური ლოგიკა : არ გამიტან ? მე გაგიტან !
- ზესტაფონელებს ძალიან კი სურდათ , რომ თავიანთი განახლებული არენა " დინამოსთან " მატჩისთვის მზად ყოფილიყო , მაგრამ ზესტაფონის სტადიონზე სარემონტო სამუშაოების დასრულება ვერ მოესწრო და ყვირილისპირელებმა საქართველოს ჩემპიონებს ქუთაისში უმასპინძლეს . ზესტაფონელებს გულშემატკივრობა იმერეთის მთავარ ქალაქშიც არ მოჰკლებიათ . " ზესტაფონს " საქომაგოდ 500- მდე ერთგული ფანი ჩაჰყვა . გარდა ამისა , ადგილობრივი გულშემატკივრების უმრავლესობაც მის საქომაგოდ განეწყო.
საგულისხმოა , რომ თემურ მახარაძის ფორმაციის " ზესტაფონი " " დინამოსთვის " მეტად უხერხულ მეტოქედ იქცა . აღნიშნულ მატჩამდე , წელს ზესტაფონელები დედაქალაქელებს სამჯერ დაუპირისპირდნენ ( გასული ჩემპიონატის მეორე ეტაპზე და თასზე ). აქედან ერთი შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა , დანარჩენი ორი კი " ზესტაფონმა " ერთნაირი ანგარიშით 1:0 მოიგო . ასეთივე შედეგი დაფიქსირდა გუშინწინდელ შეხვედრაშიც და ისევ იმერელთა სასარგებლოდ . ეს სტატისტიკა თავისთავად მრავლისმეტყველია ...
საერთოდ , გასული ჩემპიონატიდან მოყოლებული თემურ მახარაძეს იღბლიანი მწვრთნელის , " ზესტაფონს " კი იღბლიანი გუნდის სახელი აქვს დაგდებული . როგორც ჩანს , ფორტუნას ყვირილისპირელთათვის მიმდინარე ჩემპიონატშიც არ შეუქცევია ზურგი . ლოგიკური ფრაზა : " უმართლებთ მხოლოდ ძლიერებს ", გუშინწინდელი მატჩის ფონზე ალოგიკური ჩანდა . " დინამო " მეტოქეზე აშკარად ძლიერად გამოიყურებოდა . ტურის ცენტრალური შეხვედრის 90 წუთმა ერთი სცენარით ჩაიარა - " დინამო " უტევდა , " ზესტაფონი " თავს იცავდა . ეგაა , პირველ ტაიმში თბილისელები უფრო მწვავედ თამაშობდნენ და ისეთ მომენტებს ანიავებდნენ , კაცი იფიქრებდა , ზესტაფონელთა კარს უკან უხილავი შამანი დგას და დინამოელ თავდამსხმელებს აჯადოებსო .
მეორე ნახევარში ჩემპიონებს დაღლა დაეტყოთ და მათი შეტევები ქაოტური ხასიათის გახდა . სანაცვლოდ " ზესტაფონი " გამოფხიზლდა და ორი შანსიდან ერთი გოლად აქცია . გოლად , რომლის ნახვაც ერთ სიამოვნებად ღირდა და რომლის შექმნაშიც ნუდნისთან ერთად , მამაზეციერის თუ არა , ფორტუნას ხელი ნამდვილად კი ერია ... თუმცა ამაზე ქვემოთ გიამბობთ .
შეხვედრა საშუალო ტემპში დაიწყო . " დინამოს " უპირატესობა თავიდანვე გამოიკვეთა და პირველი დარტყმაც თბილისელებმა შეასრულეს . მე -4 წუთზე კანდელაკმა მეგრელაძე მოძებნა . ფორვარდმა მცველებთან ჭიდილში ბურთი მკერდით გაისწორა და კარგადაც დაარტყა , მაგრამ ქვაჩახიამ კუთხურზე მოიგერია . ცოტა ხანში ზესტაფონელთა მეკარემ ნოზაძისა და ოდიკაძის შეტევებიც გააუვნებელყო . მე -12 წუთზე ბაბუნაშვილს ანგარიშის გახსნა შეეძლო . მან ორ მეტოქეს გვერდი კარგად აუარა , საჯარიმოში შეიჭრა და დაახლოებით 15 მეტრიდან ძლიერად დაარტყა . ამ ეპიზოდში ქვაჩახია უძლური იყო , მაგრამ იმერლები ძელმა იხსნა . ცოტა ხანში " ზესტაფონი " გაშვებულ გოლს კიდევ ერთხელ სასწაულებრივად გადაურჩა . მელქაძის დარტყმა მცველებმა უხეიროდ მოიგერიეს . ბურთი მარჯვნივ , კარიდან სამიოდე მეტრში მყოფ ოდიკაძეს მიუვიდა . დათომ მახვილი კუთხიდან , მაგრამ ძალიან ახლოდან დაარტყა . გოლი გარდაუვალი ჩანდა , მაგრამ ჰოი , საოცრებავ ... ბურთმა ჯერ მთელი კარის ხაზი საოცარი სიზუსტით გადაკვეთა , შემდეგ ძელსაც გაეხახუნა და ნაცვლად იმისა , რომ კარში შევარდნილიყო , ბზრიალ - ბზრიალით კარის უკან აღმოჩნდა . დინამოელებმა ხელები თავში წაიშინეს ... ცალკარა ამის შემდეგაც გაგრძელდა . მე -19 წუთზე ქვაჩახია ერთმანეთის მიყოლებით მახარაძისა და ბაბუნაშვილის დარტყმებს იგერიებს .
ცოტა ხანში გოლის გატანის შანსი მეგრელაძეს მიეცა . მარჯვენა ფლანგზე ოდიკაძემ იაქტიურა და ჭკვიანური გადაცემით მეგრელაძე მეკარეს შეატოვა , ფორვარდის ბურთზე ერთი შეხება კმაროდა და გოლი იყო , მაგრამ გიას ბურთი ფეხებში აებლანდა . ტაიმის ბოლოს " ზესტაფონი " კიდევ ორჯერ გადარჩა . 41- წუთზე ოდიკაძემ კარგი პოზიციიდან ააცილა . ცოტა ხანში კი ძამსაშვილმა კინაღამ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი .
ალბათ , იკითხავთ რას აკეთებდნენ პირველი ტაიმის განმავლობაში ზესტაფონელები ? სახეიროს არაფერს . მათ დინამოელთა კარისაკენ ერთადერთხელ გაიხედეს , როცა ჩხეტიანის დარტყმა სტურუას იოლი ნადავლი აღმოჩნდა .
მეორე ნახევარში ფეროელებმა თამაში გამოასწორეს . ეს უპირველესად მწვრთნელის დამსახურებაა , რომელმაც დროული და ზუსტი შეცვლები განახორციელა . ჯერ კიდევ პირველი ტაიმის ბოლოს , მან საოცრად სუსტად მოთამაშე პარამონოვი კვერნაძით შეცვალა , შემდეგ კი მოედანზე ნუდნი და ნოზაძე გაიყვანა . სწორედ ამ ფეხბურთელების გამოისობით ზესტაფონელებმა ტემპს უმატეს და სტურუასაც უფრო ხშირად აწუხებდნენ . თუმცა ისიც სათქმელია , რომ გოლამდე ზესტაფონელებს სხვა რეალური მომენტი არ ჰქონიათ . " დინამომ " კი რამდენიმე კარგი ეპიზოდი კვლავ , რიონს თუ ყვირილას გაატანა . 55- წუთზე ოდიკაძემ მეგრელაძეს ბურთი თავზე დაასვა . გია კართან ახლოს იდგა და შეეძლო თავადაც დაერტყა , მაგრამ შეცვლაზე შესულ იაშვილს უპასა , ამ უკანასკნელს კი ხიდაშელმა არ დაანება დარტყმა . თბილისელები ამის შემდეგაც უტევდნენ და მომენტებიც ჰქონდათ , მაგრამ ... " ზესტაფონის " კართან გოლი კი არ დამწიფდა , არამედ გადამწიფდა . გადამწიფებულ ნაყოფს კი რაც მოსდის , ყველამ კარგად იცით ...
74- ე წუთი მიმდინარეობდა . ზესტაფონელებმა იშვიათი შეტევა წამოიწყეს . ბექა ნოზაძემ ბურთი მეტოქის საჯარიმოში ჩააგდო . დინამოელები დაცვაში მრავლად იყვნენ გამაგრებული და ხიფათიც არსაიდან ჩანდა . თუმცა ... მიწიდან ასხლეტილი ბურთი ნუდნიმ მკერდით აიგდო , მთელი ტანით აჰყვა და ულამაზესი მაკრატელა დარტყმით ბურთი ცხრიანში მოათავსა . სტურუა კი გადახტა , მაგრამ მეკარე კი არა ასეთ დარტყმას ეშმაკი ვერ მოიგერიებდა . იშვიათი სილამაზის გოლი გამოვიდა , რომლის ავტორობაზე უარს თვით რონალდინიო და ზიდანიც არ იტყოდნენ . ამ ეპიზოდში ორბელაძეს უკეთ თამაში მართებდა . დინამოს მცველმა , რომელიც ნუდნის შეჩერებას ცდილობდა , მოლდოველ ლეგიონერს თავისუფლად მოძრაობის საშუალება მისცა და ამ უკანასკნელმაც საქმე ხუთიანზე გააკეთა . ბურთი იქ გააძვრინა სადაც გატანის ერთადერთი შანსი ჰქონდა - 1:0
საოცარია , მაგრამ ფაქტია , საქართველოს ჩემპიონი ნაცვლად იმისა , რომ გონზე დროულად მოგებულიყო და თამაში გადაერჩინა , გაშვებული გოლის შემდეგ მთლიანად დაიბნა . დინამოელები გადაღლილები ჩანდნენ და შეცდომებსაც უხშირეს . მათ ქაოტურ შეტევებს ქვაჩახიას კართან ხიფათი აღარ მოჰყოლია . სანაცვლოდ " ზესტაფონს " შეეძლო ანგარიშის გაზრდა . კვერნაძემ იმედაძეს მიაწოდა , ამისულაშვილი შეცდა და ზესტაფონელი ფორვარდი სტურუას პირისპირ შეატოვა . იმედაძემ ძლიერად კი დაარტყა , მაგრამ მეკარეს ვერ ააცილა . ამის შემდეგ აღსანიშნავი აღარაფერი მომხდარა . " ზესტაფონმა " ფორტუნას , ნუდნისა და თავად დინამოელების წყალობით მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
მატჩის შემდეგ:
ემოციური იყო კახა ცხადაძის მატჩისშემდგომი კომენტარი : " მეორე მატჩია უამრავ საგოლე მომენტს ვერ ვიყენებთ , რის გამოც დღეს დავისაჯეთ კიდეც . მთელი შეხვედრის განმავლობაში მეტოქე ყველა ასპექტში დავჯაბნეთ , პირველ ნახევარში " ზესტაფონი " ჩვენს ნახევარზე საერთოდ არ გადმოსულა , მეორე ტაიმში ტერიტორიულ უპირატესობას კი ფლობდნენ , მაგრამ რეალური საგოლე მომენტი არ შეუქმნიათ . არაერთი გოლის გატანა შეგვეძლო ... წარმოუდგენელია , ამდენი მომენტიდან ჩვენმა თავდამსხმელებმა ერთი როგორ ვერ გამოიყენეს . თამაშიდან გამომდინარე , ალოგიკური შედეგი დაფიქსირდა . მრცხვენია , რომ ეს თამაში წავაგეთ , მაგრამ ჭკუის სასწავლებელი იქნება . გუნდის ხელმძღვანელობის წინაშე დავაყენებ საკითხს , რომ ფეხბურთელები მკაცრად დაისაჯონ . " დინამო " ასეთ თამაშებს არ უნდა აგებდეს ."
თემურ მახარაძე : " პირველ ნახევარში ფეხბურთელებმა ჩემი დავალების შესრულება ვერ შეძლეს . სეზონი ახალი დაწყებულია და " ზესტაფონი " ოპტიმალურ ფორმაში ჯერ კიდევ არ არის . ჩვენგან განსხვავებით " დინამოს " ეს პრობლემა არ აწუასებზე " ლევადიასთან " და " ბრონდბიუსთან " პაექრობა მოასწრეს და უკეთეს კონდიციებში არიან . მიუხედავად ამისა , დროული შეცვლებით მეორე ტაიმში თამაში გამოვასწორეთ და გოლის გატანაც მოვახერხეთ . საფეხბურთო ლოგიკაა ასეთი : არ გაიტან , გაგიტანენ . " დინამოს " დამარცხება იოლი საქმე არ არის და მიხარია , რომ ჩვენ ეს მოვახერხეთ ." |