2007 წლის 24 ოქტომბერს გაიმართა დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული ”ყაზბეგი”-ს თასის გათამაშების ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” გორში ესტუმრა ადგილობრივ საფეხბურთო კლუბ ”დილა”-ს და დაუზავდა მას ანგარიშით 1-1 .
შეხვედრა ზესტაფონელთა აშკარა უპირატესობით დაიწყო, სტუმრები ქმნიდნენ სახიფათო მომენტებს თამაზ ილურიძის კართან. ზესტაფონელთა უპირატესობამ ნაყოფი პირველი ტაიმის 23-ე წუთზე გამოიღო - ეტიენ ბიტო’ოს სახიფათო გარღვევა მასპინძელთა მცველებმა წესების დარღვევით შეაჩერეს და 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა გოლად ბექა გოცირიძემ აქცია.
მატჩის მეორე ნახევარში კი მასპინძლებმა შეძლეს ტერიტორიული უპირატესობის მოპოვება და რამოდენიმეჯერ სახიფათოდ დაემუქრნენ ეროვნული ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერის კარს, თუმცა დასკვნით სტადიაში მასპინძელთა თავდამსხმელები ხშირად სცოდავდნენ. და მაინც, გორელთა აქტიურობამ შედეგი მოიტანა - მე-80-ე წუთზე, სტუმართა დაცვის პოზიციური შეცდომის შემდეგ, დავით ხანიშვილი აღმოჩნდა გრიგოლ ჭანტურიასთან პირისპირ და ანგარიში საყაიმო გახადა.
საინტერესოა ისიც, რომ ეს პირველი შემთხვევაა საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-სა და გორის ”დილა”-ს ურთიერთშეხვედრების სამწლიან ისტორიაში, როდესაც გორელებმა მინდორი დაუმარცხებლად დატოვეს.