ჭაბუკთა ლიგის გათამაშების პირველი წრის შედეგები .
2007 წლის 16 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ჭაბუკთა ლიგის მეშვიდე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს 1990 წელს დაბადებულ ჭაბუკთა გუნდმა სტუმრად დაამარცხა ცხინვალის ”სპარტაკი”-ს გუნდი ანგარიშით 2-0 და კვლავაც ინარჩუნებს ერთპიროვნული ლიდერის პოზიციას.
როგორც მოგეხსენებათ, ჭაბუკთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მონაწილე გუნდები დაყოფილნი არიან სამ გეოგრაფიულ ზონად. ზესტაფონელი ახალგაზრდები (სამივე ასაკობრივ კატეგორიაში) ბათუმელ, ბორჯომელ, ქუთაისელ, ცხინვალელ, ზუგდიდელ, გორელ და ახალციხელ თანატოლებთან ერთად ასპარეზობენ ჭაბუკთა ლიგის დასავლეთის ზონაში. გაზაფხულზე გასამართ ფინალურ ეტაპზე კი სამივე ზონალური ტურნირის საუკეთესო გუნდები იასპარეზებენ.
ზესტაფონელთა 1990 წელს დაბადებულ ჭაბუკთა გუნდმა (მწვრთნელი - გურამ მაზმიშვილი) საკმაოდ ძლიერად ჩაატარა ჭაბუკთა ლიგის მიმდინარე გათამაშების პირველი წრე - 7 გამართული მატჩიდან იმერლებმა ექვსში იზეიმეს გამარჯვება და დამარცხდნენ მხოლოდ ერთ შეხვედრაში ( სტუმრად თბილისში ს. კ. ”ბორჯომი”-ს სახელით მოასპარეზე ერთ-ერთ თბილისურ გუნდთან). შთამბეჭდავად გამოიყურება 17-წლამდელთა გუნდის ბურთების სხვაობაც - მეტოქეთა კარი მათ 18-ჯერ დალაშქრეს, საკუთარ კარში კი 5 ბურთი მიიღეს.
უფროსი მეგობრების მარჯვე სტარტს არც 1991 წელს დაბადებულ ჭაბუკთა გუნდი (მწვრთნელი - ზურაბ ბოჭორიშვილი ) ჩამორჩება. 16-წლამდელებმა სასტარტო 7 შეხვედრაში გაიმარჯვეს ხუთში, ხოლო ორი ფრედ დაასრულეს. პირველი წრის დასრულების შემდეგ, ზესტაფონელი 1991-იანები, ბათუმელ თანატოლებთან ერთად, პირველ-მეორე ადგილებს ინაწილებენ.
რაც შეეხება 1992 წელს დაბადებულ ჭაბუკთა გუნდს (მწვრთნელი - გურამ მაზმიშვილი), მიუხედავად იმისა, რომ მათთვის ეს სადებიუტო სეზონია ასეთ სერიოზულ დონეზე, ისინი 9 ქულით (2 გამარჯვება, 3 ფრე, 2 წაგება, ბურთები 14-10) საპატიო მეოთხე ადგილზე არიან დამკვიდრებულნი და კვლავაც განაგრძობენ ბრძოლას ჭაბუკთა ლიგის გათამაშების ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად.
იხილეთ ინფორმაცია ჭაბუკთა ლიგაში მოასპარეზე ს.კ. ”ზესტაფონი”-ს გუნდების შესახებ
|