2007 წლის 28 სექტემბერს გაიმართა საქართველოს მეცხრამეტე ეროვნული ჩემპიონატის მეშვიდე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ბოლნისში ესტუმრა ადგილობრივ საფეხბურთო კლუბ ”სიონ”-ს და დაამარცხა იგი ანგარიშით 2-0.
2006 წლის ქვეყნის ჩემპიონთან შეხვედრის საწყისი წუთები ინიციატივის მოსაპოვებლად დაძაბულ ბრძოლაში გაილია. პირველი ტაიმის ბოლოსკენ კი გამიკვეთა სტუმართა ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობა, რამაც მატჩის 37-ე წუთისთვის პირველი შედეგიც მოიტანა - ზესტაფონელთა ლეგიონერის ჟონატას ოლივეირა ტორესის წაქცევისათვის დანიშნული 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა გოლად ედიკ საჯაიამ აქცია.
შეხვედრის მეორე ნახევარი ზესტაფონელთა კარნახით წარიმართა. სტუმრები მომენტებსაც მრავლად ქმნიდნენ - გოლის გატანის რეალური შესაძლებლობები ჰქონდათ ჟონატას ტორესს, გიორგი ჭელიძესა და ეტიენ ბიტო’ოს, თუმცა მასპინძელთა მეკარის ზვიად სტურუას დამწუხრება მხოლოდ ერთჯერ შეძლეს - საბოლოო წერტილი შეხვედრის 61-ე წუთზე - გიორგი ჭელიძემ დასვა - სტუმართა დამსახურებული გამარჯვება 2-0.
საინტერესოა ის გარემოება, რომ გიორგი ჭელიძის მიერ გატანილი ბურთი გახლავთ მე-600 გოლი, რომელიც გაუტანიათ ქალაქ ზესტაფონის გუნდების ( ს.კ. ”მარგვეთი”, ს.კ. ”მეტალურგი”, ს.კ. ”ზესტაფონი”) ფეხბურთელებს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატების უმაღლეს ლიგაში 1991-დან 2007 წლამდე პერიოდში.