21.10.2007

 

ზესტაფონელთათვის იღბლიანი თბილისობა.

 

2007 წლის 21 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს მეცხრამეტე ეროვნული ჩემპიონატის მეცხრე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” თბილისში ესტუმრა ადგილობრივ საფეხბურთო კლუბ ”მერან”-ს და დაამარცხა იგი ანგარიშით 1-0.

ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერთან სამატჩოდ საგანგებოდ მომზადებულ და მეტად მოტივირებულ მერანელებთან შეხვედრა ზესტაფონელთათვის მოლოდინისამებრ ძალიან რთული გამოდგა.

მიუხედავად იმისა, რომ სტუმრები ფლობდნენ სათამაშო ინიციატივას, შეხვედრის პირველი ნახევარი მეტად უინტერესო საცქერი გამოდგა. მეორე ტაიმი ზესტაფონელებმა უფრო აგრესიულად ჩაატარეს, რამაც განაპირობა სახიფათო მომენტების სიმრავლე მასპინძელთა კართან, თუმცა, ჩემპიონატის ლიდერობის პრეტენდენტმა მარგველებმა ვერ შეძლეს რამოდენიმე რეალური მომენტის რეალიზება. ამას ემატებოდა ის გარემოებაც, რომ მერანელებმა ერთგვარი რეკორდიც კი დაამყარეს ტრავმირებული თუ შეუძლოდ გამხდარი ფეხბურთელების რაოდენობით, რომლებიც მოედანზე ექიმთა შემოსვლასა და "მოშველებას" მოითხოვდნენ.

ყველაფრის ამის ფონზე, ყველას მშველელად უბერებელი ზურაბ იონანიძე მოევლინა. ეროვნულ ჩემპიონატებში გატანილი გოლების რაოდენობის მიხედვით საქართველოს ერთპიროვნულმა რეკორდსმენმა მატჩის მესამე დამატებულ წუთზე თავის მონაგარს 204 -ე (!!!) გოლი შესძინა, საკუთარ კლუბს კი გამარჯვება მოუტანა. ამ გამარჯვებით იმერლებმა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში ერთპიროვნული ლიდერის სტატუსი დაისაკუთრეს.

 

21/10/2007- ”მერანი” (თბილისი)- ”ზესტაფონი” 0-1

დაწვრილებით:

სკ. ”ზესტაფონი”-ს პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005