04.10.2007

 

ინტერვიუ გიორგი ჭელიძესთან.

 

 

გასულ სეზონში ”ზესტაფონი”-ს ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი გიორგი ჭელიძე (”ჭელო”) იყო. ის იმერული კლუბის რიგებში სტაბილურად თამაშობდა, თუმცა მას შემდეგ, რაც მიმდინარე სეზონის დაწყებამდე თურქულ შეკრებაზე არ წაიყვანეს, ჭელიძესთან დაკავშირებით არაერთი მითქმა-მოთქმა გავრცელდა. ბევრმა მისი ზესტაფონური კარიერა დასრულებულადაც ჩათვალა... თუმცა ოფიციალური ვერსია ასეთი იყო- ჭელიძე მუხლის ტრავმას იშუშებს და მოედანს მალე დაუბრუნდებაო. როგორც ჩანს, გიორგისთვის უთანხმოებისა თუ ტრავმიანობის პერიოდი უკვე დასრულებულია. სამშაბათს ”მგლებ”-თან სათასო დაპირისპირებაში ითამაშა და მატჩის ბოლოს გოლიც გაიტანა ...

 

- ”ტობოლ”-თან მატჩის შემდეგ აღარ გითამაშია... რამდენად მნიშვნელოვანი იყო შენთვის ”მგლებ”-თან შეხვედრა?

 

- მიხარია, რომ მინდორს დავუბრუნდი. ძალიან მონდომებული ვიყავი და ეს შეხვედრაშიც გამოჩნდა. ოპტიმალური ფორმისგან ჯერ შორს ვარ, მაგრამ ნელ-ნელა კონდიციებს აღვიდგენ და უკეთ ავთამაშდები.

 

- როგორც ჩანს, შენს მიერ ჩატარებული პირველი მატჩით კმაყოფილი დარჩი?

 

- რა თქმა უნდა, გუნდმა კარგად ითამაშა და ლამაზი გამარჯვება მოიპოვა. 6-3 ხომ ყველა შეხვედრაში არ ფიქსირდება. გულშემატკივრებმა იხალისეს. ვცდილობდი, კარგად მეთამაშა და გუნდისთვის გამოსადეგი ვყოფილიყავი. გოლის გატანაც მოვახერხე. ეს ჩემთვის კარგი სტიმულია.

 

- დიდი ხანი არ ჩანდი. ხმები გავრცელდა, რომ ”ზესტაფონ”-ში აღარ ირიცხებოდი. საინტერესოა, სინამდვილეში რა მოხდა ...

- ისეთი არაფერი მომხდარა. იყო რაღაც უმნიშვნელო პრობლემა, რომელიც ძალიან გაიბერა. ყველაფერი უკვე წარსულს ჩაბარდა, წინააღმდეგ შემთხვევაში გუნდში არ ვიქნებოდი. უთამაშებლობის მიზეზი კი ნამდვილად ტრავმა იყო. მუხლი ძალიან მაწუხებდა. ახლა ყველაფერი რიგზეა.

- ”ზესტაფონ”-ში კონკურენცია ძალიან გაიზარდა. არ დაფიქრებულხარ, რომ, შესაძლოა, ძირითად შემადგემლობაში ადგილის დაბრუნება გაგიჭირდეს?

- ყოველთვის კარგია, როცა გუნდში დიდი კონკურენცია არსებობს. მწვრთნელს მეტი არჩევანი აქვს, ფეხბურთელებს კი გრძელი სეზონის განმავლობაში ძალების გადანაწილების საშუალება აქვთ. როცა გუნდში ბევრი კარგი ფეხბურთელი იყრის თავს, შედეგი არ აყოვნებს და თამაშის ხარისხიც უკეთესი ხდება. ჩემპიონატში და თასზე მაქსიმალურ მიზნებს ვისახავთ და ამ ვითარებაში გრძელი სათადარიგოთა სკამი ძალიან მნიშვნელოვანია. კონკურენცია არ მაშინებს, ვფიქრობ, შანსი ბევრჯერ მომეცემა და შევეცდები, რომ გამოვიყენო.

- გასულ წელს ძირითადად ორ პოზიციაზე, ცენტრალურ და მარჯვენა ნახევარმცველად გიწევდა თამაში, ერთი-ორჯერ თავდასხმაშიც გაგამწესეს. წლევანდელ ”ზესტაფონ”-ში რომელ ამპლუაში ხედავ შენს თავს?

- სხვადასხვა პოზიციაზე შემიძლია თამაში, გააჩნია მწვრთნელი რა დავალებებს მომცემს. ეს ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს.

- ”ზესტაფონ”-ში უკვე ორი გიორგი ჭელიძე ხართ ...

- მერე და ამას რა ჯობია. ორი კი არა, მეტი უნდა ვიყოთ. ადრე ”თბილის”-ში ოთხი ჭელიძე ვიყავით, ჩემსა და ”პაჭელო”-ს გარდა, იქ ჩვენი ძმებიც თამაშობდნენ. კარგი დრო იყო... გიორგიმ (”პაჭელო”-მ) ”ზესტაფონი” მნიშვნელოვნად გააძლიერა. მისი დამსახურებაცაა გუნდი თავდასხმაში ასეთი ნაყოფიერი რომ არის. საერთოდაც, წლეულს ”ზესტაფონი” გაცილებით უფრო შემტევ ფეხბურთს აჩვენებს, ვიდრე გასული სამი წლის განმავლობაში.

- მომავალ ტურში ”ბორჯომ”-თან პრინციპული შეხვედრა გაქვთ ...

- ”ბორჯომი” ძლიერი გუნდია და მის დასამარცხებლად მაქსიმალური მობილიზება დაგვჭირდება. ძალზედ სერიოზული თამაშია. ეს შეხვედრა ბევრ რამეს გადაწყვეტს. ვიქნები თუ არა ძირითად შემადგენლობაში, ამას მწვრთნელი გადაწყვეტს. თამაშის შესაძლებლებლობა თუ მომეცემა, თავს არ დავზოგავ.

 

გაზეთი ”ლელო”
   
FC ZESTAFONI © 2005