26.09.2007

 

ინტერვიუ თემურ მახარაძესთან .

ჩვენი მიზანი ევროთასებზე ასპარეზობაა.

 

”ზესტაფონ”-მა მიმდინარე ჩემპიონატი კარგად დაიწყო და ექვსი ტურის შემდეგ მხოლოდ თბილისის ”დინამო”-ს ჩამორჩება. იმერლებმა სეზონის დასაწყისშივე განაცხადეს, რომ ისინი ჩემპიონობისა და თასისთვის იბრძოლებებდნენ. ბოლო პერიოდში გუნდს რამდენიმე ახალი ფეხბურთელი შეემატა, რომელთა მეშვეობითაც ისედაც ძლიერი შემადგენლობა კიდევ უფრო კონკურენტუნარიანი გახდა. იმერლებს საკმაოდ გრძელი და ძლიერი სათადარიგოთა სკამი აქვთ, რაც სეზონის განმავლობაში სტაბილურად გამოსვლის ერთ-ერთი წინაპირობაა. ”ოლიმპ”-თან გამარჯვების შემდეგ ”ლელო” ზესტაფონელთა მთავარ მწვრთნელ თემურ მახარაძეს გუნდში მიმდინარე მოვლენებზე გაესაუბრა.

-თავდაპირველად ”ოლიმპ”-თან გამართულ მატჩზე ვისაუბროთ, რუსთაველებთან სამი ქულის აღება ძალიან გაგიჭირდათ.

-საქართველოს მოქმედ ჩემპიონს ვხვდებოდით და თავიდანვე ვიცოდი, რომ რთული თამაში იქნებოდა. ”ოლიმპი” კარგი გუნდია, გამოცდილი ფეხბურთელები ჰყავს და მასთან მართლაც გაგვიჭირდა. ჩვენთვის განსაკუთრებით რთული პირველი ტაიმი გამოდგა. ფეხბურთელებმა დაკისრებულ მოვალეობას თავი ვერ გაართვეს, თუმცა მეორე ნახევარში ტაქტიკურ გადაადგილებებს მივმართე და ამან შედეგი გამოიღო. სტუმრებს ბოლო წუთებზე გატანილი გოლით მოვუგეთ. რაც მთავარია, მეტად მნიშვნელოვანი, საჭირო სამი ქულა ავიღეთ და წინ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით.

 

- თამაშში გარდატეხა შეცვლაზე შემოსულმა ფეხბურთელებმა შეიტანეს. იონანიძე და ფიფია ბრწყინვალედ ჩაერთვნენ თამაშში. ამ უკანასკნელმა დუბლიც შეასრულა. ხომ არ აჯობებდა, ისინი თავიდანვე ძირითადში ყოფილიყვნენ?

 

- იონანიძე ძალიან ეფექტურია შეცვლაზე თამაშის დროს. იგი ფიზიკურად ძლიერი ფორვარდია და მეტოქეს მცირეოდენ შეცდომასაც არ პატიობს. იმავეს თქმა შემიძლია ფიფიაზეც. ჩვენი ტაქტიკური ჩანაფიქრი იყო, რომ საჭიროების შემთხვევაში, თავდასხმის მობილიზება მოგვეხდინა და საბოლოოდ ამან გაამართლა კიდეც. სხვათაშორის, ეტიენ ბიტო’ოც კარგად შემოვიდა და თამაში გაამწვავა. ჯერ კიდევ ოპტიმალური შემადგენლობის ძიებაში ვართ და თავის გამოჩენის შანსი ყველას მიეცემა.

 

- გაბონელმა ეტიენ ბიტო’ომ უკვე 2 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რისი თქმა შეგიძლიათ ამ ფეხბურთელზე ?

 

- გამოცდილი ფორვარდია. გაბონის ნაკრების შემადგენლობაში 70 მატჩამდე აქვს ჩატარებული. თავისი გუნდის ბომბარდირიც იყო. მოკლედ, კარგი ფეხბურთელია. ახლა ადაპტაციის პერიოდი აქვს, თუმცა კოჭებში ეტყობა, რომ გუნდისთვის სარგებლის მოტანა შეუძლია.

 

- რამდენად კმაყოფილი ხართ არსებული კონტინგენტით. არის თუ არა ”ზესტაფონი” ოპტიმალურად დაკომპლექტებული?

- ჩვენ დაგვემატა 5-6 ახალი ფეხბურთელი, რომლებსაც მოსამზადებელი პერიოდი ჩვენთან ერთად არ გაუვლიათ. გუნდი შეთამაშების პროცესშია. პირველ წრეში ცოტათი გაგვიჭირდება, მეორეში კი ”ზესტაფონი” საკმაოდ სერიოზული ძალა იქნება. ასეთი კონკურენცია გუნდში აქამდე არასდროს ყოფილა. ახლა ყველა პოზიციაზე ორი თითქმის თანაბარი დონის ფეხბურთელი გვყავს, რაც გრძელი, დამქანცველი სეზონის განმავლობაში ძალიან დიდ როლს ითამაშებს. შეიძლება ითქვას, რომ გუნდი კარგად არის დაბალანსებული...

- გიორგი ჭელიძეს (”პაჭელოს”) ”ზესტაფონ”-თან იანვრამდე აქვს კონტრაქტი. იგი გუნდისთვის მეტად საჭირო ფეხბურთელად იქცა და თუ არის მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე საუბარი?

- ჯერ ვერ გეტყვით, ეს უკვე ურთიერთმოლაპარაკებაზეა დამოკიდებული. ჭელიძე ”ზესტაფონი” - სთვის მართლაც მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენს და დიდი სურვილი მაქვს, რომ იგი იანვრის შემდეგაც ჩვენს გუნდში ვიხილო.

- მეორე გიორგი ჭელიძე როდის დაუბრუნდება მინდორს?

- გიორგიმ საკმაოდ მძიმე ტრავმა გადაიტანა. კუნთი ჰქონდა გაწყვეტილი, თუმცა ახლა კარგად არის და ვარჯიშობს კიდეც. დაახლოებით 10 დღეში შემოგვიერთდება. მასზე დიდ იმედებს ვამყარებთ.

- რა ჩაითვლება ”ზესტაფონი”-სთვის სეზონის ბოლოს კარგ შედეგად ?

- ევროთასებზე მოხვედრა. რომელიმე ევროტურნირზე აუცილებლად უნდა ვითამაშოთ.

- ალბათ, ამჯერად ინტერტოტოს თასით არ დაკმაყოფილდებით ...

- რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგაზე ან უეფას თასზე გამოსვლა სჯობს და ჩვენ ამ მიზნენისთვის ვიბრძოლებთ. წლეულს ინტერტოტოს თასზე ასპარეზობით გამოცდილება შევიძინეთ, რაც სამომავლოდ დაგვეხმარება.

გაზეთი ”ლელო”
   
FC ZESTAFONI © 2005