ინტერვიუ ეტიენ ბიტო’ოსთან.
მინდა, ოვონოსაც გავუტანო.
ცოტა ხნის წინ ”ზესტაფონ”-ს კიდევ ერთი ლეგიონერი, გაბონელი ეტიენ ბიტო’ო შეემატა. მან უკვე სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლის გატანაც მოასწრო. ”ზესტაფონი”-ს ბოლნისში სტუმრობისას ”ლელო” იმერული კლუბის ახალწვეულს გაესაუბრა.
-27 წლის ფორვარდი ვარ. სულ რამდენიმე კვირაა, რაც ჩემი ქართული კარიერა დაიწყო. დღეს პირველად ვითამაშე სრულად, მანამდე მხოლოდ შეცვლაზე შევდიოდი.
- თუმცა წინა ტურში, ”ოლიმპ”-თან მატჩში ერთ-ერთი გამორჩეული იყავი...
- მნიშვნელოვანი მატჩი გვქონდა და არა მარტო მე, არამედ მთელი გუნდი მობილიზებული ვიყავით. როგორც მითხრეს, ”ოლიმპი” მოქმედი ჩემპიონია. ასე რომ, მოტივაცია არც მე მაკლდა. მაქსიმალურად შევეცადე, მეტი სარგებელი მომეტანა გუნდისთვის. საკუთარ თავზე საუბარი არ მიყვარს და ჩემი თამაშის შეფასებაც მწვრთნელებისა და გულშემატკივრებისათვის მიმინდვია.
- ”სიონ”-თან ბოლოს ჩატარებულ შეხვედრაზე რისი თქმა შეგიძლია?
- დაძაბული მატჩი გამოდგა. თამაშის წინა დღეს თანაგუნდელებმა აქაური ჩემპიონატის შესახებ გარკვეული სიახლეები მითხრეს და მობილიზებაში ესეც დამეხმარა.
- კონკრეტულად რა?
- ის, რომ საქართველოს რამდენიმე ქალაქიდან ყოველთვის ძნელია ქულების წამოღება. ბოლნისიც ასეთ ქალაქთა რიცხვში ყოფილა. მითხრეს ისიც, რომ ორი წლის წინათ ქვეყნის ჩემპიონი იყო, ახლაც ამბიციური გუნდია, ერთგული ფანები მრავლად ჰყავს და საშინაო მატჩებში უფრო უკეთ თამასობსო.
- ”ზესტაფონ”-ში სამი მატჩი ჩაატარე და ერთი გოლი გაიტანე. ალბათ, ამ მაჩვენებლის გაზრდაზეც იზრუნებ ...
- ფორვარდი ვარ და, რაღა თქმა უნდა, ყველა თამაშში გოლის გატანაზე ვფიქრობ. თუმცა, ყველა შეტევა გოლით არ მთავრდება. ჯერჯერობით ერთი გოლი მაქვს გატანილი, ისიც თასზე. ჩემპიონატშიც მალე გავიტან.
- ზესტაფონში ადაპტაცია ხომ არ გაგჭირვებია?
- არა, არანაირად. ზესტაფონი პატარა, მაგრამ კარგი ქალაქია. რაც მთავარია, თბილი და კეთილი ხალხი ცხოვრობს. უცხო გარემოში მოხვედრისას კი, დამეთანხმებით, ეს მთავარი ფაქტორია. ზესტაფონში თავს ჩინებულად ვგრძნობ.
- ენობრივ ბარიერზე რას იტყოდი?
- ფრანგულად გამართულად ვსაუბრობ, მაგრამ ინგლისურში მოვიკოჭლებ. ენობრივი ბარიერი ცოტათი ხელს კი მიშლის, მაგრამ ქართულად რამდენიმე იმ სიტყვასაც მალე ვისწავლი, რომელიც ხშირად მჭირდება და ეს პრობლემაც მოიხსნება.
- ახალ გუნდზე რა წარმოდგენა შეგექმნა ?
- კარგი გუნდი გვყავს. ჩემს გარდა კიდევ რამდენიმე ლეგიონერია. სათადარიგოთა სკამიც გრძელი გვყავს. ყველა პოზიციაზე დიდი კონკურენციაა. ჩემპიონობისათვის ვიბრძვით და ვფიქრობ, ამას შევძლებთ კიდეც.
- ”ზესტაფონ”-ამდე სად თამაშობდი?
- სამშობლოში, გაბონის უმაღლესი ლიგის კლუბ ”სანსენ”-ში (FC "105") გამოვდიოდი. სწორედ ამ გუნდში თამაშობდნენ პოლ კესანი და მეკარე დიდიე ოვონო.
- ამ კლუბის პრეზიდენტი მართლა გაბონის შინაგან საქმეთა მინისტრია?
- დიახ, საიდან იცით?
- გავიგეთ. ისიც შევიტყვეთ, რომ კლუბის პრეზიდენტს არ ეთმობოდი და შენი საქართველოში ჩამოსვლა ამიტომ დააგვიანა. ასე არაა?
- დიახ (იცინის), კლუბის პრეზიდენტს დიდი სიმპათია ჰქონდა ჩემდამი. მას არ უნდოდა ”სანსენი” დამეტოვებინა... თუმცა, მერე მიხვდა, რომ სხვა გზა არ ჰქონდა.
- ეროვნულ ნაკრებში რამდენიმე ათეული მატჩი გქონია ჩატარებული ...
- ზუსტად არც მახსოვს, 55 თუ 56 მატჩში ვითამაშე და 19 ბურთი მაქვს გატანილი.
- ზემოთ მითხარი, ჩემპიონობისათვის ვიბრძვითო. თქვენი მთავარი კონკურენტი თბილისის ”დინამო”-ა. ამ გუნდში კი შენი თანამემამულეები დიდიე ოვონო და ჟორჟ აკირემი ასპარეზობენ ...
- დიახ, ვიცი. ისინი ჩემი მეგობრები არიან, მაგრამ მოედანზე ჩვენ მეტოქეები ვართ. ვეცდები, ოვონოს გოლი გავუტანო. კარგად ვიცი ”დინამო”-ს კარში გატანილი გოლის მნიშვნელობა. ასე რომ, ცდას არ დავაკლებ. |