ამერი - ზესტაფონი 2:0...

ჩემპიონატის პირველ ტურთან შედარებით , მეტოქეებმა ძირითად შემადგენლობაში თითო ცვლილება შეიტანეს : " ამერში " საყრდენი ნახევარმცველის პოზიცია დობროვოლსკიმ დაიკავა , ხოლო ზესტაფონელთა რიგებში მცველი ფეზუაშვილი გამოჩნდა . თავიდანვე ვიტყვით , რომ თბილისელების ცვლილებამ აშკარად გაამართლა.

იმერლებმა კი, იგრძნეს რა თავისი შეცდომა, მატჩის სადებიუტო ნაწილშივე გამოცვალეს ფეხბურთელი.

თბილისელების მთავარი იარაღი ამ მატჩში , პაპანაქება სიცხის მიუხედავად , სისწრაფე იყო . სანამ ისინი საშუალო ტემპში ათამაშებდნენ კომბინაციებს , მეტოქე არათუ უძალიანდებოდა , კონტრიერიშებზეც ფიქრობდა . აი , შესვენების შემდეგ კი , ჩართეს თუ არა მასპინძლებმა დამატებითი სიჩქარეები , იმერელთა რიგები სულ აირია . სწორედ ამ დროს გაიტანეს დედაქალაქელებმა გოლები .

ჯერ იყო და , კუთხურის ჩამოწოდების შემდეგ აშკარად შეცდნენ სტუმართა გუნდის მცველები , რომლებმაც თამაშის წესები დაარღვიეს . საჯარიმო დარტყმა დეკანოსიძემ შეასრულა და მეკარე ქვაჩახიას ბურთის მოსაგერიებლად მთელი თავისი ოსტატობის გამოვლენა მოუხდა . ამით ხიფათი არ შენელებულა : იმავე დეკანოსიძემ ოსტატურად ჩამოაწოდა კუთხური და შორეულ ძელთან მდგომმა ტანმაღალმა ხვადაგიანმა მძლავრი თავურით ეფექტური გოლი გაიატანა

უფრო ლამაზი და ეფექტური კოშკაძის გოლი გამოდგა . როგორც ეტყობა , მარცხენა ფლანგზე მოქმედმა კოშკაძემ და ბერიანიძემ ეს კომბინაცია ვარჯიშებზე კარგად დაამუშავეს : ისინი ერთი შეხებით კედელს ათამაშებენ ერთმანეთში , საბოლოო დარტყმის უფლება კი კოშკაძეს ეძლევა . განვლილ მატჩში ასეთი კომბინაცია სამჯერ გათამაშდა : ერთხელ ბურთი ზესტაფონელთა კარის " ცხრიანში " გაეხვია , ორჯერ კი სანტიმეტრებით ასცდა ძელს . კიდევ ერთხელ კოშკაძემ ინდივიდუალური გარღვევით და ძლიერი დარტყმით დაგვამახსოვრა თავი - ამჯერად ბურთმა კარის ძელი შეაზანზარა .

კოშკაძის გარდა , თბილისელთა გუნდში კაიდარაშვილს გამოვარჩევდით . ამ ფეხბურთელმა მეორე სართულზე , პრაქტიკულად , ყველა დუელი მოიგო , რამდენიმე ინდივიდუალური გარღვევაც განახორციელა . ისევე , როგორც " ამერის " მთავარმა მეგოლე სულიკო დავითაშვილმა - მართალია , ამჯერად მას ბურთი არ შეუგდია , მაგრამ მეტოქის კართან მუდმივი დაძაბულობის შექმნით , საერთო საქმეში თავისი წვლილი ნამდვილად შეიტანა .

ცოტაც ზესტაფონელებზე ვთქვათ . პირველი ტურის შემდეგ " სპორტმა " იმედი გამოთქვა , რომ დაძაბული სავარჯიშო პროცესის შემდეგ , გუნდს ბუნებრივი ჩავარდნა აქვს და მალე " ზესტაფონის " ფეხბურთელები ისევ მიაღწევდნენ თავის კონდიციებს ... ეტყობა , " აზრზე მოსვლის " ეს პროცესი იმერლებს მეტად გაუგრძელდათ ...

დაბოლოს , გუშინ ნამატჩევს , მსაჯთა კორპუსის წარმომადგენლებმა მოგვინახულეს და კოლეგისთვის დაბადების დღის მილოცვის გამოქვეყნება გვთხოვეს . სიამოვნებით ვასრულებთ მათ თხოვნას - ალექსანდრე შილაკაძე უკვე 43 წლის მოყრილა . სხვებთან ერთად , მილოცვებს " სპორტიც " უერთდება

www.sporti.ge

 

   
FC ZESTAFONI © 2005